პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველომ შემუშავებული პროგრამა წარმატებით დაასრულა.
ჩვენი ქვეყანა წელს საპატიო სტუმრის სტატუსით შეუერთდა ამ მეტად მნიშვნელოვან ფესტივალს.
გრან პალეში წარმოდგენილმა ეროვნულმა სტენდმა, რომელიც ალექსანდრე დიუმას ნაწარმოების -„მოგზაურობა კავკასიაში“ მოტივებზე აიგო, საერთაშორისო აუდიტორიას ქართული მწერლობის თექვსმეტსაუკუნოვანი ტრადიცია და 120-ზე მეტი ფრანგულენოვანი გამოცემა გააცნო.
პროგრამის დასკვნითი ნაწილი ქართველი შემოქმედი ქალების როლის წარმოჩენას დაეთმო. გაიმართა ნინო ხოფერიას ფილმის -„პარიზის ქართული აქცენტი“ პრეზენტაცია. ასევე გამომცემელმა შორენა შავერდაშვილმა წარადგინა წიგნი, რომელიც კოკო შანელის ქართველ მოდელებს მიეძღვნა.
მოგვიანებით ლიტერატურული პანელი დაეთმო თანამედროვე მწერლებს: ელა გოჩიაშვილს, ნინო სადღობელაშვილს და მანონ ბულისკერიას.
პოეტებმა კრებულიდან „12 ქალი პოეტი“, რომელიც „შორენა შავერდაშვილის გამომცემლობამ“ გამოსცა, წაიკითხეს საკუთარი ლექსები, ხოლო ფრანგული თარგმანები დამსწრე საზოგადოებას ფრანგმა მსახიობმა ტიმოთი ლაფონიმ გააცნო. ამ კრებულში ასევე შესულია თამარ არდიშვილის, ირმა ბერიძის, ნენე გიორგაძის, ნატა ვარადას, მარინა თექთუმანიძის, ლია სტურუას, ია სულაბერიძის, ირმა შიოლაშვილის და მარიამ წიკლაურის ლექსები.
პროგრამის ფარგლებში გაიმართა ელა გოჩიაშვილის პოეზიის კრებულის „ამბავი აღმოჩენისა“ წარდგენა (მთარგმნელი ბელა ხაბეიშვილი).
პარიზის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი დაიხურა კონცერტით - „ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართველმა მუსიკოსებმა: სოპრანო იანო ალიბეგაშვილმა, ბანმა გიორგი ანდღულაძემ, მევიოლინე ლელა მჭედლიძემ და მეკო ქავთარაძის ახალგაზრდულმა კაპელამ. საღამო მუსიკალურად გააფორმა პარიზის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ორკესტრმა მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.
კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი UNESCO-ში ირაკლი ყურაშვილი დაესწრნენ.
კონცერტს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წევრები და მაღალი რანგის სტუმრები.