საქართველოს მწერალთა სახლი წარმატებით აგრძელებს მონაწილეობას პარიზის წიგნის საერთაშორისო ფესტივალში.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, „მწერალთა სახლი“ პარიზის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ეროვნული სტენდით უკვე მესამედ წარდგა.
პარიზის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ქართულ სივრცეში გაიმართა ღონისძიებები: „მოგზაურობის ფენომენი ქართულ ლიტერატურაში, მოგზაურობის გზით შექმნილი ქართული იდენტობა“, რომლის მომხსენებელი იყო ბელა ხაბეიშვილი და „უწყვეტი ლიტერატურული ტრადიციის 1600 წელი, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელი“, რის შესახებაც ისაუბრა შორენა შავერდაშვილმა.
საქართველოს სტენდზე ასევე გაიმართა ,,თანამედროვე ქართული მოთხრობების“ ფრანგულენოვანი კრებულის პრეზენტაცია. მთარგმნელმა დალი იაშვილმა სტუმრებს წარუდგინა მოთხრობების კრებული, რომელშიც შესულია 10 თანამედროვე ქართველი მწერლის: კოტე ჯანდიერის, კახა მელითაურის, ირაკლი ჯავახაძის, რეზო თაბუკაშვილის, გელა ჩქვანავას, ბაჩო კვირტიას, ნინო სადღობელაშვილის, ნინო გუგეშაშვილის, ცირა ყურაშვილისა და ნინო ქადაგიძის მოთხრობები.
გაიმართა გოდერძი ჩოხელის ნაწარმოების ფრანგულ ენაზე თარგმნილი გამოცემის „წითელი მგელი“ წარდგენა.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე შედგა ღონისძიება „მოგზაურობა ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე“, სადაც წარმოდგენილი იყო ზურაბ კიკნაძის „ქართული მითოლოგიის ენციკლოპედია“.
სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ კინორეჟისორ მიხეილ კობახიძისადმი მიძღვნილ წიგნს − „ცხოვრება კინო არ არის“ და ფილმს „ავტოპორტრეტი“. ავტორი: ნინო ხოფერია.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „ვეფხისტყაოსნის“ ოთხი გამოცემის წარდგენას, მათ შორის 1912 წლის სამზითვო, მინიატიურულ და ხელნაწერ ვერსიებს.
წარდგენის პარალელურად, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ ფილმი, რომელშიც აღბეჭდილია ქართველი საზოგადო მოღვაწეების მიერ „ვეფხისტყაოსნის“ ხელით გადაწერის პროცესი.
ქართულ სტენდზე გაიმართა წიგნის „მე ვარ საქართველო, ქართული ფეხბურთის ლეგენდები“ პრეზენტაცია.
ქართველმა გამომცემლებმა წარადგინეს ახალი ფრანგულენოვანი გამოცემები.
გაიმართა ორი გამოცემის პრეზენტაცია:
რუსუდან გორგილაძის „კერძთაყვანისცემა“ (შორენა შავერდაშვილის გამომცემლობა, 2026);
შეფ-მზარეულ მაგდა გეგენავას „ქართული ნადიმები“ - წიგნი, რომელიც ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნებას ეძღვნება და მასში ქართული კერძების რეცეპტებია გაერთიანებული.
ქართულ სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული ქართული კერძები და ღვინო.
პარიზის წიგნის ფესტივალის პირველი დღე დავით ევგენიძის პოეზიისა და მუსიკის საღამომ დაასრულა.