გრან პალეში წიგნის ბაზრობა ოფიციალურად გაიხსნა

თარიღი : 17.04.2026

პარიზში, გრან პალეს (Grand Palais) საგამოფენო სივრცეში, წიგნის ბაზრობა დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
ეროვნული სტენდი გახსნეს საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში და საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა UNESCO-ში ირაკლი ყურაშვილმა.
წელს საქართველო ამ უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ ფორუმს სლოგანით - „იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად“ შეუერთდა.
წლევანდელ ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი.
გრან პალეში ეროვნულ სტენდზე მწერალთა სახლი წარმოდგენილია მრავალფეროვანი ლიტერატურული და კულტურული პროგრამით, ფრანგულ ენაზე თარგმნილი 120-ზე მეტი გამოცემით და 10-მდე გამომცემლობით.
გახსნის საზეიმო ცერემონიის შემდეგ, ფრანგმა მსახიობმა ჟიულიენ რენონმა წაიკითხა ამონარიდები ალექსანდრე დიუმას ცნობილი წიგნიდან „მოგზაურობა კავკასიაში“ საქართველოსა და ქართველების შესახებ.
სტენდზე მოსულ ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართული ანბანით საკუთარი ხელით შეექმნათ სამახსოვრო ბარათები, რომლებიც მათ საჩუქრად გადაეცათ.
წლევანდელი სტენდის კონცეფცია მთლიანად ალექსანდრე დიუმას „მოგზაურობა კავკასიაში“ მოტივებზეა აგებული.
ფესტივალის განმავლობაში, ცნობილი ფრანგი მწერალი ერთგვარი გზამკვლევის როლს შეასრულებს და საერთაშორისო მკითხველს ქართული მწერლობისა და კულტურის ხელახლა აღმოჩენაში დაეხმარება.
პარიზის წიგნის ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბის ლიტერატურული მოვლენაა, რომელშიც საქართველო უკვე მესამედ მონაწილეობს. ფესტივალი ყოველწლიურად 50-მდე ქვეყანასა და 1000-ზე მეტ ავტორს მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.