15 მაისს მწერალთა სახლში „ლიტერატურული რანდევუს“ მორიგი შეხვედრა შედგა.
„რანდევუს“ ამჯერად ერთი სტუმარი ჰყავდა − ხელოვნებათმცოდნე, მწერალი და მოგზაური თეა კობახიძე, რომელიც საკუთარი ერთგვარი მონოლოგით აუდიტორიის წინაშე შთამბეჭდავად წარდგა.
თეა კობახიძემ წაიკითხვა ფრაგმენტები საკუთარი მისტიკურ-ალეგორიული ხასიათის მოთხრობებიდან, რომელთა სუბსტანცია სამხრეთ-დასავლეთ აზიის, არაბულ-არამეული სამყაროს არაორდინარული ლანდშაფტი და ეთნოკულტურაა.
წინა აზიის ქვეყნებში და განსაკუთრებით სირიაში, უახლოესი პერიოდის ომის დროს თეა კობახიძის უკიდურესად სახიფათო მოგზაურობის შესახებ თხრობამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე.
შეხვედრის დასასრულ თეა კობახიძემ აუდიტორიის მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა და თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა: მისი მომდევნო სამიზნე და საკვლევი ობიექტი ერაყია − უძველესი და უმდიდრესი კულტურის მქონე, მისტიკითა და ბოლო პერიოდის დრამატული კატაკლიზმებით მოცული ქვეყანა.
თეა კობახიძესთან შეხვედრას მწერალთა სახლი სამომავლოდ ისევ გეგმავს, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ პერსონის, მისი ერუდიციის, ტექსტების და თავგადასავლების შესახებ გაცილებით ფართო აუდიტორიამ უნდა შეიტყოს.