ცოცხალი წიგნების იმერეთის ტური დასრულდა

თარიღი : 31.05.2026

ცოცხალი წიგნების იმერეთის ტური დღეს, 31 მაისს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში დასრულდა.
დღევანდელ ციფრულ სამყაროში, მწერლისა და მკითხველის ცოცხალი კავშირი, მსგავსი ინტერაქციული შეხვედრები, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით − რეგიონისთვის. ეს დიალოგი ემსახურება ცოდნის, ემოციების, ინფორმაციის გაცვლას და ურთიერთგანვითარებას − ასეთი განწყობით შეხვდა ბაღდათის ლიტერატურული საზოგადოება და რიგითი მკითხველი პროექტის მონაწილეებს. ღონისძიება თითქმის ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა და დატვირთული იყო ხელოვნების, წიგნის, მწერლობის შესახებ დისკუსიით, მსჯელობით.
ა(ა)იპ ბაღდათის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი აერთიანებს ბიბლიოთეკას, ვლ. მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმსა და ბაღდათის კულტურის ცენტრს.
შესაბამისად, შეხვედრას დაესწრნენ ამ ორგანიზაციების თანამშრომლები, მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელობა, ბაღდათში მცხოვრები ლიტერატორები, მთარგმნელები.
იმერეთის ტურის ერთ-ერთი მონაწილის, ცირა ყურაშვილის წარმატებებს ლიტერატურის სფეროში მშობლიურ ბაღდათში კარგად იცნობენ და ეამაყებათ. შეხვედრაზე მოსულმა საზოგადოებამ, ასევე, დიდი ინტერესით მოუსმინა „ცოცხალი წიგნების“ ახალ ავტორებს, ახალგაზრდა მონაწილეებს.
მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა ამ საღამოს ორგანიზებაში, ჩაერთო და მონაწილეობა მიიღო, მოვიდა და ინტერესით მოუსმინა თანამედროვე ქართული ლიტერატურის ხმას.
„ცოცხალი წიგნები 2026“-ის ლიტერატურული მარშრუტი კახეთში 5, 6 და 7 ივნისს გაგრძელდება.