29 მაისს მწერალთა სახლში წიგნის „ქართველი ქალები, ანუ ამბები საქართველოდან“ წარდგენა გაიმართა.
წიგნის ავტორები თამარ მახარაძე და მაია მაისურაძე არიან. ნაშრომი სპეციალურად პარიზის წიგნის ფესტივალისთვის, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა, წიგნის ფრანგული თარგმანი კი ბელა ხაბეიშვილს ეკუთვნის.
წიგნში გაერთიანებულია ქართველი ქალების ამბები – მედეადან ქართული კინოს ვარსკვლავებამდე. წიგნს 34 პერსონაჟი ჰყავს: რეპრესირებული ქალები, ემიგრანტები, რომლებმაც მსოფლიო კულტურაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, პოეზიის მუზები, ლიტერატურული პროტოტიპები, საქართველოს დედოფლები, წმინდანები, მხატვრები, კინოსა და თეატრის ვარსკვლავები. ამ ადამიანების ისტორიებით ცოცხლდება საქართველოს მატიანე ანტიკური ხანიდან 21-ე საუკუნემდე.
ღონისძიებაზე ასევე აჩვენეს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გადაღებული დოკუმენტური ფილმი − „თბილისი-პარიზი-თბილისი“, რომელიც ქართულ-ფრანგულ კულტურულ ურთიერთობებს ეხება.