ლიტერატურის ქალაქად წოდებული ქუთაისის შემდეგ, „ცოცხალი წიგნების“ შეხვედრა მკითხველთან ვანში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, 30 მაისს გაიმართა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერის უშუალო თანადგომითა და კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, „ცოცხალ წიგნებს“ ვანის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებულმა ლიტერატურულმა სალონმა – „გალაკტიონი და ტიციანი“ უმასპინძლა.
სალონის გაერთიანება „პარნასი“ პოეზიაზე შეყვარებულ, ნიჭიერ, 6-17 წლის ასაკის მოსწავლეებს აერთიანებს. ამ შეხვედრაზე დასასწრებად ისინი ვანის მუნიციპალიტეტის შორეული სოფლებიდანაც კი მოვიდნენ და გალაკტიონისა და ტიციანის ლექსები წაიკითხეს.
„ცოცხალმა წიგნებმა“ მასპინძლებს საკუთარი შემოქმედება გაუზიარეს. თავისი ლექსები წაიკითხეს აქ მცხოვრებმა პოეტებმაც.
ვანის ლიტერატურულ სალონში შეხვედრა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ცოცხალი, პირისპირი შეხვედრები, ემოციებისა და ცოდნის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა მკითხველისა და ავტორის, დედაქალაქისა და რეგიონის, ზოგადად, კულტურული და ლიტერატურული ურთიერთობების გასაძლიერებლად და ხელშესაწყობად.
ღონისძიებას ბიბლიოთეკარები, კულტურის სახლისა და ვანის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტმა მასპინძლებს საჩუქრად გადასცა მწერალთა სახლის მიერ გამოცემული წიგნები, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთები და „ცოცხალი წიგნების“ მაისურები.
იმერეთის ტურს „ცოცხალი წიგნები“ ხვალ ბაღდათში დაასრულებს.