„ცოცხალმა წიგნებმა“ კახეთის ლიტერატურული ტური სიღნაღში დაასრულა

თარიღი : 07.06.2026

„ცოცხალმა წიგნებმა“ კახეთის ლიტერატურული ტური დღეს, სიღნაღში დაასრულა.

​შეხვედრა სიღნაღის საქალაქო ბიბლიოთეკაში გაიმართა და მას ადგილობრივი საზოგადოება ესწრებოდა.

პროექტის მონაწილე ავტორებმა: ამირან გოდერძიშვილმა, სალომე გოგოლაძემ, მირანდა ერისთავმა და თამარ გელიტაშვილმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ძველი და ახალი ლექსები წაუკითხეს და შემოქმედებით პროცესთან დაკავშირებით პუბლიკის შეკითხვებს უპასუხეს.

​მასპინძლებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მწერალთა სახლს და პროექტის ორგანიზატორებს. მათი თქმით, რეგიონების კულტურული გამოცოცხლებისთვის ასეთი პროექტები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

​ღონისძიების დასასრულ, დამსწრეებს საჩუქრად „ცოცხალი წიგნების“ მაისურები დაურიგდათ, ბიბლიოთეკას კი მწერალთა სახლის გამოცემები, სხვადასხვა გამომცემლობის წიგნები და ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები გადაეცა.

​მადლობას ვუხდით შეხვედრების ორგანიზებაში ჩართულ ყველა პირს და წარმატებებს ვუსურვებთ მათ საქმიანობაში!