თელავში „ცოცხალი წიგნების“ მკითხველთან შეხვედრა დღეს, 5 ივნისს, გურამ რჩეულიშვილის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიმართა.
ღონისძიება თელავის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელ ფიქრია ყუშიტაშვილთან კოორდინაციით ჩატარდა.
თბილისიდან ჩასული ავტორების მოსასმენად შეხვედრას ლიტერატურის მოყვარულები, ბიბლიოთეკების, კულტურის ცენტრის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, თელავის საზოგადოება ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე თელაველმა ახალგაზრდებმა წაიკითხეს ლექსები. შემდეგ იყო დიალოგი და დისკუსია ავტორებსა და აუდიტორიას შორის.
თელავის ბიბლიოთეკას მწერალთა სახლიდან ჩატანილი წიგნები და პროექტის ფარგლებში დამზადებული თემატური მაისურები საჩუქრად გადაეცათ. ხვალ, 6 ივნისს ამირან გოდერძიშვილი, მირანდა ერისთავი, თამარ გელიტაშვილი და სალომე გოგოლაძე ილია ჭავჭავაძის მშობლიურ ქალაქს ეწვევიან და ილიას მშობლიურ მუზეუმში შეხვდებიან იქაურ მკითხველებს.
„ცოცხალი წიგნების“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია რეგიონში მცხოვრები ნიჭიერი ადამიანების წარმოჩენა და ხელშეწყობა.
შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოს რეგიონებში „ცოცხალი წიგნების“ გასვლითი შეხვედრების ვიდეოგადაღება.
შეხვედრების ამსახველი ვიდეოფილმები შემოინახავს პროექტის და ზოგადად, მიმდინარე ლიტერატურული პროცესების ცოცხალ ისტორიას.