სნოს კულტურისა და სულიერების განვითარების ცენტრში „ცოცხალმა წიგნებმა“ შეხვედრა გამართა

თარიღი : 13.06.2026

დღეს 13 ივნისს სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში, „საპატრიარქო რეზიდენცია – სნოს კულტურისა და სულიერების განვითარების ცენტრში“ „ცოცხალმა წიგნებმა“ განსაკუთრებული შეხვედრა გამართა მკითხველთან.
სნო პატრიარქ ილია მეორის მშობლიური სოფელია. ეს არის მისტიკური გარემო, სადაც ბუნება სულიერებას ერწყმის და პოეზიით სუნთქავს.
ილია მეორე თავის ეპისტოლეებსა და კულტურის მოღვაწეებთან შეხვედრებზე ყოველთვის ხაზს უსვამდა სიტყვის ძალას.
„სიტყვას უდიდესი ძალა აქვს, სიტყვა ადამიანს აშენებს ან ანგრევს“; „მწერალმა უნდა იპოვოს ადამიანის გულის გასაღები“, – ეს სიტყვებიც პატრიარქ ილია მეორეს ეკუთვნის. ამ ყველაფრის გააზრებამ კი დღევანდელ შემოქმედებით პროცესსა და საჯარო დიალოგს კიდევ მეტი პასუხისმგებლობა შესძინა.
როგორც „ცოცხალი წიგნების“ ყველა სხვა, ისე დღევანდელი შეხვედრის მიზანიც სწორედ ეს არის – სიტყვით, ლიტერატურული დიალოგით ვიპოვოთ საერთო ენა მკითხველთან, გავუზიაროთ მათ შემოქმედებითი ხედვა, მივიღოთ მათგან საპასუხო ემოცია.
შეხვედრის მასპინძლები რეზიდენციაში მოღვაწე დედები და სნოს საჯარო სკოლის დირექცია გახლდნენ. ღონისძიების მხარდამჭერია სტეფანწმინდის მერია.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით თითოეულ სნოელს – ახალგაზრდობას, სნოს სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს, რომლებიც მოვიდნენ და ინტერესით მოგვისმინეს.
ფასანაური.14.06.2026 – „ცოცხალი წიგნების“ ლიტერატურული მოგზაურობის ხვალინდელი „სადგურია“.