სხვიტორში, აკაკი წერეთლის დაბადებიდან 186 წლისთავთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმში ლიტერატურული პრემია „სხვიტორის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ოთარ ომიაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ერეკლე ჭიღლაძემ, მწერალთა სახლის დირექტორ ქეთევან დუმბაძესთან ერთად, გამოავლინეს და დააჯილდოვეს გამარჯვებულები: საშა გველესიანი, სალომე გოგოლაძე, სოსო სიგუა, ნინო ქადაგიძე და ლალი ღაჭავა. მუზეუმისთვის გაწეული ქველმოქმედებისთვის საპატიო სიგელი და ,,აკაკის მედალი“ გადაეცათ ჯონდო შუბითიძესა და ლევან აბდუშელიშვილს. სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ჟანა შუკაკიძე.
ლიტერატურული პრემია „სხვიტორი“ 2022 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმთან ერთად დააარსა და მისი ფინანსური მხარდამჭერი და ორგანიზატორია. კონკურსი ფართომასშტაბიანია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმში სტუმრობისას, მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე შეხვდა მუზეუმის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს, გაეცნო მუზეუმში არსებულ პრობლემებს და, შესაძლებლობის ფარგლებში, მათ დახმარება აღუთქვა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი 1939 წელს დაარსდა და ეწევა მწერლის მრავალფეროვანი შემოქმედების პოპულარიზაციას, ასევე აქტიურად ემსახურება კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარებას.
მუზეუმს აქვს მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზი − აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მდიდარი, მხატვრული ექსპოზიცია.