27 ივნისს მწერალთა სახლში ლიტერატურული მარათონის „გაზაფხულის არა-კი 2026“ გამარჯვებულთა დაჯილდოება შედგა.
ლიტერატურული მარათონი „არა-კი“ მწერალთა სახლისა და „საერთაშორისო კულტურის ცენტრის“ ერთობლივი პროექტია, რომლის პირველი ღონისძიება გასული წლის ნოემბერში, კახეთში, სოფელ შილდაში მდებარე ისტორიულ კომპლექს „წინაპარში“ ჩატარდა.
„შემოდგომის არა-კის“ მსგავსად წლევანდელი, „გაზაფხულის არა-კის“ მასპინძელი კვლავაც „წინაპარი“ იყო.
ამჯერად მარათონში 8 ავტორი მონაწილეობდა:
მაია მინდელი
თამთა ხელაია
ვახო ვახტანგაძე
აკაკი დაუშვილი
თინათინ გარადინსკი
სოფიო გოგოლაძე
გიორგი კუცია
ანი ბადალაშვილი
მარათონის მენტორებმა და ჟიურის წევრებმა − ცირა ყურაშვილმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა და ბაჩო კვირტიამ კონკურსანტებს გააცნეს მარათონის დავალება − 3 ვარიანტი, ასარჩევად:
• თხზულების სათაური: „ირაკლის უჯრა“;
• თხზულების ეპიგრაფი: „...სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას“ (ფრაგმენტი/ტაეპი გალაკტიონის ლექსიდან „ეფემერა“);
• თხზულების პირველი წინადადება: „დილის მზით გამთბარ ქუჩაზე ახალგაზრდა ქალმა შემოუხვია. ორივე ხელში შუშის ჭუჭყიანი ბოთლებით სავსე მძიმე ჩანთები ეჭირა...“
კონკურსანტებს არჩეული ვარიანტის მიხედვით ორიგინალური პროზაული ნაწარმოების დასაწერად ზუსტად 48 საათი ჰქონდათ.
მარათონის გამარჯვებულებისთვის დაწესებული იყო ფულადი პრიზები და ჯილდოები:
I ადგილი − 2000 ლარი
II ადგილი – 1500 ლარი
III ადგილი – 1000 ლარი
მენტორებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით, „გაზაფხულის არა-კი 2026“-ის გამარჯვებულები გახდნენ:
I ადგილი − ვახო ვახტანგაძე, თხზულებით „ჩემი დამსაქმებელი“ (თემა N2 - „...სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას“)
II ადგილი – მაია მინდელი, თხზულებით „ირაკლის უჯრა“ (თემა N1 − „ირაკლის უჯრა“)
III ადგილი – თამთა ხელაია, თხზულებით „ტრიპტიხი გალაკტიონისთვის“ (თემა N2 - „...სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას“)
სამივე გამარჯვებულს ფულადი პრემია და სპეციალურად მარათონისთვის დამზადებული ჯილდოები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიაზე მარათონის სპეციფიკაზე, მსგავსი ფორმატის კონკურსის მნიშვნელობასა და ნიუანსებზე ვრცლად და ამომწურავად ისაუბრეს მენტორებმა და ჟიურის წევრებმა − მწერალმა, ფილოლოგმა ცირა ყურაშვილმა, მწერალმა, თეატრმცოდნე ფიქრია ყუშიტაშვილმა და მწერალმა, დრამატურგმა ბაჩო კვირტიამ.
მენტორებმა და ჟიურის წევრებმა უკლებლივ ყველა მონაწილეს დიდი მადლობა გადაუხადეს მარათონში მონაწილეობისთვის და შემდგომი წარმატება უსურვეს.
ცირა ყურაშვილმა სამივე გამარჯვებულის ნაწარმოები მცირე ოპუსებით მიმოიხილა და შეაფასა.
მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ მარათონის იდეის დაბადებაზე, ასევე პროექტის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა, პროექტის იდეის თანაავტორმა და ღონისძიების თანაორგანიზატორმა მარიამ ლომთათიძემ კი გაიხსენა მარათონის დღეები და მზადყოფნა გამოთქვა, მომავალში ინტენსიურად ითანამშრომლოს მწერალთა სახლთან, რათა „არა-კი“ წელიწადში არა 2-ჯერ, არამედ ყველა სეზონზე − წელიწადში ოთხჯერ ჩატარდეს.
დაჯილდოების საღამოს განსაკუთრებული ემოციები და საზეიმო განწყობა, დინამიკა გასდევდა.
რამდენიმე დღეში, მწერალთა სახლის ვებგვერდზე მარათონის ყველა მონაწილის თხზულებები გამოქვეყნდება.
ლიტერატურული მარათონი „არა-კი“ საზოგადოებას შემოდგომამდე დაემშვიდობა.