თარიღი : 30.06.2026
დანართი №1
სსიპ - მწერალთა სახლის
„იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და
საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის“
დებულება
1. ზოგადი დებულებანი
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს სსიპ - მწერლთა სახლის (შემდგომ - „მწერალთა სახლი“) „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის“ (შემდგომ - კონკურსი) მიზნებს, პირობებს, საკონკურსო კომისიის საქმიანობასა და გამარჯვებულთა გამოვლენის წესს.
მუხლი 2. კონკურსის მიზნები
კონკურსის მიზნებია:
ა) საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა;
ბ) საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა;
გ) ლიტერატურული პროცესების განვითარება;
დ) ქართველი ავტორების პოპულარიაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა და ხელშეწყობა
მუხლი 3. კონკურსის პირობები
1. კონკურსი ყოველწლიურია და ცხადდება „მწერალთა სახლის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით www.writershouse.ge
2. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
ა) საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს);
ბ) საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს;
გ) ნომინაციაზე „საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის“ განაცხადის წარმოდგენის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს).
3. საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
4. თითოეულ კონკურსანტს შეუძლია ერთი საკონკურსო განაცხადის წარდგენა მაქსიმუმ 2 ნომინაციაში.
5. კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
ა) საუკეთესო პოეტური წიგნი (გაიცემა სამი პრემია);
ა.ა) ყველაზე პატარებისთვის, 3 - 6 წელი;
ა.ბ) პატარებისთვის, 7 - 12 წელი;
ა.გ) ყმაწვილებისთვის, 13 + წელი;
ბ) საუკეთესო პროზაული წიგნი (გაიცემა სამი პრემია);
ბ.ა) ყველაზე პატარებისთვის, 3 - 6 წელი;
ბ.ბ) პატარებისთვის, 7 - 12 წელი;
ბ. გ) ყმაწვილებისთვის, 13 + წელი;
გ) საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი (გაიცემა ორი პრემია);
გ.ა) ყველაზე პატარებისთვის, 3 - 6 წელი;
გ.ბ) პატარებისთვის, 7 - 12 წელი;
დ) საუკეთესო საბავშვო დრამატურგია (გაიცემა ერთი პრემია);
ე) საუკეთესო დებიუტი (გაიცემა ერთი პრემია);
ვ) საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი (გაიცემა ერთი პრემია);
ზ) საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი (გაიცემა ერთი პრემია);
თ) საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის (გაიცემა ერთი პრემია).
6. თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5000 (ხუთი ათასი) ლარს (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით).
7. კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, კონკურსანტმა საკონკურსო განაცხადი უნდა წარმოადგინოს მხოლოდ წინა წელს წიგნად გამოცემული ნაწარმოების შესაფასებლად.
8. კონკურსში მონაწილეობისთვის კონკურსანტმა, „მწერალთა სახლის“ ოფიციალური ელ. ფოსტის საშუალებით contest@writershouse.ge, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება - „მწერალთა სახლის“ დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;
ბ) ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა - „მწერალთა სახლის“ დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
9. კონკურსანტმა ნაწარმოები უნდა წარმოადგინოს ნაბეჭდი წიგნის სახით 5 ეგზემპლარად, „მწერალთა სახლში“, მისამართზე: ქ. თბილისი, ივანე მაჩაბლის ქ. №13, ხოლო ნომინაციებში - „საუკეთესო საბავშვო დრამატურგია“ და „საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი“ - კონკურსანტს მიეცემა შესაძლებლობა, პიესები და ინოვაციური პროექტები წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით ელ. ფოსტაზე - contest@writershouse.ge
10. კონკურსანტი უფლებამოსილია, შეცვალოს წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადი ან/და დამატებით წარმოადგინოს დოკუმენტაცია, მხოლოდ კონკურსის ფარგლებში საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დასრულებამდე.
11. საკონკურსო განაცხადი მიღებულად ითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ელექტრონულად გამოგზავნილ საკონკურსო განაცხადზე ელ.ფოსტიდან - contest@writershouse.ge განმცხადებელი მიიღებს დასტურს განაცხადის მიღების შესახებ;
12. საკონკურსო განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრება 2 სამუშაო დღე, რომლის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაცია რჩება განუხილველი.
13. საკონკურსო განაცხადის განხილვის პროცესში „მწერალთა სახლი“ იტოვებს დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნის უფლებას.
14. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ნაბეჭდი წიგნები რჩება „მწერალთა სახლში“.
მუხლი 4. კონკურსის ვადები
1. საკონკურსო განაცხადების მიღება ხდება 2026 წლის 1 ივლისიდან - 31 ივლისის ჩათვლით.
2. კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება 2026 წლის 27 ოქტომბერს - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეზე.
მუხლი 5. საკონკურსო განაცხადის შერჩევის / შეფასების წესი
1. კონკურსის ფარგლებში რეგისტრირებულ საკონკურსო განაცხადებს განიხილავს და შეაფასებს „მწერალთა სახლის“ დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისია (შემდგომ - კომისია) 5 წევრის შემადგენლობით.
2. კომისიის მიერ საკონკურსო განაცხადების შეფასება ხორციელდება 10-ბალიანი სისტემით, შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:
| N | შეფასების კრიტერიუმი | ქულა |
| 1 | საკონკურსო განაცხადის შესაბამისობა კონკურსის მიზანთან | 0-2 |
| 2 | წარმოდგენილი გამოცემის/ნაწარმოების მხატვრული ღირებულება | 0-8 |
| სულ | 10 |
3. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, გადაწყვეტილებას გამარჯვებულის შესახებ იღებს კომისიის თავმჯდომარე.
4. კომისია იტოვებს უფლებას, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად დაუშვას პრემიის გაყოფა ერთ ან ორ ნომინაციაში.
5. პრემიის გაყოფის შემთხვევაში, გაიყოფა საპრიზო თანხა.
მუხლი 6. საკონკურსო კომისია
1. კონკურსის ფარგლებში რეგისტრირებული განაცხადების განხილვისა და შეფასების მიზნით, „მწერალთა სახლის“ დირექტორის ბრძანებით იქმნება კომისია.
2. საკონკურსო კომისია განისაზღვრება 5 წევრით და მისი შემადგენლობა თანხმდება საქართველოს კულტურის სამინისტროსთან.
3. კომისიის შემადგენლობაში შედიან კონკურსის თემატიკის შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
4. კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება წევრთა არანაკლებ ორი მესამედი.
5. კომისიის წევრებს ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნებათ ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგის, განხილვის ადგილის, თარიღის/დროისა და განსახილველი საკითხების შესახებ.
6. კომისიის თითოეული წევრი ინდივიდუალურად აფასებს თითოეულ საკონკურსო განაცხადს და შეფასებას ელექტრონული ფოსტის (ან საგამონაკლისო შემთხვევაში, მატერიალური სახით) საშუალებით უგზავნის კომისიის მდივანს.
7. კომისიის სხდომის შედეგები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
8. საკონკურსო კომისიის მდივანი განისაზღვრება მწერალთა სახლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
9. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საკონკურსო კომისიის სხდომებს და მონაწილეობს კონკურსის ფარგლებში შემოსული განცხადებების განხილვა/შეფასებაში;
ბ) აკონტროლებს სხდომებისთვის საკონკურსო დოკუმენტაციისა და მასალების მომზადებას.
10. საკონკურსო კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებას ახორციელებს კომისიის მდივანი, რომელიც:
ა) უზრუნველყოფს საკონკურსო კომისიის სხდომების ჩატარებას, კომისიის თავმჯდომარეს უწევს დახმარებას თავის საქმიანობაში, კომისიის წევრებს ატყობინებს სხდომების ჩატარების დროსა და ადგილს, კომისიის წევრებისათვის ქმნის შესაბამის სამუშაო პირობებს და უზრუნველყოფს მათ საჭირო მასალებითა და დოკუმენტებით;
ბ) კონკურსის ფარგლებში განცხადებების მიღების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს საკონკურსო კომისიის წევრებს სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის საშუალებით უგზავნის რეგისტრირებულ განცხადებებს და შესაბამის დოკუმენტაციას;
გ) აწარმოებს საკონკურსო კომისიის სხდომების ოქმებს.
11. საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია, საკონკურსო კომისიის მიერ განცხადებების განხილვის დაწყებამდე განაცხადოს თვითაცილება, თუ არსებობს გარემოება, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს რომელიმე განცხადების ობიექტურად შეფასებასა და გადაწყვეტილების მიუკერძოებლად მიღებაში.
12. თუ საკონკურსო კომისიის წევრი არ განაცხადებს თვითაცილების შესახებ და აღნიშნულის შესახებ კონკურსის მიმდინარეობისას გახდება ცნობილი, მისი შეფასება, მოცემული განცხადების შესახებ, არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
13. საკონკურსო კომისიის წევრები ვალდებულნი არიან, დაიცვან კონფიდენციალობა და არ გაამჟღავნონ კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, საკონკურსო კომისიის მუშაობის შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე.
14. საკონკურსო კომისიის საქმიანობა ანაზღაურებადია.