ლიტერატურული მარათონი „გაზაფხულის არა-კი 2026“

თარიღი : 04.07.2026

 

ლიტერატურული მარათონი 

„გაზაფხულის არა-კი 2026“



დავალება კონკურსანტებისთვის (3 ვარიანტი, ასარჩევად):


1. თხზულების სათაური: „ირაკლის უჯრა“


2. თხზულების ეპიგრაფი: „...სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას“ (ფრაგმენტი/ტაეპი გალაკტიონის ლექსიდან „ეფემერა“)


3. თხზულების პირველი წინადადება: „დილის მზით გამთბარ ქუჩაზე ახალგაზრდა ქალმა შემოუხვია. ორივე ხელში შუშის ჭუჭყიანი ბოთლებით სავსე მძიმე ჩანთები ეჭირა...“

 

 

 

 თინათინ გარადინსკი

 

...სულს სწყურია საზღვარი,

როგორც უსაზღვროებას

 

 

გქონია შეგრძნება, როდესაც ხალხში ზიხარ სრულიად მშვიდი, თავდაჯერებული, გაღიმებული და ყელში ცრემლები გაწვება? ძალიან ფართოდ გაღიმების გეშინია, რომ საკუთარი სახის მიმიკებზე კონტროლი არ დაკარგო და ღიმილი ტირილში არ გადაგეზარდოს გარშემომყოფთა გასაოგნებლად.

 

რატომღაც ბავშვობა გამახსენდა. ჩემი თავი, როდესაც არაფერს ვზომავდი და ვწონიდი. თუ მეცინებოდა, სულ არ დაგიდევდი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ვიყავი თუ პანაშვიდზე. უბრალოდ, ვიცინოდი. მეტირებოდა და მაშინვე ტუჩები მებრიცებოდა, თვალები კი ცრემლით მევსებოდა.

 

ჰოდა, იცოდ, დღეს მე ჩემს ბავშვობას ამოვეფარე. ვწერ ყველაფერსსიზმარში ნაფიქრსა და ცხადში ნაოცნებარს. დავწერ და ვიცი, შევმსუბუქდები.

 

და იქნებ ვიღაცამ, იქნებ სულაც შენ, ერთ რომელიღაც აბზაცში მაინც აღმოაჩინო, რომ მარტო არ ხარ შენს განცდებთან და ის საშინელი სიმძიმე, ხანდახან გულზე რომ ლოდივით დაგაწვება, ზუსტად შენსავით აწუხებს გვერდით მჯდომ ქალსაც, გულგრილი გამომეტყველებით რომ გასცქერის წვიმიან ქალაქს. მისი ცოტა გშურს კიდეც, სადღაც გულის სიღრმეში ამ მშვიდი უდარდელობის გამო, რომელიც თავად ვერასდროს მოიხელთე.

 

ასეთ დროს საკუთარ თავს წამით სხვისი თვალებით შეხედე და დაინახავ, რომ შენი მშვიდი მზერაც ისე მონაცვლეობს ერთი ადამიანიდან მეორეზე, რომ ვერცერთი მისანი ვერ გამოიცნობს, რომელი მსოფლიო ომია გაჩაღებული შენში. პირდაპირ, მედიდურად მშვიდი ხარ!

 

მზის წნულში კი ლავასავით გიდუღს: ბედნიერება მინდა! უსაზღვრო, უსასრულო, უნაპირო და თვალშეუდგამი. ვაშავებ რამეს? გიჟი ვარ? ავად ვარ? მაშინ ეს ქრონიკული ბედნიერების სურვილის უკურნებელი სინდრომია. ბედნიერებისგან ვფრენდე, მინდა!

 

ამბობ ამ სიტყვებს და რაღაც, თითქოს, ყელში გეჩხირება. მგონი, იმ ვაშლის ლუკმაა, ევამ რომ მოკბიჩა სამოთხის ბაღში ოდესღაც, უხსოვარ დროს.

 

მაინც რა არის ბედნიერება? ავადმყოფებისთვისჯანმრთელობა, ღარიბებისთვისსიმდიდრე, ტყვეებისთვისთავისუფლება. მაგრამ რა არის ბედნიერება ჯანმრთელებისთვის, მდიდრებისთვის, თავისუფლებისთვის?

 

თავი დავანებოთ მაღალფარდოვანი და განყენებული სიტყვების ფრიალს. ბედნიერება ხომ ისევე მოულოდნელად გვეწვევა ხოლმე, როგორც კაეშანი და სრულიად არ დაგიდევთ სტიქიური უბედურების მიერ სადღაც დახოცილ ადამიანებს. არც ქუჩაში საწყალობლად ჩამომსხდარ მოწყალების მთხოვნელთ დაეძებს ხოლმე.

 

იმ თვითკმაყოფილებასაც დავანებოთ თავი, ქუჩაში მიმავალნი მათხოვრის დანახვისას შორიდანვე რომ ვიწყებთ ჯიბეების ჩხრეკას და, საკუთარივე კეთილშობილებით გულაჩუყებულები, ოც თეთრად რომ ვიხდით ჩვენს მოქალაქეობრივ ვალს.

 

ეს ოცი თეთრი მაინც რაღაც განსაკუთრებული ოცი თეთრია: იმ წამიდან, როცა ჩვენი ხელიდან ღვთის გლახის ხელში გადაჩხრიალდება, რაღაცნაირად უფლებას გვაძლევს, შემწყნარებლური კაცთმოყვარეობით მოვეპყროთ დანარჩენ სამყაროს.

 

ჰოდა, ბედნიერება რა არის-მეთქი, იმას გეკითხებოდით და გადავუხვიე. სულ ასე მემართება. არ დამიწყოთ ახლა, წერის მანერა და სტილიო, აზრთა თანმიმდევრულობა და თხრობის ტემპიო. აქ წესრიგი დაუშვებელია! ამ ძვირფას წამებში სუფთა ემოცია წალეკავს ხოლმე ყველა წესსა და ნორმას.

 

შეჩერდი, წამო!ალბათ, ყველაზე სასოწარკვეთილი ფრაზაა, რომელიც კი ოდესმე მსმენია. იბრძვი, წვალობ, ჯახირობ. მიაღწევ იმ სანუკვარ წამს, გაცისკროვნდები, მაგრამ თვალის დახამხამებასაც ვერ ასწრებ და ისევ ახალი, მოუხელთებელი ბედნიერების მიღწევის სურვილით ხარ სავსე.

 

დატრიალდება შენი კარუსელი: ჩაის ფინჯნიდან უკვე ამომძვრალხარ და სპილოზე ზიხარ, მაგრამ შენს წინ ლამაზი, თეთრი რაში რომ მიქრის, იმის გახედვნის სიტკბოც გინდა, დააგემოვნო. თუმცა ერთი უცნაური გრძნობაც დაგრევს ხელს: სპილოზე ამხედრებული წინასწარ განჭვრეტ რაშზე ამხედრების მიახლოებით გემოსაც. სასოწარკვეთა გიპყრობს. სხვა ატრაქციონი გჭირდება, სხვა პლანეტა, სხვა გალაქტიკა...

 

და სულს სწყურდება საზღვარი, როგორც უსაზღვროებ. საზღვარი, რომელიც შენი სურვილების ყოვლისწამლეკავ ოკეანეს წინ ჯებირად აღემართება, შენი ფიქრების უფორმო ქაოსს კი სწორედ სანატრელ ახალ კოსმოსად გიქცევს.

 

შენ, მუდამ უსაზღვრო ბედნიერებაზე მეოცნებე, ახლა თავად აღმართავ მტკიცე სამანებს, რომელთა გაფართოებასაც შემდეგ მთელ დარჩენილ ცხოვრებას შეალევ.

 

ავლებ საზღვარს, როგორც ქათქათა ფურცელზე შავ ხაზს და კმაყოფილი გაოცებით ამჩნევ, რომ ეს ზოლი თეთრ გვერდს მხოლოდ კი არ ყოფს, არამედ ერთმანეთს ახვედრებს მისი გაჩენით აღმოცენებულ ორ ახალ სამყაროსაც.

 

იმ ღამით შედარებით მშვიდად იძინებ. გეცოდინება, რომ დილიდან ისევ მიუჯდები ზღვას, უნაპიროს. მის გაღმა ნაპირზე კვლავ უსასრულოდ შეგეძლება ოცნება, გამოღმა ნაპირზე კი ცოტა სიყვარულით და ღერი პაპიროსითაც იოლად გახვალ ფონს.

 

 

 

თინათინ გარადინსკი

 

 

ირაკლის უჯრა

 

 

ხუთთეთრიანებით, ათთეთრიანებით, ოცთეთრიანებით, ალაგ-ალაგ კი ოქროსფერი ორმოცდაათთეთრიანებით თითქმის დაფარული ბლითის ფორმის დიდი მაგნიტი საპატიო ადგილს იკავებდა ირაკლის უჯრაში.

 

უჯრის სიღრმეში ნახევარლიტრიანი პლასტმასის ბოთლი შეგორებულიყო, ფსკერზე უძრავად განრთხმული, აწ უკვე კარგა ხნის მკვდარი მომწვანო-მოყავისფრო გველხოკერათი.

 

მსხვილნასვრეტებიანი, რუხი პენოპლასტის მართკუთხედი დაფა ფიტულების სტენდად გამოიყენებოდა. ბზიკები, პეპლები, ობობებინემსებსა და მახათებზე საიუველირო ოსტატობით წამოცმულებიერთს კარგად წამოაკივლებდნენ მას, ვინც უჯრას გამოაღებდა. ჩვეულებრივი ბზიკების და ობობებისთვის არ გეგონოთ რომ ცდებოდა სტენდზე ადგილი, აქ მხოლოდ ცერის სიმსხო კელა კრაზანები და ტარანტულისებრი უცხო, ბუსუსებიანი ობობები იწონებდნენ თავს.

 

 

თავისი პატარა ანკესისათვის მამას ნაჩუქარი ნემსკავები გამჭვირვალე ოვალურ ყუთში მოეთავსებინა კოხტად, უჯრის ერთ-ერთ კუთხეში კი ლობიოს ფოთლების ჩინ-მედლების მთელი დასტა მიექუჩებინა.

 

დღემდე რომ ვერ გამიგია, სად შოულობდნენ, კალის იმ თხელ ფირფიტებს პატარა ბიჭები მაშინ ლითონის კოვზზე აგდებდნენ და იმდენ ხანს აჩერებდნენ ცეცხლის ალზე, სანამ კალა ვერცხლისფრად მოლიცლიცე, მობლანტო თხევად მასად არ გადაიქცეოდა. მერე აგურის ნატეხზე წინასწარ ამოჭრილ ფორმებში სწრაფად ასხამდნენ, გაცივებას აცდიდნენ და ასე ემატებოდა მათ მარაგებს კალის ჯვრები, წრეები, ბურთულები, მზეები... ამ ნაკეთობათა ნაირსახეობასაც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ირაკლის უჯრაში.

 

სკოლის რვეულებიდან ამოხეული უკანა ფურცლები უკვე დედაჩემის შენახული იყო ირაკლის უჯრაში. მასწავლებლების მრისხანე რეპლიკების ფონზე, გაკვეთილების პროცესში დახატული პერსონაჟების მთელი პლეადა იყო ამ ფურცლებზე, მათ მიერ წარმოთქმულ ტექსტებთან ერთად. ასეთ ნახატებს დღეს კომიქსებს ვეძახით.

 

ხელნაკეთი ნუნჩაგოების და მთლიანად იმ უჯრის გახსენებაზე გული სიყვარულით მეწურება, თვალები კი გამკილავად მეწკურება.

 

ჩემი სამი წლით ჩემზე უმცროსი ძმის უჯრაზე მოგახსენებთ ამ ყველაფერს.

 

ერთი ძაღლი გვყავდა, მიკი, ანჩხლი ფინია. ისეთი ავი იყო, ერთხელ მაჯაზე უკბინა ირაკლის მწარედ. იმ გაზაფხულზე მიკიმ რომ ლეკვები დაყარა, მეორე დილით ეს ლეკვები ვერც მიკიმ იპოვა და ვერც ჩვენ. რამდენიმე დღეში მეძუძურ მიკის მკერდი დაუსივდა და გაუწითლდა. ძლივს დალასლასებდა და ყეფის თავიც აღარ ჰქონდა. ვეტერინარმა აბების საჭმელში შეპარება გვირჩია და ასევე ორი კვირის განმავლობაში ცივი ტილოს კომპრესები გავარვარებულ ძუძუებზე. ის ტაბლეტებიც ირაკლის უჯრაში ინახებოდა. აბების საჭმელში შერევაც მან იკისრა და ცივ ტილოებსაც ერთგულად, დღისჩაუგდებლად, თავად აფენდა გატრუნულ მიკის.

 

იმის შემდეგ, აუჰ, რამდენი წელი გავიდა!

 

ირაკლის ახლანდელი უჯრა ძლიერ განსხვავდება მისი ბავშვობის უჯრისგან. თავადაც, თითქოს, სულ სხვანაირია, ვიდრე ის პატარა ბიჭი იყო. ახლა საქმიანი კაცია. ბევრი პრობლემა აქვს და ბევრ პასუხისმგებლობასაც უშიშრად იღებს საკუთარ თმაშეცვენილ თავზე. მათ შორის, ხშირად, ჩემზე ზრუნვასაც.

 

გარშემომყოფებისათვის ირაკლი ახალი უჯრის პატრონიაგაჯეტებით, ნაირ-ნაირი სადენებით, სავიზიტო ბარათებით, ჩემი გულის გასახეთქადუკვე მედიკამენტებით, საფულით, ჭიშკრისა და მანქანის გასაღებით...

 

ჩემთვის კი ის დღესაც იმ ძველი უჯრის პატრონია. მის ჭკვიან, ცნობისმოყვარე თვალებში ზუსტად მამაჩვენისნაირ ეშმაკურ ღიმილს ვხედავ, საქციელწამხდარი პატარა ბიჭის.

 

უფროსი დის ინსტინქტი ხშირად დღესაც მაწიწმატებს და მართლაც პატარა ბიჭივით გავთათხავ ხოლმე. ისიც ისევ ისე მისმენს, როგორც ბავშვობაში: არ მიჯერებს-მეთქი, ვერ დავწამებ, თუმცა მიჯერებსო, ვერც მაგას ვიტყვი.

 

ჯიუტად რომ მოკუმავს ტუჩებს, მახსენდება, როცა წაიქცეოდა, გადატყავებული მუხლისთავიდან ლამის ძვლის თეთრი ელვარება დაგვენახა, ის კი ერთ წვეთ ცრემლს არ გადმოაგდებდა. ოღონდ, თუკი ვაწყენინებდით, ყველა ამოსული კბილი უჩანდა, ისეთი თავგამეტებით იწყებდა ტირილს.

 

ჩემს უმცროს ძმაზე, ირაკლიზე რომ ვფიქრობ, ასე მგონია, მისი უჯრა ღრმა სიბერეშიც რომ გამოვაღო, აუცილებლად გველხოკერები და ჭიაღუები დამხვდება იქ.

 

 

 თამთა ხელაია (III ადგილი)

 

 

 

 

ტრიპტიხი გალაკტიონისთვის

 

„...სულს სწყურია საზღვარი,

როგორც უსაზღვროებას“

 

 

ის-ის იყო, დიდმა გონმაიქმნას ნათელიო“ თქვა, რომ აფეთქების ხმა გაისმა. მთლიანობა ნაწილაკებად დაიშალა და ფეიერვერკის ნაპერწკლებივით ნაკვესმა ვარსკვლავებმა სინათლის სიჩქარე და მანძილი გამოიგონეს. გამოგონილი მანძილი გამოგონილივე სიჩქარით კონკრეტულ დროში დაფარეს და დანიშნულების ადგილებზეცეცხლის მზეებად“ განთავსდნენ. ირგვლივ სისტემები შემოიკრეს და ყველა საგანს, სანამ სახელი დაერქმეოდა, მათი არსის შესაფერისი სული მოუვლინეს.

 

მოგვიანებით, სისტემების აბორიგენებმა მათი შესწავლა და სახელის დარქმევა დაიწყეს. მაშინ, პირველმა აბორიგენმა საკუთარი სხეულის ცენტრის ირგვლივ მოძრაობით წრე მოხაზადაბზრიალდა და ასე გააცნობიერა ფიზიკური სხეულის დასაწყისი და დასასრული. სანამ ამ გააზრებას სიტყვებიან შინაარსსა და სახელს მოუძებნიდა, გუმანმა უგრძნო, მატერიალური სხეული სულების საზღვრად უნდა მიეჩნია და მთელი ამ ყოფის აზრი, საზღვარჩენილი სულის შეცნობა უნდა გამხდარიყო.

 

 

რადგან მაშინ ჯერ სიტყვები არ არსებობდა, ნაგრძნობი წინასწარჭვრეტა აბორიგენის ცნობიერებაში, ტვინის ჯალღუზისებრი ჯირკვლის წილ მეხსიერების ფირფიტაზე აპლიკაციად ჩაიტვირთა. გაშვების შემთხვევაში, აპლიკაცია ყველა საგანს, მისი სულის შესწავლის მიზნით, საზღვარს უჩენდა, საზღვრის კოორდინატებს უხაზავდა. კერძოდთავსა და ბოლოს, დასაწყისისა და დასასრულის, თვისებების, მოძრაობის სიჩქარის, ფორმისა და ხასიათის მიხედვით დაახარისხებდა. აპლიკაციის ფუნქცია და საბოლოო მიზანი კი საგანთა არსის შესწავლა იყო.

 

დიდი დრო იყო გასული, აბორიგენის სახეობამ რომ აღმოაჩინა -  სანამ სხვა საგნებს შეისწავლიდა, საკუთარ თავში ჩამახსოვრებული აპლიკაციის შესახებ უნდა შეეტყო. ამის ნაცვლად, მათ დაკვირვება ჯერ შორეულ საგნებზე დაიწყეს. მათ ვარსკვლავთმრიცხველები დაერქვათ. ისინი პირველ მეცნიერებად უნდა იწოდებოდნენ, რადგან საგნებზე დაკვირვების მოწესრიგებული პრაქტიკა დაამკვიდრეს.

 

არსთა შეცნობის ეს არასწორი თანმიმდევრობა ნუთუ იმ პირველი აბორიგენის ბრალი იყო? იმის, რომელმაც ფოტონივით ბზრიალში შეიცნო რა საკუთარი სხეულის ზღვრული მოხაზულობა, იფიქრა, ყველაფერი ვიცი მასზეო. მაგრამ აპლიკაცია ხომ ჩამოტვირთა შთამომავლობისთვის პირველმა წინაპარმა? ამიტომ, ეს არათანმიმდევრულობა მაშინდელ უსიტყვაობას მივაბრალოთ.

 

მოგვიანებით, გამოყენებითმა პოეზიამ საგნებზე დაკვირვების, მათი შემეცნების, შემეცნიერების, გამეცნიერების სურვილს, მაშასადამეპირველყოფილ ჩანაფიქრს ასეთი გზამკვლევი მოუძებნა:

„სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას“.

ასე დაიწყო უსაზღვროების საზღვარჩენა საგნებზე დაკვირვებისა და მათი არსის შემეცნების მიზნით.

 

თავი II

 

2026 წლის მაისი იდგა თბილისში, როცა ჯერ ბესიკის, შემდეგ მთაწმინდის ქუჩას ქერა, ხვეულთმიანი კაცი აღმა მიუყვებოდა. ხელში ვარდი და შამპანურის ბოთლი ეჭირა. ზურგიდან ეტყობოდა სადაც მიდიოდა, მაგრამ დამკვირვებლის თვალს გუმანისთვის რომ არ გაესწრო, აცალა, როგორ გადაკვეთა მან ჭონქაძის ქუჩა და მთაწმინდის პანთეონის აღმართს შეუდგა. დამკვირვებელი თვალი სხვას რას იზამდა, დაკვირვება განაგრძო. დაკვირვება განაგრძო - ასე ერქვა რაც მოხდა, თორემ ვიღაცას დამკვირვებელიც რომ ზურგიდან დაენახა, იფიქრებდააეკიდაო. არადა ვინ, თუ არა დამკვირვებელმა, იცოდა, რომ ქერა, ხვეულთმიანი კაცის დანახვის გარეშეც, თავადაც პანთეონში მიდიოდა. უცნაურია, რომ ეს ყველაფერი მაისში მოხდა, მაგრამ დამკვირვებელს სკოლაში ნასწავლი გაახსენდა, დრო არ არსებობს და ყველაფერი ერთდროულად ხდებაო. ამიტომ, „მარადიული სკოლის წიგნაკში“, რომელიც სულ თან დაჰქონდა, ამ ფრაზის გასწვრივ, ფანქრით მერცხლის კუდი მონიშნა. აი, ასეთი:

 

მონიშნა, დააჩერდა, მოეწონა და გვერდით მიაწერა – „კარგია“.

როდის-როდის ააღწია პანთეონში დამკვირვებელმა. ქერა კაცს შამპანური მოეხსნა და ორ ადამიანთა ერთად სვამდა. დამკვირვებელიც მიიწვიეს. ისიც შეუერთდა. დამხვდურები გამოეცნაურნენ. ქერა, ხუჭუჭა კაცს ჭიჭე ერქვა. ეს მეგრული ზედსართავი, რომელიც პატარას ნიშნავს, საერთოდ არ უხდებოდა კაცს, მაგრამ მას არ უთქვამსზედმეტსახელიაო. ამიტომ ყველამ დიდსულოვნად მიიღო მოცემულობა.

სად სწავლობთ? – ჰკითხა წვრილთვალებამ ქერას.

სკოლაში, – უპასუხა ჭიჭემ.

მართლა? მეგონა სტუდენტი იყავით. რამდენი წლის ხარ?

წინადადების ბოლოდან ზრდილობიანი მრავლობითი ჩამოხსნა წვრილთვალებამ, რომ უშუალო დიალოგი გამოსვლოდა, როგორც ასაკით პატარასთან სჩვევიათ ხოლმე.

– 83-ის.

წვრილთვალებამ გადაწყვიტა, ყველაფერი, რასაც გაიგებდა, აღარ დაეკითხა. ისედაც უჭირდა საუბარი. დამკვირვებელსაც გაუკვირდა, თუმცა განცდა უკუაგდო. დამკვირვებელი იყო, ნეიტრალობა მართებდა და არაემოციების გამოხატვა. ამ ფიქრში მოწრუპა შამპანური, რომელიც მაისისთვის შეუფერებლად ცივ ამინდს საერთოდ არ უხდებოდა და იმაზე დაფიქრდა, რომ თავად კი იყო დამკვირვებელი, მაგრამ არც დანარჩენ ორსწვრილთვალებასა და გოგოს, გამოუხატავთ ემოციები. „მგონი, ესენიც დამკვირვებლები არიან“, − გაიფიქრა და ისევ ქერა კაცს შეაჩერდა, რომელიც ისე გამოიყურებოდა, შეუძლებელია 2026 წელს თან ქერა ყოფილიყო, თან ხუჭუჭა და თან – 83 წლის. „ჭიჭე კი არა, რამხელა ყოფილა“გაიფიქრა და გულში გაეცინა. გულში მაინც არ გამოსდიოდა დამკვირვებლობა და ემოციები მართავდნენ, თუმცა, სახეზე არაფერი დასტყობია.

 

სიჩუმე ჩამოვარდა. არავინ აპირებდა მის დარღვევას და დამკვირვებელმამარადიული სკოლის წიგნაკში“არაუხერხული მდუმარების“ გასწვრივ ისევ მერცხალი მონიშნა და მიაწერა: „ესეც კარგია“.

 

ცოტა ხანში, პანთეონში ჯგუფი ამოვიდა, რომლებიც ხმაურით გაჩერდნენ შორიახლოს. „ნეტავ, ჟივილ-ხივილზე რა მაქვს ნასწავლი“, დაფიქრდა დამკვირვებელი, რომელიც იქვე, გრძელ, ხის სკამზე ჩამომჯდარიყო. თუმცა, არაფერი მოაგონდა და ისევ უფიქრობაში დაბრუნდა.

გინდათ, ჩემი საყვარელი ამბავი მოგიყვეთ ამ კაცზე? – ჰკითხა 83 წლის ჭიჭემ ხმაურიანებს და შამპანურიანი ჭიქით ხელში მიაჩერდა ჯგუფს, რომლებიც იგივე ადგილის მოსანახულებლად ამოსულიყვნენ, დამხვდურივით.

გვინდა, გვინდა! – იჟივჟივა ყველამ, თუმცა ჭიჭეს არ ეტყობოდა, რომ მათ დასტურს ელოდებოდა.

 

ჟივჟივზე დამკვირვებელს თავისი მერცხლები გაახსენდა. ისიც მოაგონდა, რომ მერცხლები არ ჟივჟივებენჭყივიან. იქვე, მადლიერება დაეუფლა, კიდევ კარგი, ესენიც არ ჭყივიანო და ემოციები ამ აიწონა-დაიწონაში გაახსენდა, უფიქრობაში რომ უნდა დაბრუნებულიყო. წიგნაკში, მადლიერების გასწვრივ მერცხალი მონიშნა და მიაწერა: „სხვების განკითხვის გაგრძელებით გამოწვეულ ტანჯვას გადამარჩინა, რა კარგია!“ და ჭიჭეს ახედა.

 

ჭიჭე განცალკევებით, ჯგუფის გადასწვრივ, თბილისის ლამაზი ხედისკენ ზურგით იდგა და ისე ასცქეროდა ანძას, გეგონება მოთხრობის წერა დაავალეს, თუმცა, იმ წუთში ლექსის წერა უფრო უადვილდებაო. და ჭიჭე თხრობისთვის მოემზადა.

 

თავი III

კვანტური მექანიკა იცნობს დამკვირვებლის ეფექტს“.

ეს არის ფენომენი, რომლის დროსაც დაკვირვების პროცესი

ცვლის იმ სისტემას, რომელზეც დაკვირვება მიმდინარეობს

კვანტური ინტერაქციისთვის დრო ბარიერს არ წარმოადგენს.

 

დამკვირვებელი ჭიჭეს მიაცქერდა. ზუსტად იცოდა, რის მოყოლასაც აპირებდა. უკვირდა კიდეც, ვერაფერს რომ ვერ მივუხვდი, იმ კაცის სათქმელი როგორ უნდა გამომეცნოო. ჭიჭე სიტყვების თავმოყრას ცდილობდა. გულით ეწადა, ეს ცნობილი ამბავი ისე მოეყოლა, სულ სხვაგვარი ფიქრებით გაებრუნებინა  შეკრებილი საზოგადოება უკან. ამიტომ, მომცრო პაუზა, რომელიც ჭიჭემ აზრის აკინძვას მოანდომა, დამკვირვებელს უსასრულოდ ეჩვენა.

 

„ჩვენ დიდი ადამიანის საფლავთან მის პატივსაცემად შევიკრიბეთ. სრულიად უცხოები, უხილავი სიმებით დავკავშირდით“, – დაიწყო ჭიჭემ. უხეირო სადღეგრძელოსმაგვარ შესავალზე დამკვირვებელს გული მოეწურა, მაგრამ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ფიქრისთვის თავი არ მიეცა და გულისყურით ესმინა. იმ გადაწყვეტილებისთანავე ჯიბიდან თავისი წიგნაკი ამოაცოცა დაუფიქრობაში დაბრუნებას“ დაუწყო ძებნა. ცოტა ხანში, სულ სხვა გვერდზე, ეს შინაარსიაწმყოს გამოცდილების“ სახელით იპოვა და გვერდით მერცხალი მიახატა დანართითკარგია!“

 

სხვათა შორის, – განაგრძობდა ჭიჭე, – ეს ადამიანი სიცოცხლეში აქ ბევრჯერ არის ნამყოფი და ჩვენ, ვართ რა მისი შთამომავლები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სივრცე ჩვენთვის ოლამურია, რაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა თაობის ერთ სივრცეში ნამყოფობას ნიშნავს. ისიც იყო აქ. ახლა ჩვენ ვართ...“

 

დამკვირვებელს გააჟრჟოლა. თუმცა, ეს ინფორმაცია ჟრჟოლისთვის საკმარისად არ მიიჩნია და მკლავებზე ხელი მოისვა:უფ, როგორ ცივა“, – თქვა ხმამაღლა. წიგნაკის ლექსიკონის განყოფილებაშიოლამობა“ ჩაიწერა. ის უსასრულო დროც, ჭიჭემ სიტყვით გამოსვლამდე რომ მოიხმარა, ამ სიტყვაში დიდსულოვნად გაუცვალა. „მარადიული სკოლის წიგნაკში“ კი, სათნოების გასწვრივ, ორი მერცხალი დახატა. ერთში მიტევებას გულისხმობდა, მაგრამ სიტყვის მოძებნა დაეზარა. ეტყობა, ეგ კარგად არ მიმეცადინიაო, ჩათვალა და სათნოების გასწვრივ – „ესეც რა კარგია, არა?“ მხოლოდ ერთხელ მიაწერა.

 

„მშვენიერია მისი დანატოვარი. მისი პოეზიის სიყვარულით ვართ ყველანი აქ, ასე ვფიქრობ... – ისევ აგრძელებდა ჭიჭე, – სიყვარულს შეუძლია ბევრი რამის შეცვლა. ლიტერატურათმცოდნეები და პირადი ისტორიკოსები ამბობენ, რომ ღვთიური განგებულების სისრულეში მოყვანას დაკვირვებულმა თვალმა შეუწყო ხელი. ასეთ დროს, ყველაფრის ცვლილებაა შესაძლებელი. გამოსწორება დასაშვებიაწარსულისაც, მომავლისაც, მხოლოდ აწმყოში, უფიქრობაში ყოფნის საშუალებით.“ – ამის გაგონებაზე დამკვირვებელმა დაასკვნა, რომ ყველა სხვაობის მიღმა, როცა ადამიანები სიმართლეს ამბობენ, როგორღაც ერთსა და იმავე აზრზე დგებიან, თანხმობაში მოდიან და მათ გამოსახატადაც ერთნაირ სიტყვებს პოულობენ. იმის მიუხედავადაც, თუ ვინ რა გზით მივიდა ამ სიმართლემდე.

 

ჭიჭე ანძისკენ, მაღლა სივრცეში იყურებოდა და განაგრძობდა: „ლიტერატურის კრიტიკოსების და პირადი ცხოვრების ისტორიკოსების დიდხნიანმა დაკვირვებამ, გარემოებები სულ სხვაგვარად წარმოგვიდგინეს. ამ მხრივ, მათ ჩვენზე მეტი იციან. ჩვენ რა შეგვეძლო, რით შემოვიფარგლებოდით? გვიყვარდა მისი შემოქმედება სიცოცხლეშიც, მის შემდეგაც. გვიყვარდა თავად ისიც და რაც უფრო გავა დრო, მით უფრო მეტ ადამიანს ეყვარება, რადგან ახალი ადამიანები სულ იბადებიან და იბადებიან... როცა ის ღია სარკმლიდან გადმოეშვაესეც პოეტურად შეძლო. მაგრამ პოეტებს დეპრესიულობას ხშირად აბრალებენასეც ამიტომ მოიქცაო“. მაგრამ მოგვიანებით, მისი ცხოვრებისა და შემოქმედების მეცნიერ-მეგზურმა ასეთი აღმოჩენა გაგვიზიარა: „ის ბედნიერი წავიდა, რადგან ეგონა, ლურჯ ზღვაში შეცურაო“. არ ვიცი, რა დრო დასჭირდა მას ამ სინამდვილის ასე ფორმულირებამდე, მაგრამ მკითხველებს, მეცნიერებს არასდროს შეგვიწყვეტია სიყვარულიანი დაკვირვება მასზე. 41 წელი დასჭირდა, რომ სიყვარულის ენერგიით შეგვეცვალა მომხდარი და ჭეშმარიტების აღიარებამდე მივსულიყავით. ეს იყო ისე ცხადი, რომ ჩვენმა მამამთავარმა 2000 წელს მას თვითმკვლელობა შეუნდო. რა დიდებულია, ჩვენ ის მართლა ლურჯ ზღვაში შევაცურეთ“, – ჭიჭე ღიმილით დაჩუმდა. შემდეგ კი ასევე მშვიდად აილაგა ღიმილი სახიდან და თავი დახარა.

 

დამკვირვებელიც იღიმოდა. არ ცდილობდა რამე დაემალა. ხანდახან ძალიანაც მოსწონდა, სხვადასხვაგვარი ემოცია რომ ეუფლებოდა. ეგრე რომ არ ყოფილიყო, საერთოდ ვერაფერს მონიშნავდა თავის წიგნაკში. ამიტომ, პასტის წვალებას შეეშვა დამარადიული სკოლის წიგნაკშისიყვარულის გვერდით მერცხალი მონიშნა დაკარგზე კარგი. უკარგესი!!!“ მიაწერა.

 

მსმენელთა სიჩუმე და აქა-იქ ხმადაბალი გადალაპარაკება პანთეონის კიბეზე ამომსვლელი ახალი ნაკადის ხმაურში ინთქმებოდა. უმრავლესობამ წასვლა გადაწყვიტა. მათ შორისდამკვირვებელმაც და ჭიჭემაც.

პანთეონის ჭიშკართან დაცვის ბიჭმა მეორეს საათი ჰკითხა.

პირველის თხუთმეტი წუთია, – გაისმა პასუხი.

რა გვიანია, შაბათი დაწყებულა. დღეს უნდა დავისვენო, – გაიფიქრა დამკვირვებელმა და წიგნაკი ჩანთაში ღრმად ჩამალა.

 

მთელი საღამო ეგონა, რომ წიგნაკში მონიშვნების კეთებისას ვიღაცასბაძავდა. არც ნაძალადევი იყო რამე, არც ვინმე ახსენდებოდა წიგნაკიანი. „მაგრამ ალბათ მაინც ვიქნები ვინმე ჩემამდეყოფილის უნებური ეპიგონ-მიმბაძველი“გაიფიქრა დამკვირვებელმა, მაგრამ ეხამუშა და შეასწორა: „ალბათ უფრო სახე ან ხატი. ან ორივესახეც და ხატიც“.

 

ყველანი დაღმართს დაუყვნენ. ისეთი ციცაბოსთვის, როგორიც მთაწმინდის პანთეონის გზაა, რთულია შუაღამეს გადაცილებულზე, სამსახურიდან გამოსულ ხალხს ლამაზად სიარული მოსთხოვო, მით უფრო, როცა მთელი დატვირთვა ბარძაყის წინა კუნთზე მოდიოდა და წონასწორობის შესანარჩუნებლად ყველანი ვირებივით მიჩაქჩაქებდნენ. ერთი ჭიჭე მიდიოდა მანერაშეუცვლელად. „როგორ უძლებს ამ დაღმართს, გეგონება უცხოპლანეტელია“გულში კეთილად გაიხუმრა დამკვირვებელმა და ჭიჭეს გახედა.

 

გვერდით ვიღაც მოჰყვებოდა, რომელმაც იმ საღამოს დამახსოვრების მიზნით, სახელი ჰკითხა:

რა გქვიათ?

პატარა, – იყო პასუხი.

აბა, ჭიჭეო? – იკითხა და თვალები გაუფართოვდა დამკვირვებელს, რომლებიც უმალ მოჭუტა, ნეიტრალურად დამკვირვებლობისთვის რომ მიესადაგებინა.

ერთი და იგივე არაა? – მშვიდი ტონით და დაუნდობლად შესთავაზა სიმართლე ჭიჭემ.

რა გვარი ხარ? – დაკონკრეტება ითხოვა დამკვირვებელმა.

უფლისწული.

რააჰ?

პატარა უფლისწული. 83 წლის.

დამკვირვებელმა პირი დააღო დააქ რას აკეთებ“ – ფრაზა სუნთქვას ამოვაყოლეო, ეგონა, მაგრამ სინამდვილეში ხმა არ ამოუღია.

გაკვირდებით, – უპასუხა პატარა უფლისწულმა.

 

 

 

 მაია მინდელი (II ადგილი)

 

 

ირაკლის უჯრა

 

 

ვენახიდან გვიან დაბრუნდა. სულგანაბული სახლი მთელი დღის მცხუნვარე მზისგან გავარვარებულიყო. დაღლილობისგან თვალი ებინდებოდა. მძიმედ შეაბიჯა მისაღებ ოთახში, სკამზე ჩამოჯდა, მტვრიანი, ნესტიანი ქუდი მოიხადა, ოფლიან სახეზე ჩამოისვა და თვალი გაუშტერდა.

 

ხვალ მარიამობა თენდებოდა, მარიამობა და... მისი დაბადების დღე... იქნებ ხვალ მაინც გამოჩენილიყოწელიწადი ხდებოდა, შვილი არ ენახა.

 

მძიმედ წამოდგა, მის ოთახში შევიდა და მიმოიხედა: ჩალისფერი ფარდები, ხის საწოლიყავისფერ ტონებში გადაწყვეტილი კუბოკრული გადასაფარებლით, ხისავე მოგრძო, დაბალი კარადა და საწერი მაგიდა ტრიალა ტყავის სავარძლითდიდი ხნის უმოძრაობის დიდებულებაში ჩაძირული მოეჩვენა, ჰაერი კი, მძიმე და ბლანტი, თითქოს სუნთქვა შეეკრა ჰაერს. საწერ მაგიდაზე ჩამწკრივებული, სხვადასხვა სახეობის თევზების მოზრდილი სტატუები გადაათვალიერა. მაგიდის თავზე გაკრულ მსოფლიო რუკას კი, სწრაფად აარიდა მისკენ გაქცეული თვალი.

 

დიდხანს იდგა უმიზნოდ. აგვისტოს ჩამაალი მზის სხივები ფარდებს შორის სიცარიელეს კვეთდნენ, სახეს უსერავდნენ და მზერას უმღვრევდნენ. საწერ მაგიდასთან მივიდა და რიგრიგობით გამოაღო უჯრები. მაგნიტის ბურთულები, წვერგალეული ფანქარი, რამდენიმე საწერი კალამი, ფრჩხილების საკვნეტელა, ძველი ღია ბარათები და უამრავი სხვა წვრილმანი ისევ ისე ფაქიზად ეწყო უჯრებში, როგორც ირაკლის დაეტოვებინა.

 

მამუკამ მესამე უჯრიდან ხაკისფერი, ხავერდისყდიანი სურათების ალბომი ამოიღო, საწოლზე ჩამოჯდა, ალბომი მუხლებზე დაიდო და გადაშალა.

 

ფოტოების ჩასამაგრებლად ირიბად დასერილ, შეყვითებულ, მუყაოს სქელ ფურცლებს კალკის ქაღალდები ყოფდა. კაცმა ფრთხილად ააცალა გაუმჭვირვალე, თხელი ფურცელი პირველ გვერდს...

 

ათწლიანი ამაო მცდელობის შემდეგ დანებდნენ...

 

უფრო სწორად, თავად დანებდა თინას დაუსრულებელ ცრემლებს, ცრემლებზე უფრო უსასრულო მუდარას და ცოლს ბავშვის აყვანაზე დასთანხმდა.

 

ადვილი საქმე არ იყოქალს კატეგორიულად არ უნდოდა ბავშვი ახლო-მახლოდან ყოფილიყოუკვე გაზრდილს, მონანურ-მყვარებლად რომ არ გამოცხადებოდა რომელიმე მშობელი ან ნათესავი. ამიტომ, ძალიან ფრთხილად დაიწყეს შესაფერისი ვარიანტის ქვეყნის გარეთ ძებნა. მალე მამუკას ჯარის მეგობარმაც მოიწერა ბაქოდან: მის მეზობლად მცხოვრებ მოხუც ზინას რუსეთიდან ორსული შვილიშვილი სტუმრებია და ბავშვის გაჩენის შემდეგ, მალევე გაუჩინარებულა. ზინას რის ვაი-ვაგლახით მოუზრდია პატარა. ერთ დღესაც, ინფაქტს დაურტყამს და ის გადაწყვეტილებაც მაშინ მიუღია...

 

თინა დეიდაშვილ მაკოსთან ერთად გაემგზავრა და ორიოდე კვირაში ცამდე ბედნიერი დაბრუნდა ბავშვით ხელში.

 

შეხსნილი კარის ზღურბლზე თინამ ორ წლამდე ასაკის, იხვის ჭუკივით მზისფერი ბიჭი ფრთხილად ჩამოსვა. ბავშვმა კორიდორს მოავლო თვალი, თინას ხელი გაუშვა, ფრთხილად გადადგა პირველი ნაბიჯი, აიხედა, მამუკას თვალებში ჩააცქერდა და გაუღიმა. მწვანე თვალები აქვს, ჩემსავითპირველი ეს გაიფიქრა კაცმა და ბავშვის წინ ჩაიმუხლა. მერე იატაკზე დაჯდა, ბიჭი მიიზიდა და ჩაიჩურჩულაირაკლი! თინაც, მათ გვერდით, იატაკზე დაეშვა, ქმარს მუხლზე თავი ჩამოადო და პატარა ხელი მოძებნა. მაკომ ცრემლიანი უპეები მუშტებით მოისრისა, ცოტა ხანს არ გაინძრეთოაკანკალებული ხმით გასცა ბრძანება და პოლაროიდის აპარატი მოიმარჯვა. ასე გაჩნდა ფოტოალბომის პირველი გვერდისთვის...

 

მეორე და მესამე გვერდებში ჩაკრული ფოტოებიდან სიმწვანემ შემოანათა.

 

გაუთვალისწინებელი შემთხვევის შიშმა თინას მოსვენება დაუკარგააქაურობას უნდა გავეცალოთ, აქ იციან, რომ ბავშვი აყვანილია და რომ მოიზრდება, ვინმემ არ წამოაძახოსოიმეორებდა ისტერიულად. მალევე გადაბარგდნენ ქალაქიდან სოფელში, მამუკას პაპისეულ სახლში. თინამ მედპუნქტში ექთნად დაიწყო მუშაობა, მამუკამ კი, ირაკლი პაპას ნაკვეთები და გამეჩხერებული, მოუვლელობით დაჩაგრული ვენახი შეაღვიძა.

 

ბავშვი, ძირითადად, შინაურ ცხოველებთან თამაშობდა, იშვიათად თუ წაეთამაშებოდა მეზობელ ბავშვებს, ისიც, მდუმარედ. სახლშიც დუმდა ირაკლი, მხოლოდ აუცილებელ კითხვებზე პასუხობდა უფროსებს მშობლიურ რუსულზე.

 

ერთი წლის შემდეგ, როცა ხიდან ჩამოყრილ მწიფე შავ თუთას ირაკლი მიწიდან კრეფდა, თინას მისი ბუტბუტი შემოესმა, მიუახლოვდა და, рыбаთევზი, шишка გირჩიიმეორებდა ბავშვი.

 

მარტო ამ ორ სიტყვ ვერ ვიმახსოვრებგამართული ქართულით უთხრა თავზე წამომდგარ დედას და მორცხვად შეჰღიმა.

 

მთელი საღამო თუთის ძირში ისხდნენ. თინა და მამუკა მონაცვლეობით ამბობდნენ რუსულ სიტყვებს ირაკლიც სხაპა-სხუპით პასუხობდა ქართულ შესატყვისებს. шишка? – ეშმაკურად მოწკურა თინამ თვალი. არ მახსოვს, არა!აყვირდა ირაკლი და სამივეს სიცილი აუტყდა. სწორედ ის სიცილი მოესმა მამუკას შემდეგი ფოტოდან.

 

ვენახის გაახლებაში მომეხმარები? – ჰკითხა რაიონიდან დაბრუნებულმა მამუკამ ჭიშკარში შეგებებულ შვილს.

 

მძიმე ჩანთიდან წითელტარიანი, პატარა ჯაყვა ამოიღო და გაუწოდა: საშენო ვაზის მაკრატელი ვერ გიშოვე და ამით დავაჭრათ ვაზს ზედმეტი რქებიო.

ვენახს რქები სადა აქვს, ძროხა ხომ არ არისო, – კისკისებდა ბიჭი და მამუკას ეხვეოდა.

 

ექვსი წლის ბავშვის პირობაზე ძალიან ყოჩაღობდა ირაკლი, მამას გვერდიდან არ შორდებოდა. ვაზის წვრილი და სუსტი რქების მოსაჭრელად რომ დაუძახებდა მამუკა, ამაყად ამოაძრობდა განუყრელ ჯაყვას ბუდიდან და ამის დახმარებით მიადგებოდა დასაწინდ ძირს.

 

იმ შემოდგომით დიდხანს და გულმოდგინედ იშრომეს.

დილაობით, აივანზე მდგომ მამას სასაცილოდ გაყინჩული ამოუდგებოდა ხოლმე გვერდით და მასთან ერთად გასცქეროდა მეზობლების ბოსტნებს იქით, სოფლის ფერდზე შეფენილ ვენახს.

 

ეს ფოტოც, ერთ-ერთ ასეთ დილას, მოულოდნელად გადაუღო თინამ ეზოდან.

 

მომდევნო ფოტოზე თეთრ, გახამებულ პერანგში გამოწყობილი, მერხთან მჯდარი ირაკლის სერიოზულმა გამომეტყველებამ მამუკას ღიმილი ჩაუტკბო.

 

სოფლის პატარა, ცაცხვებში ჩაფლულ კოხტა სკოლაში, პირველ კლასში რომ შევიდა, მალევე მოითხოვარუკა მიყიდეთო.

სად არის საქართველო? – ჰკითხა მამას, რომელმაც, ის-ის იყო, მაგიდის თავზე საგანგებოდ ჩასობილ ლურსმანზე რუკა დაკიდა. მეორე დილას, ირაკლის გასაღვიძებლად შესულ მამუკას საქართველო წითელი ფლომასტერით შემოსაზღვრული დახვდა.

 

ალბომის მომდევნო ფურცელი გადაფურცვლისას ჰაერში აკანკალდა...

 

დედის ყელზე შემოხვეულ ირაკლის მარცხენა ხელში მინდვრის ყვითელი ბაიების და ბალახების ბღუჯა ეკავა, ერთი ყვავილი კი, მოღიმარი თინას თმიდან იჭყიტებოდა. ბიჭს ძალიან უყვარდა დედა. მისი შიშით, ლამაზ სარეველას ვერ ეხარა ეზოში თუ ბოსტანში. კრეფდა და კრეფდა წვრილ, ველურ გვირილებსა თუ ხარისთვალებს, ყაყაჩოებს თუ ფარსმანდუკებს. რომელიღაც ფილმში ენახა და, დედის წინ, ჯენტლმენური მედიდურობით რომ ჩაიჩოქებდა ცალ მუხლზე, თინამ უკვე იცოდაზურგს უკან დამალულ ხელებში ბიჭს მინდვრის მშვიდი და ფერადი სული ჰქონდა ჩაბღუჯული. გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე სარეველა ბალახებიანი ჭიქებით იყო სავსე სახლი.

 

იმ დღეს ბოსტანს მარგლავდათესვისთვის ამზადებდა თინა, ირაკლი შორიახლოს ტრიალებდა.

დედა, ნახე როგორი ყვავილი! – შეყვირებაზე მიბრუნებულმა თინამ დაინახა, უცხო სარეველას რს დაჭიდებული ირაკლის სიახლოვეს როგორ გაისრიალა ნარინჯისფრად დაზოლილმა უხსენებელმა. ქალი ერთ ნახტომში გაჩნდა ბავშვთან და ხელი ჰკრა... გველის დაგესლილი წვივი თინას წამებში დაურუმბდა, განწირულად აკივლებული ირაკლი გულში ჩაიკრარა უიღბლო ყოფილხარ, მოგიკვდეს დედაო და ბავშვის ყვირილზე მივარდნილ, აქოშინებულ მამუკაზე შეეყინა მზერა.

 

იატაკს დააშტერდა. იგრძნო, როგორ დაუმძიმა ალბომმა მუხლები. ცრემლში ატივტივებულ ფოტოებზე თანდათან იზრდებოდა ირაკლი და ხან თანაკლასელებით გარემოცული, ხან გადამწვანებულ ვენახში, ვაზისკენ დახრილი, ხანაც მოთქრიალე ჩანჩქერთან მდგომი შემოსცქეროდა, მაგრამ არსადმომღიმარი. ყველა ფოტოდან მათი, ორივეს მარტოობა უყურებდა მამუკას, მარტოობა, რომელსაც თინა ერქვა.

 

ბოლო ფოტოზე, საზეიმოდ გამოწყობილი ირაკლი ეზოს ჭიშკართან იდგა და შორს გაჰპარვოდა სევდიანი ღიმილით სავსე მზერა.

 

სკოლის დასრულებასთან დაკავშირებული ბანკეტიდან უჩვეულოდ ადრე დაბრუნებულმა სახლის კარი შეგლიჯა. ტანსაცმელი დასვროდა და შელახვოდა, ნიკაპი და საფეთქელი დალურჯებოდა. დასიებულ მუშტს მეორე ხელის გულს ასრესდა, გაოგნებული მამუკა დივანიდან რომ წამოიმართა. შვილის თვალებიდან წამოყრილმა ნაპერწკლებმა პირზე შეახმო კითხვარა მოხდა?

ვისი შვილი ვარ? – დაიღრიალა ირაკლიმ. მამუკა მოულოდნელობისგან დივანზე მოწყვეტით დაეცა. ოთახში ავეჯმა და ნივთებმა უცებ დაიწყეს გადღაბვნა.

ვისი შვილი ვარ, მიპასუხე! – გასიებული მუშტი კედელს გამეტებით დაარტყა და თავის ოთახში შევარდა.

 

მამუკამ არ იცოდა, რა ძალამ წამოაყენა, ოთახში შეჰყვა და შვილო-, მომაკვდავის ხმით ამოილუღლუღა.

ვისი, ვისიი? – ღრიალს აგრძელებდა ირაკლი და ავეჯს აწყდებოდა. მერე მაგიდის უჯრიდან დანაზოგი ფული ამოიღო და კარისკენ გაემართ. წინ გადაღობილ მამას მხრებში ჩაავლო ხელები და დიდხანს ანჯღრევდა არაადამიანური ძალით. შემდეგ გაუშვა, უჯრიდან წითელტარიანი ციცქნა ჯაყვა ამოიღო, მამუკას მოუღერა და, გამეცალე, თორემ ყელს გამოგჭრი!დაიხავლა. ხელი დიდხანს უკანკალებდა ჰაერში, უცებ შეტრიალდა, ჯაყვა მთელი ძალით მოიქნია და მაგიდის ზემოთ დაკიდებულ რუკაზე ფლომასტერით შემოსაზღვრულ საქართველოს ჩაასო. გულწასულ მამას გადააბიჯა და კარში გავიდა.

 

სამიოდე დღის შემდეგ, მოსანახულებლად მისულმა მეზობელმა უამბო ბანკეტის ამბავი:

ირაკლის და თემოს ერთი გოგო ჰყვარებიათ. ეკას გამო სუფრასთან შელაპარაკებულან და გარეთ გამოსულებს, უთანხმოება ჩხუბში გადაზრდიათ. თემოს ორივეს გულშემატკივარი ბიჭების თანდასწრებით მიუძახებია: რუსის ნაბიჭვარო, გირჩევნია ის გაარკვიო, საიდან მოგათრიეს შენმა მშობლებმაო.

 

საცაა წელიწადი გახდებოდა, რაც ამაოდ ეძებდა და ელოდა შვილს მამუკა, მთელი წელიამაოდ...

 

ალბომში დარჩენილ მოდევნო 6-7 ცარიელ ფურცელს გვიანობამდე ფურცლავდა უაზროდწინ და უკან, წინ და უკან. ხვალ გამოჩნდება, მარიამობაა და გამოჩნდება, დაბადების დღეც... მოვა, გული ვერ გაუძლებსამ ფიქრში წაართვა ძილმა თავი.

 

უცნაურმა ხმაურმა და მკვეთრმა შეძახილებმა გააღვიძა. საათი რვას უჩვენებდა. შეფიქრიანებული წამოდგა, აივანზე გასულმა ხმაურის მიმართულებით გაიხედა და...

 

 

ვენახში ლამის მთელი სოფელი დახვდა. ქალები ტიროდნენ, ჭირისუფლებივით თავჩაქინდრული კაცები თვალს ვერ უსწორებდნენ. მთელი ვენახი, ვაზის თითოეული ძირი, მიწისპირზე იყო აკაფული და ნახანძრალი ხრჩოლავდა. მიწა ანაკაფის დანახშირებულ ნარჩენებს და ყურძნის შეთვალურ მტევანს და მარცვალს დაეფარა.

 

ერთხანს დადუმებული თანასოფლელების წრეში იდგა, მერე მიწაზე დაწვა, გვერდით გადაბრუნდა და ემბრიონის პოზაში მოიკუნტა.

 

სახლში ნაშუადღევს დაბრუნდა. ეგონა, მთელი საუკუნე, ათასობით სინათლის წელიწადი, მთელი არადისობა მიდიოდა სახლისკენ მიმავალ გზაზე.

 

ბარბაცით შევიდა ირაკლის ოთახში. რუკაზე დარჭობილი ჯაყვა კედლიდან ამოაძრო და საწოლზე დაჯდა. გვერდით გადაშლილ ალბომს დახედა და უცნაურად ჩაეღიმა. დიდხანს იჯდა თავჩაქინდრული და ისე ძლიერად უჭერდა დანის ტარს ხელს, რომ თითები გაუთეთრდა. მერე ჯაყვიანი მარჯვენა ნელა ასწია და მარცხენა ყბის ქვემოთ ლითონის სიცივე რომ იგრძნო, წამღერებით ჩაილაპარაკა: рыбаთევზი, шишка გირჩი...

 

წამებში შეეღება პერანგის გულისპირი, თბილმა ნაკადმა მუცლამდე ჩააღწია და შარვლის უბესთან დაიწყო ჩაგუბება.

 

ჩამოვარდნილი ხელიდან გავარდნილი ჯაყვა გადაშლილ ალბომს დაეცა. სისხლის წვეთები ნელ-ნელა გაიშალნენ ფოტოზე, რომელზეც, ვენახში, ხის ცარიელ ყუთებს შორის ჩამჯდარ პატარა ირაკლის მუხლებზე მასავით პატარა, ყურძნით სავსე გოდორი დაედგა და იღიმოდა.

 

 

 სოფიო გოგალაძე

 

სახლში

 

დილის მზით გამთბარ ქუჩაზე ახალგაზრდა ქალმა შემოუხვია. ორივე ხელში შუშის ჭუჭყიანი ბოთლებით სავსე მძიმე ჩანთები ეჭირა...

 

სახლში ქმარი და შვილი ელოდა. ქალს მზე სახეს უნათებდა და თითქოს ამით, მის შრომას და მოთმინებას ხაზს უსვამდა...

როგორ მანათებ, როგორ დამდევ, როგორ მათბობ, – ეჩურჩულებოდა ქალი მზეს...

 

მზეც ცხრათვალს უკრავდა...

 

სანამ ქალი თავისი მძიმე ჩანთებით სახლში მივიდოდა, გზად მისი მეზობელი გიგლა დაინახა, თავის მოვლილ, ლამაზ, ნაფერებ ცოლს მანქანის კარს უღებდა და კლასის ბანკეტზე აცილებდა.

ძვირფასო, საღამოს მოგაკითხავ, – ჩასჩურჩულა სიყვარულით გიგლამ ცოლს.

იყოს, თავად მოვალ, – ღიმილით უპასუხა ქალმა. და ამ ღიმილს არანაირი გულწრფელობა არ ახლდა.

 

გიგლა ცოლს ემსახურებოდა, ხოლო მზით გამთბარ ქუჩაზე მიმავალი ქალი ჭუჭყიანი ბოთლებითმის სიმტკიცეს და მოთმინებას...

 

ადამიანი წიგნს ჰგავს, გარეკანით ვერაფრით მიხვდები, რამდენი ისტორია იმალება მასში, მაგრამ ზოგჯერ ერთი შემთხვევითი შეხვედრაც კი საკმარისია, რომ ბევრ რამეზე დაგაფიქროს...

 

მზე ისევ ათბობდა ქუჩას...

 

იმ ღამეს გილას ცოლი, მოვლილი, ლამაზი, მის მეზობლებს ლამაზ, პატარა კაფეში, უცხო კაცთან დაუნახავთმოალერსე...

 

მზით გამთბარ ქუჩაზე მიმავალი ქალი კი, სახლში იჯდა მის ქმართან ერთად და ჭუჭყიან ბოთლებს რეცხავდა...

 

კაფეში, სადაც გიგლას ცოლი თავის საყვარელთან ერთად იჯდა, მზე შეღწევას ცდილობდა, უჭირდა, მაგრამ მაინც ანათებდა და აი, იმ ოთახში, სადაც ცოლ-ქმარი ჭუჭყიან ბოთლებს რეცხავდა, ასუფთავებდა, მზე ცხოვრობდა, ლივლივებდა...

 

ამ ამბების შემსწრეს, მზეს პაემანი დავუნიშნე, სადღაც სასაფლაოზე დამიბარა...

კარგი, ეგრე იყოს, – ვუპასუხე მე.

 

სისხამ დილას სასაფლაოსკენ წავედი, ბებიაჩემიც სწორედ ამ სასაფლაოზე იყო დაკრძალული... მზე იქაც ანათებდა... მეტიც, დიდი ხნის მისული იყო.

როგორ მომასწარი, – წავეჩურჩულე...

 

მზემ გამიღიმა და ცხრათვალი ჩამიკრა.

ასეთი ვარ, – მიპასუხა, – ბედნიერსაც, უბედურსაც, მკვდარსაც, ცოცხალსაც, მოწყენილსაც, ღარიბსაც თან ვდევ...

 

რა უნდა მეთქვა, ჩამაფიქრა.

შენ ღმერთი ხარ, მზეო, – შევციცინე მე.

 

დასტურის ნიშნად ცხრათვალი ჩამიკრა და მკითხა:

და ის ქალები?

რომელი ქალები? – ვკითხე ორაზროვნად.

გიგლას ცოლი და ქალი ჭუჭყიანი ბოთლებით, ეგენი ვინ არიან?

 

პასუხს სანამ გავცემდი, ბევრი ვიფიქრე...

არ ვიცი, მზეო, მაგრამ ალბათშრომა და იმედგაცრუება...

 

მზეს ცხრათვალითვე ჩაეცინა და გაბადრული სახით მიპასუხა:

ჩემი შვილები, ჩემი შვილები არიან.

 

მზემ ცხრათვალი ცხრახელად აქცია, გადამხვია, მომიფერა და ბებიაჩემის საფლავისკენ დიდი, თბილი, ფერადი სხივი გაისროლა...

 

მე სხივს თვალი გავაყოლე და ავბუტბუტდი:

დიდი ხარ შენ, უფალო, ხან მზე ხარ, ხან მთვარე, ხან ორივე ერთად როცა გინდა, მაშინ უთბობ და უნათებ გზას ყველასმოწყენილსაც, ღარიბსაც, ბედნიერსაც, უბედურსაც, უიღბლოსაც...

 

მეორე დღეს, ნაღალატები გიგლა, მზით გამთბარ ქუჩას დაადგა თავისი ცოლის მოლოდინში...

 

ბოლო აღმართზე ისევ შეამჩნევდით ჭუჭყიანი ბოთლებით სავსე ჩანთებიან ქალსსახლისკენ მიმავალს. მზე კი ორივეს მის ცხრათვალს თანაბრად უკრავდა...

მზეო, მზეო, ცხრათვალა, ვის უცინი, ვისა?!

 

ასეთები ვართ ადამიანებიზოგის ბოთლი და თანაც ჭუჭყიანისიყვარულისგან შრიალებს, ზოგის სიყვარული იმედგაცრუებაში კვდება. აი, მზე კი, ამ ამბავსაც, იმ ამბავსაც თანაბრად ათბობს...

მზეო, მზეო, ცხრათვალავ!..

ბებიაჩემის საფლავზე გელოდები...

 

 

სოფიო გოგალაძე

 

 

ირაკლის უჯრა

 

დილის 9 საათია. სამსახურში მივდივარ. ჩემი უფროსი უკვე მის კაბინეტშია და თავის უჯრას თავისი მოქნილი ორი დიდი ხელით მთელი მონდომებით კეტავს.

ღმერთო, ნეტა რას ინახავს ეს კაცი ამ უჯრაში?!

 

მე ჩემს ოთახში შევედი, ჩემი უჯრა გამოვაღე, უამრავი რვეული, კალამი, შოკოლადის ფილა, ფერადი ჭიკარტები ეყარა. ჰო, აქვე, რამდენიმე ერთჯერადი ყავაც კი ეგდო...

 

ღმერთო, ერთხელ ჩამახედე ირაკლის უჯრაში, ნეტავ რა დევს, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლის ფიგურები ცვილის სანთლებად აქვს ჩამოქნილი და ყველა ერთად ამ უჯრაში ვყავართ ჩაყრილები, ჩაკეტილები და ტკბება...

 

გამოაღებს, დაგვხედავს, მერე მაგრად ჩაგვკეტა, გადაგვრაზავს და უჰაერობისათვის ისე გვიმეტებს, როგორც არაფერი...

 

ისევ ტკბება...

 

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ამ უჯრიდან ყველა ერთად ვყვირით და როცა ჩვენ სამუშაო ოთახში ვართ და ყველანი ერთად ვმუშაობთ, ზუსტად იმ უჯრიდან საოცარი ხმები ისმის ჩვენი.

 

ამას წინათ ყავის გაკეთება მთხოვა, შევედი.

ბატონო ირაკლი, ჭიქას ავიღებ, თქვენის ნებართვით.

 

ოი, საოცრებავ, ის უჯრა გამოაღო, ღრმად ჩაიხედა, მეც თავი ოდნავ წინ წავწიე, საცაა უჯრას თვალს მოვკრადი, მინდოდა ჩამეხედა, მაგრამ ფეხისწვერებზე შემამჩნია თუ არა, სახე შეეცვალა და უჯრა მაშინვე მაგრად დაკეტა.

ღმერთო, ჩამკეტა, – გავიფიქრე, ჰაერიც არ მყოფნის...

 

ამ ფიქრებში ვარ, რომ პირიდან თვითონვე წამოვიდა ეს საძაგელი, თავხედი სიტყვები:

გააღეთ რა, ბატონო ირაკლი, უჯრა?

რატოოომ? – თან ოოო-ასოს აგრძელებდა გაბრაზებული.

ჰაერი არ მყოფნის, – ვუპასუხე მე.

და უჯრა რატომ გავაღო?.. – მეკითხება უფროსი.

ვითომ არ იცით ხომ, შიგ რომ ვზივართ?

შიგ სხედხართ? – მეკითხება გაოცებული.

ჰო, ყველანი მეც, ნიკაც, თინიკოც, ვახოც, მარინაც, ელზაც, ლალიც.

 

ჩემმა უფროსმა თვალები გადააბრიალა, ღმერთო, გაფუჭებულ კომპასს ჰგავდა, წამოდგა, მხრებში გაიშალა, კისერი ხან მარცხნიდან ატკაცუნა, ხან მარჯვნიდან, ხელის თითები სათითაოდ გაიტკაცუნა, მუცელთან აწეული შარვალი ოდნავ დაბლა ჩაჩვით ჩამოიწია, ფეხსაცმლის ქუსლი დაახლოებით ორჯერ იატაკზე დააბრახუნა, მაუსი დააწკაპუნა და მომიახლოვდა. ჯერ სუნამო ვიგრძენი, მერე ჩემი უფროსის ჩურჩული ყურთან:

ამ უჯრაში მეც ვარ!

ანუ, იქაც ხართ და აქაც, ბატონო ირაკლი?

ხო, იქაც უფროსი ვარ!

და ჰაერი გყოფნით, ბატონო ირაკლი?

 

უფროსმა კითხვაზე არ მიპასუხა, მაჯის საათი გაისწორა, დაქოქა, მერე ყურთან მიიტანა და ხმამაღლა გამომიცხადა:

სამ საათზე ყველა ჩემთანთათბირზე.

 

სამი გახდა თუ არა, ყველანი ოთახში შევედით, ელზას გარდა, რომელიც ორი დღეა შვებულებაშია.

დღეს ელზა არ არის ხომ? – იკითხა ირაკლიმ.

დიახ, ელზას შვებულება აქვს დაწერილი, – დასძინა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

 

ირაკლიმ უჯრა გამოაღო, თითებით აშკარად რაღაც ფიგურები გადაათვალიერა, დაითვალა, დატუქსა და თავისთვის ჩაილაპარაკა:

გამარჯობა, ელზა, – და უჯრა ისევ ისე მაგრად ჩაკეტა...

ღმერთო, ჰაერი არ მყოფნის...

 

 

 აკაკი დაუშვილი

...სულს სწყურია საზღვარი,

როგორც უსაზღვროებას

 

 

ძველთბილისური მოკლე საგა

 

ამბობდნენ, რეცივიდისტიაო, თუმცა მის გამოჩენაზე უბანში შიშის ჟრუანტელი არავის უვლიდა. უფრო მეტიც, არც ჩხუბი უყვარდა და არც არავის აგინებდა. გურამი მალე ორმოცდაათი წლის გახდებოდა და მხრებში უკვე შესამჩნევად მოხრილიყო. ყველამ ზეპირად იცოდა მისი ბედისწერის მოჯადოებული წრე. ციხიდან გამოსული, ერთ თვეში კვლავ საპყრობილეს მიაშურებდა ან ყველას დასანახად, გამომწვევად მოიპარავდა რაღაცას, ან მაღაზიის ვიტრინას ჩაამსხვრევდა ან მილიციონერს აუხირდებოდა და ორი-სამი წლით კვლავ ციხეში აღმოჩნდებოდა.

 

გურამის მამა, გიორგი, კარგი მზარეული იყო, მეგობრის რჩევითა და უკეთესი მომავლის იმედით, იგი მეუღლესთან ერთად ბაქოში, რესტორანში სამუშაოდ გაემგზავრა. სწორედ იქ დაიბადა გურამიც. საქართველოში 1931 წელს დაბრუნდნენ. აუტანელი სიცხე იდგა, ღია სარკმლებიდან შემოსული ორთქლმავლის შავი კვამლი სუნთქვას აძნელებდა. აზერბაიჯანის საზღვარს როგორც კი გასცდნენ, ჯანდარის ტბასთან, გადახრუკულ ვაკეზე მატარებელი მოულოდნელად გაჩერდა.

 

ვაგონებში ხიშტიანი შაშხანებით შეიარაღებული წითელარმიელები შემოცვივდნენ. ბილწსიტყვაობდნენ, ყველას ბურჟუებს ეძახდნენ და ფულსა და ძვირფასეულობას ითხოვდნენ. გიორგის მეუღლეს, თამარს ხელიდან არ გაუგდია პატარა ჩანთა, სადაც ძვირფასეულობა ეგულებოდა. ქალმა ისღა მოახერხა, რომ ჩანთა იღლიაში ამოიდო, ზემოდან კი ვიღაცის ატირებული, ორი წლის ბავშვი გადაიწვინა. ჯარისკაცები ჩქარობდნენ, გიორგის გაწვდილ საფულესა და თამარის ბეჭედსა და საყურეებს დასჯერდნენ. მალე ოციოდე წითელარმიელი მატარებლიდან ჩახტა, ცხენებს მოახტნენ და უკანმოუხედავად გაქუსლეს.

 

თბილისში ჩასულებმა შეიტყვეს, რომ მატარებელი არა ჯარისკაცებმა, არამედ წითელარმიელთა ფორმაში გადაცმულ შეიარაღებულ ბანდას გაეძარცვა.

 

გიორგიმ ავლაბარში, ელიას უბანში მდებარე ერთსართულიან სახლში, ორი ოთახი იყიდა. იგი რესტორან ორიენტში მუშაობდა და შინ მხოლოდ ღამის პირველ საათზე ბრუნდებოდა. ავლაბრის ვიწრო ქუჩებსა და ბნელ ჩიხებს კრიმინალური დაჯგუფებები აკონტროლებდნენ. იქაურობა ჯიბის ქურდებით იყო სავსე.

 

ერთ დღეს მეზობელმა თამარს უთხრა: წეღან აქ, ახლოს, ვიღაც კაცი მოუკლავთო. ათი წლის გურამს შიშმა და მოუსვენრობამ დარია ხელი, როგორც კი საათმა ღამის პირველი ჩამოჰკრა და მამა არ გამოჩნდა, ბიჭმა ვეღარ მოითმინა და ქუჩაში გავარდა. წვიმდა. უცებ შავმა, ახალთახალმა ავტომობილმა ემკამ გუბეში საბურავი ჩაარტყა და ბიჭი თავიდან ფეხებამდე გაწუწა. გამწარებულმა გურამმა შარვალი დაიფერთხა და შეიგინა.

 

მანქანა მკვეთრად დამუხრუჭდა, წინა კარი გაიღო და იქიდან მელოტმა კაცმა გამოსძახა:

სტილნი ბიჭი, აქ მოდი!

 

გურამი ფრთხილად მიუახლოვდა მანქანას.

შეგვაგინე? – კბილებში გამოცრა ორმოციოდე წლის მელოტმა კაცმა და ბიჭს ცივი მზერა მიაპყრო.

 

გურამს გაგებული ჰქონდა, რომ თბილისში ჯიბის ქურდების საიდუმლო სკოლები არსებობდა, სადაც ბავშვებს ფულის ისე ამოცლას ასწავლიდნენ, რომ მსხვერპლს ვერაფერი ეგრძნო. ბიჭი დაეჭვდავაითუ, ჩემი იქ წაყვანა უნდათო და შიშისგან ხმა ვერ ამოიღო.

პავლოვიჩ, ახლავე პოვოზკაში შემოვაგდებ! – დაიმუქრა უკანა სავარძელზე წამომჯდარმა კაცმა.

შეეშვი, ჯერ პატარაა, – შემწყნარებლურად თქვა მელოტმა და გურამ მიუბრუნდა, – აქ რას აკეთებ?

ამბობენ, ვიღაც მოკლესო... მამაჩემი კი ჯერაც არ დაბრუნებულა, – ძლივს ამოღერღა ბიჭმა.

ეგ ტიპი მამაშენი არ ყოფილა. სახლში წადი და იქ დახვდი, – უთხრა მელოტმა და მანქანის კარი მოიჯახუნა. მანქანა ადგილიდან დაიძრა.

 

მალე გიორგიც გამოჩნდა. გურამი მამისკენ სიხარულით გაექანა და წელზე შემოეხვია.

 

1939 წელს, როდესაც ოჯახი მატერიალურად წელში გაიმართა, საცხოვრებლად ავლაბრიდან მთაწმინდაზე გადავიდა.

 

ახალი ბინა ორსართულიან სახლში მდებარეობდა, რომელსაც მყუდრო და ლამაზი ეზო ჰქონდა. მეორე სართულზე განლაგებული ოთახები კი დიდი და ნათელი იყო.

 

მალე ომი დაიწყო და გიორგი ფრონტზე გაიწვიეს. ოთხი წელი იბრძოდა და შინ ცოცხალი დაბრუნდა, თუმცა ომის საშინელებებს მისი სული დაესახიჩრებინა. მზარეულობას ვეღარ დაუბრუნდახორცის დანახვაზე კი გული ერეოდა.

 

კაცმა, რომელმაც სიკვდილს არაერთხელ ჩახედა თვალებში, მშვიდობიანი ყოფის სიყალბე ვეღარ იგუა. იქ, სანგრებში ყველაფერი ნაღდი იყო: სიამაყეც და შიშიც, მეგობრობაც და ღალატიც, სიხარულიც და სევდაც.

 

ასეთ გაუსაძლის ცხოვრებას ერთხანს წინააღმდეგობას უწევდაქარხანაში მღარავად დაიწყო მუშაობა, მაგრამ ბოლოს მაინც გატყდა და სასმელს მიეძალა. საბედისწერო დღეს, ვორონცოვზე, დაძრულ ტრამვაიზე ასვლა მოინდომა, საფეხურზე ფეხი დაუცდა, რელსებზე დაეცა და ბორბლებმა გადაუარა. ვერ გადაარჩინეს.

 

გურამი სწორედ იმ წელს გახდა ოცი წლის.

 

გურამს სკოლაში ერთი გოგო ჩაუვარდა გულში, ლალის დანახვაზე დროის შეგრძნებას კარგავდა და სამყარო თითქმის ჩერდებოდა. გოგონა მასზე ერთი წლით უმცროსი იყო. გურამი დაუღალავად დაეძებდა მას სკოლის ხმაურიან დერეფნებში, კიბეებსა თუ ეზოში.

 

შინისაკენ მიმავალი გზას განგებ იგრძელებდა, ოღონდ კი ორსართულიანი სახლის ფანჯრებში საყვარელი გოგონასთვის თუნდაც წამით მოეკრა თვალი. მიუხედავად ასეთი თავდავიწყებისა, სიყვარულში გამოტყდომა ვერც სკოლის წლებში გაბედა და ვერც შემდეგ. თითქოს ლალის გამოხედვაც თბილი იყო, მაგრამ ვაითუ უარი ეთქვა.

 

ციხეში გურამი პირველად ჩხუბის გამო აღმოჩნდა. ყველაფერი სასადილოში დაიწყო, სადაც მას და მის მეგობარს სამი ბიჭი აუხირდა. კონფლიქტი ერთ-ერთი მათგანის დაჭრით დასრულდა. გურამს სამი წელი მიუსაჯეს. იქ, საკანში ლალიზე მეტი საფიქრალი და სანუგეშო არც არაფერი ჰქონდა.

 

პატიმრობიდან დაბრუნებულს საყვარელი გოგონა გათხოვილი დახვდა. იგი სოლოლაკში, ქმრის ბინაში გადასულიყო საცხოვრებლად. გურამმა სახლს მიაგნო და დროდადრო ჩაუვლიდა ხოლმე, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ვერაფერს შეცვლიდა.

 

გურამი მამამისივით, მტკივნეულად განიცდიდა იმას, რომ სიყალბე ადამიანების ყოველდღიურობად ქცეულიყო. ხედავდა, როგორ იოლად ყიდდნენ ერთგულებას მატერიალურ კეთილდღეობაზე და როგორ ფასდებოდა პირფერობა. ერთ საღამოს, სასურსათო მაღაზიაში შევიდა, თაროდან რაღაც ნივთი აიღო და გამყიდველის თვალწინ დემონსტრაციულად ჩაიდო ჯიბეში. არსად გაქცეულა. როდესაც მილიციონერებმა მანქანაში ჩასვეს, სულიერი სიმშვიდე იგრძნო.

 

გურამი სასჯელს მოიხდიდა, დაბრუნდებოდა, მოხუც დედას მიესიყვარულებოდა, უბანს თავს შეახსენებდა და მალევე, ისევ უკვალოდ ქრებოდა. მისთვის თავისუფლება ყოველთვის უფრო მძიმე ტვირთი იყო, ვიდრე საპყრობილის კედლები.

 

ერთადერთი ძაფი, რომელიც ჯერ კიდევ აკავშირებდა გარესამყაროსთან, მოხუცი დედა იყო. ციხიდან გამოსულს, მხოლოდ მასთან შეხვედრა და მისი ალერსი ჰგვრიდა სიხარულს. თუმცა, ბოლო გამოსვლისას ეს ძაფიც გაწყდადედა ხელში ჩააკვდა.

 

ორმოცდახუთი წლის გურამი მშობლიურ სახლში სრულიად მარტო დარჩა. მხრებში კიდევ უფრო მოხრილიყო, თითქოს ზურგით ლოდს ეზიდებაო. ისედაც სიტყვაძუნწი, ახლა სულმთლად დადუმებულიყო. სახე ნაოჭებს დაეფარა, ჩაცვენილ, ნაცრისფერ თვალებში კი უსაზღვრო სევდა ჩადგომოდა. თამბაქოსგან გაყვითლებული თითები ოდნავ უთრთოდა.

 

ერთხელ ქუჩაში, საკუთარ ბედისწერასთავის პირველ და ერთადერთ სიყვარულს გადაეყარა. გვერდზე ისე ჩაუარა, თითქოს უცხო ყოფილიყო. თვალებში ჩახედვა ვერ გაბედა. თუმცა, გურამმა ყველაფერი იცოდა: იცოდა, რომ ლალის მეუღლე ავადმყოფობდა და ოთხშვილიან ოჯახს ძალიან უჭირდა.

 

უკანასკნელ ხანებში გული გურამს გამუდმებით ახსენებდა თავს. ექიმთან წასვლაზე არც კი უფიქრია, პირიქით, გონებაში სულ უფრო ხშირად გაუელვებდა ხოლმე მწვავე ფიქრი: რაც მალე მოვკვდები, მით უკეთესი, მით უფრო სწრაფად მოეღება ბოლო ჩემს უთავბოლო ცხოვრებას. ამ აზრს ნელ-ნელა ეჩვეოდა, რადგან იცოდაიქ, გარეთ, მას უკვე აღარავინ ელოდა.

 

გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო. სახლი იმ ქალისთვის უნდა ეანდერძებინა, რომლის მიმართაც სიყვარულს დღესაც განიცდიდა.

 

ერთ წვიმიან დღეს, გურამმა აუღელვებლად მოაწერა ხელი ანდერძს. ამ ფურცლით იგი თავის ერთადერთ ქონებასმშობლების ბინასლალისა და მის მრავალშვილიან ოჯახს უტოვებდა.

 

განზრახ ჩადენილი დანაშაულის გამო, გურამი კვლავ ციხეში აღმოჩნდა.

 

მალე კარზე ნოტარიუსმა დააკაკუნა და გაოგნებულ ქალს გურამის ანდერძის შინაარსი გააცნო. იქვე განუმარტა, რომ სახლში მხოლოდ გურამის გარდაცვალების შემდეგ შევიდოდა.

 

პატიმრობიდან ერთი წელი იქნებოდა გასული, როცა გურამი ბადრაგმა პაემნების ოთახში გაიყვანა. ციხეში მას დედის გარდა არავინ აკითხავდა. ნესტიან და ცუდად განათებულ ოთახს შუაზე გრძელი მაგიდა ყოფდა, რომელსაც ზემოდან მინის ტიხარი ჰქონდა. მაგიდასთან შავებში ჩაცმული ლალი დახვდა. გურამი ქალის წინ თავჩაქინდრული დადგა.

ცხრა თვეა, რაც მეუღლე გარდამეცვალა, – ჩუმად თქვა ქალმა.

ვწუხვარ, – ძლივს ამოღერღა გურამმა.

ორი წელი მალე გავა, – იმედიანად თქვა ლალიმ.

დედა აღარ მყავს... აღარავინ მელოდება, – გურამმა ქალს

 

თვალებში ჩახედა და მზერა მაშინვე აარიდა.

აუტანელი დუმილი ჩამოწვა.

ჩვენ გელოდებით, – ლალიმ ნაქარგი მაქმანის საყელო შეისწორა და სახეზე ღიმილი გაუკრთა.

 

 

გურამმა თავი ასწია. ქალის თვალებში ჩამდგარმა სითბომ მასში წლების წინ ჩამკვდარი იმედი გააღვიძა. ეს ჩვენ მისთვის სრულიად უცხო და მოულოდნელი იყო. ცრემლი მოაწვა, უსიტყვოდ შებრუნდა და ბადრაგის თანხლებით დატოვა ოთახი.

 

საკანში დაბრუნებულს ხმა არავისთვის გაუცია, ცივ კედელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. მერე ნარზე გადაწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და იმ მრავალი წლის მანძილზე, რაც ციხის კედლებში გაეტარებინა, პირველად დაიწყო დარჩენილი დღეების ათვლა.

 

 

აკაკი დაუშვილი

 

 

როგორ კვდებოდა დევი კახეთში

 

 

დილის მზით გამთბარ ქუჩაზე ახალგაზრდა ქალმა შემოუხვია. ორივე ხელში შუშის ჭუჭყიანი ბოთლებით სავსე მძიმე ჩანთები ეჭირა. ქალმა ქუჩა ჩაათავა და ჭიშკართან შეჩერდა. ქმარმა ჩანთები ღიმილით ჩამოართვა და ჭუჭყიანი ბოთლები ეზოში მდგარ, წყლით სავსე ძველ აბაზანაში ჩაალაგა. მერე შვილებიც წამოეშველნენ და ბოთლების რეცხვა დაიწყეს, რათა დილით ახალგახსნილ ლიმონათის ჩამომსხმელ ცეხში ჩაებარებინათ. ასეთ ოჯახზე გადაგებულ ქალებს 90-იან წლებში ბევრგან შეხვდებოდით. როდესაც ცხოვრება უკიდურესად გაჭირდა და მწირ ხელფასებსაც კი ვეღარ არიგებდნენ, ადამიანები, სანამ ოჯახების სარჩენად უცხოეთის გზას გაუყვებოდნენ, ფულის შოვნის სხვადასხვა ხერხს მიმართავდნენ. ზოგის მცდელობა ამართლებდა, ზოგისარა.

 

ნელ-ნელა დაიხურა ფაბრიკა-ქარხნები, სასურსათო მაღაზიები დაცარიელდა, თეატრებში კი წარმოდგენები აღარ იმართებოდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ, საბავშვო სპექტაკლი დაგვედგა და კახეთის სოფლების სკოლებისა და ბაღებისთვის ჩამოგვევლო. ბევრს ვერაფერს, მაგრამ პურის ფულს მაინც ვიშოვიდით.

 

სულ სამნი ვიყავით: პროფესიონალი მსახიობი, მოყვარული მსახიობი და მეიმჟამად კულტურის სახლის დირექტორი. სამსახიობო ნიჭით არ გამოვირჩეოდი, თუმცა, საჭიროებისას, სცენაზე სხვადასხვა პერსონაჟის ამპლუაში ვჩნდებოდი და თითო-ოროლა რეპლიკით პარტნიორებს ვეხმარებოდი. რეალურად, უფრო ადმინისტრატორის როლი მქონდა მორგებული.

 

ალუმინის მინებისგან დასაშლელი ტიხარი ავაწყვე, რომელზეც მოხატულ ტილოს გადავკიდებდით ხოლმე და სახელდახელო კულისიც მზად იყო. თავდაპირველად, სკოლებსა და ბაღებში სპექტაკლებს ვგეგმავდით, ხოლო შემდეგ წარმოდგენებს ვმართავდით. რაც უფრო დიდი იყო სოფელი, მით მეტი შემოსავალი გვრჩებოდა.

 

ერთხელაც, აზერბაიჯანული მოსახლეობით დასახლებულ დიდ სოფელს მივადექით. სკოლის დირექტორმა, შუახნის მამაკაცმა, თბილად მიგვიღო, თუმცა წინასწარ გაგვაფრთხილა: ბილეთებს ვერ გავავრცელებთ, ადგილზე რასაც გაყიდით, იმას დასჯერდით, თანაც ბავშვებმა ქართული მაინცდამაინც კარგად არ იციანო. ამით თითქოს მიგვანიშნა, სპექტაკლი ძალიან არ გაგვეწელა და წარმოდგენის ჩასატარებლად შედარებით დიდი კლასი შემოგვთავაზასპორტული დარბაზი უბილეთოებით გაივსება და თქვენთვის ასე აჯობებს, აქ ერთი შემოსასვლელი კარი მაინც არისო. მოსწავლეები იმდენად ბევრნი იყვნენ, რომ ერთ დღეში სამი სპექტაკლის გამართვა გადავწყვიტეთ.

 

ორი კვირის შემდეგ ავიკარით ჩვენი ბარგი-ბარხანა და აზერბაიჯანულ სკოლას მივადექით. როგორც კი მიკროავტობუსი სკოლასთან გაჩერდა, გადმოსულებს ბავშვები ცირკი მოვიდა!“-ს ძახილით შემოგვეგებნენ. საერთოდ, კახეთის სოფლებში ყველანაირ სანახაობას ბავშვები რატომღაც ცირკს ეძახდნენ. კიბეებთან დირექტორი დაგვხვდა და კლასამდე მიგვაცილა. მაშინვე ტიხრის აწყობას შევუდექით და ნახევარ საათში წამოდგენის დასაწყებად უკვე მზად ვიყავით.

 

სპექტაკლი ქართული ხალხური ზღაპრების მიხედვით გვქონდა დადგმული და ორმოც წუთს გრძელდებოდა. მთავარი მოქმედი პირები დევი და ნაცარქექია იყვნენ, თუმცა პერსონაჟებს შორის კუდიანი დედაბერიც გვყავდა. თევზისა და კუდიანი დედაბრის როლებს, ერთნაირი წარმატებით, პროფესიონალი მსახიობი ასრულებდა. ჩვენი თეატრის სარეკვიზიტოროში დევის ნიღაბს წავაწყდით, რომელიც თავზე ჩამოსაცმელი იყო, კუდიანი დედაბრის რეზინის ნიღაბი კი თბილისში, მაშინდელ ლენინის მოედანზე, `მონადირის მაღაზიაში~ შევიძინეთიქ, სადაც დიდი დათვის ფიტული იდგა ხოლმე.

 

თეატრალურ დარბაზად დროებით გადაკეთებულ კლასს მოსწავლეები მიაწყდნენ. ოთახში ინტერესით იჭყიტებოდნენ და ტიხარზე შემოდებულ დევის ნიღაბს თვალს არ აშორებდნენ. ყველაზე ცნობისმოყვარეებმა ისიც კი გვკითხეს, დრაკონის ნიღაბი ხომ არ არისო? ცოტა ხანში უკვე მთელმა სკოლამ იცოდა, რომ მალე რქებიან და ღოჯეიან დევს ნახავდნენ.

 

პირველი წარმოდგენა თორმეტ საათზე იყო დანიშნული. თხუთმეტი წუთით ადრე ბავშვების შემოშვება დავიწყე. ისე გვქონდა გათვლილი, რომ სპექტაკლის დაწყებიდან პირველი ათი წუთი ჩემი პერსონაჟი დადგმაში არ ერთვებოდა. ამ დროის განმალობაში მე კართან ვიდექი, ბავშვებისგან ფულს ვიღებდი, შემდეგ კი კარს ვკეტავდით.

 

კლასი გაივსო. ყველაზე წინ, მარცხნივ, ფანჯარასთან აზერბაიჯანელი ქალი მასწავლებელი იჯდა, რომელიც ქართული ენის პედაგოგად გაგვეცნო. ტიხრის ტილოზე პატარა ჭუჭრუტანა გვქონდა ამოჭრილი და ტილოსსავე მიკერებული ნაჭრით იფარებოდა. ნაჩვრეტში რომ გავიხედე, გაოგნებისგან კინაღამ ყვირილი აღმომხდა და ვიდეოკამერა ვინატრე. მაყურებელი კლასში ნამდვილ ამფითეატრს ქმნიდა. მოსწავლეები ჯერ სკამებზე ისხდნენ, მათ უკანმერხებზე, კიდევ უფრო უკანმერხებზე შემოდგმულ სკამებზე, ბოლოს კი მერხებზე ფეხზე შემდგარიყვნენ.

 

წარმოდგენა დაიწყო. ცოტა ხანში ბავშვები აჩურჩულდნენ. ეს ჩურჩული მალე ხმამაღალ ლაპარაკში გადაიზარდა და, საბოლოოდ, დიდ ხმაურად იქცა. მსახიობების რეპლიკების გარჩევა უკვე შეუძლებელი იყო. სპექტაკლის დაწყებიდან სულ რაღაც ათი წუთი იყო გასული და სცენაზე გასასვლელად ვემზადებოდი, როდესაც უცებ კულისში კარლო და ბესო შემოვიდნენ.

ერთმანეთის ხმა არ გვესმის! – აღშფოთებით თქვა კარლომ.

საშინელი ხმაურია! – ბრაზობდა ბესო.

რა ვქნათ? – იკითხა კარლომ.

ქართული ცუდად იციან, – ვთქვი და ცოტა ხანში დავამატე, – მოდით, პირდაპირ ბოლო სცენა გავითამაშოთ.

დევი მოვკლა? ასე სწრაფად? – დაიბნა ბესო.

თუ გვისაყვედურებენ, მეორე და მესამე წარმოდგენას აღარ ჩავატარებთ და ეგ იქნება.

არ ვიცი... – მხრები აიჩეჩა კარლომ.

მართლაც, არავინ გვისმენს და ტყუილუბრალოდ რისთვის უნდა ვიწვალოთ? – დაეთანხმა ბესო.

კარლო, გადი სცენაზე და ეგრევე დაიძინე, მერე ბესო მოგკლავს. მთავარია, ეს ფინალური სცენა ითამაშოთ მაგრად, – შევაგულიანე მსახიობები.

 

დევმა დამიჯერა, გავიდა, ტიხართან წამოწვა და ხვრინვა ამოუშვა. ბესომ ხისგან გამოთლილი უზარმაზარი ხმალი აღმართა და სცენაზე შევიდა. ჭუჭრუტანიდან გავიხედე: ხმაურმა თანდათან იკლო, ხოლო როდესაც ნაცარქექიამ დევს ხმალი ჩასცა, სრული სიჩუმე ჩამოვარდა. კარლომ სიკვდილის წინა აგონიის სცენა ბრწყინვალედ გაითამაშაცნობილი ბალეტის მსგავსად, მომაკვდავი გედის მოძრაობები ნატიფად, თუმცა გაზვიადებულად შეასრულა. ჯერ მაღლა აწეული ფეხი შეათამაშა და მოხდენილად დაუშვა, ბოლო კიხელი. აბსოლუტურ სიჩუმეში ქართულის მასწავლებლის ხმა გაისმა:

დევი... მოკვდა!

 

ამ სიტყვებს მქუხარე ტაში მოჰყვა. ბავშვები კმაყოფილები ტოვებდნენ კლასს. ქართულის მასწავლებელმა დიდი მადლობა გადაგვიხადა და გვთხოვა:

შემდეგ წარმოდგენასაც დავესწრები, მინდა, ჩემმა ბიჭმაც ნახოს.

მობრძანდით, ბილეთი საჭირო არ არის, – ვუთხარი მე.

 

შემდეგი სეანსი ორ საათზე გვქონდა. ვინაიდან საკმაო დრო იყო დარჩენილი, სკოლის ეზოში გავედით. ბავშვები ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ და კარლოსკენ იშვერდნენ თითსდევი ეგ კაცი არისო.

 

მეორე სეანსზე კიდევ უფრო მეტი მოწაფე მოაწყდა. კლასი პირთამდე გაივსო, მსურველები კედლებს აჰკვროდნენ. ქართულის მასწავლებლის გარდა, კიდევ ორი პედაგოგი გვესწრებოდა.

 

წარმოდგენა დიდი ენთუზიაზმით დავიწყეთ, მაგრამ ამჯერად ყურისწამღები ხმაური სულ რაღაც სამიოდ წუთში ატყდა. ბავშვები აშკარად დევის სიკვდილის სცენას ელოდებოდნენეტყობა, პირველი სეანსის მაყურებლებმა უთხრეს, დევი მაგრად კვდებაო.

რა ვქნათ? – ძლივს მომაწვდინა ხმა კარლომ.

ბესო კულისში გამოვიდეს, შენ კი ეგრევე დაიძინე, – გავძახე მე.

კარგი! – გამომძახა კარლომ და გვერდზე გადაბრუნდა.

 

ბესო კულისში გამოვიდა, ხმალი კიდევ უფრო მეტი შემართებით აღმართა და მძინარე დევს თავზე წამოადგა. ეს ფინალი წინაზე ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდა: განგმირულმა დევმა ფეხი და ხელი ჰაეროვნად დასწია და სული განუტევა. დარბაზში ჩამოვარდნილ სიჩუმეში კვლავ ქართულის მასწავლებლის ხმა გაისმა:

დევი... მოკვდა!

 

არც მქუხარე ტაშს დაუგვიანებია და ამ, სულ რაღაც, ხუთწუთიანმა სპექტაკლმა დიდი წარმატებით ჩაიარა.

 

მასწავლებლებმა გვთხოვეს, რაღა ოთხ საათს დაველოდოთ, ბავშვებს ერთი სული აქვთ, დევის სიკვდილი ნახონ და ბარემ ახლავე შემოვლენო. თხუთმეტწუთიანი და ხუთწუთიანი სპექტაკლების შემდეგ, არც კარლო და ბესო გრძნობდნენ თავს დაღლილად, თანაც შინ ადრე დავბრუნდებოდით. ამიტომ სიხარულით დავთანხმდი.

 

ფოიე მთლიანად გაივსო, წარმოდგენაზე შემოსვლა ყველას უნდოდა, ჩვენდა გასაკვირად, უმცროსკლასელების გარდა, ახლა შიგნით შემოღწევას უფროსკლასელებიც ცდილობდნენდევის სიკვილის ნახვა მთელ სკოლას სურდა. კლასში ბავშვები ერთმანეთს მიჰკვროდნენ. ქართულის მასწავლებლის გარდა, კიდევ ხუთი პედაგოგი და, რაც მთავარია, თავად სკოლის დირექტორი გვესწრებოდი. ეტყობა, დევის სიკვდილის ამბავს მის ყურამდეც მიეღწია.

 

კარი ღია დავტოვე, სადაც ბავშვები წამში სამ რიგად, სიმაღლის მიხედვით ჩამწკრივდნენ. საოცარი გნიასი და ჟრიამული ისმოდა, ყურისწამღები ხმაური იდგა.

 

კულისში, მოკლე თათბირის შემდეგ გადაწყდა, რომ წარმოდგენა პირდაპირ დევის მოკვლის სცენით დაგვეწყო და, რა თქმა უნდა, დაგვემთავრებინა კიდეც. ოღონდ ეს სცენა კარლოსა და ბესოს რაც შეიძლება მეტად უნდა გაეწელათ, იმპროვიზაციით კი იდევ უფრო სასაცილო გაეხადათ. ამაში, პირველ რიგში, კარლოს იმედი გვქონდა, როგორც სახასიათო როლების შემსრულებელი მსახიობისა.

 

კარლომ დევის ნიღაბი თავზე ჩამოიცვა, ტიხრის წინ წამოწვა და საშინელ ხმაურსა თუ გნიასში უშფოთველად ჩაეძინა. არც ბესომ დაახანათავისი გრძელი ხმალი დონ კიხოტ ლამანჩელის შუბივით შეათამაშა და სცენაზე შევიდა. ამ დროს დევმა დაამთქნარა და გვერდი იცვალა, ვითომ დამფრთხალი ნაცარქექია კულისში შემოვარდა, თან სიცილს ძლივს იკავებდა. ბესომ ცოტა სული მოითქვა, სცენაზე დაბრუნდა და დევს ხმალი აძგერა. როდესაც დევმა ხელი და ფეხი ელეგანტური მოძრაობით დაუშვა, ბესომ ხელი მაშინვე ამოაძრო და ხელახლა ჩასცა. კარლოს სხვა რა გზაღა დარჩენოდა, კვლავ ასწია ხელი, მერე კი მკერდზე ნარნარად დაიდო. აბსოლუტურ სიჩუმეში კვლავ ქართულის მასწავლებლის ხმა გაისმა:

დევი... მოკვდა!

 

მქუხარე ტაშმა იგრიალა, დირექტორი ფეხზე წამოდგა და მსახიობებს ოვაციით შეეგება. რეკორდულად მოკლე, ოთხწუთიანი სპექტაკლი, ნამდვილი ფურორით დასრულდა.

 

წარმოდგენის შემდეგ დირექტორი კაბინეტში შეგვიძღვა, ტკბილეულითა და არყით გაგვიმასპინძლდა. შემოსვლიდან სკოლისთვის შეპირებული თხუთმეტი პროცენტი გადავუთვალეთ; დირექტორმა სკოლის ჭიშკრამდე გამოგვაცილა და დამშვიდობებისას გვთხოვა:

მალე ჩამოდით, ოღონდ დევი აუცილებლად ჩამოიყვანეთ!

 

მიკროავტობუსმა სოფელი თითქმის ცარიელმა დატოვა. მგზავრები გზადაგზა გვემატებოდნენ. ერთგან კახურქუდიანი მამაკაცი ბიჭთან ერთად ამოვიდა. ჩანთები სკამის ქვეშ ხვნეშით შეაცურეს და როგორც იქნა, სავარძლებში მოთავსდნენ.

ნეტავ, ამ დალოცვილ კავკასიონზე მიჯაჭვული ამირანი ამაშვებინა... – ინატრა კახურქუდიანმა, – მერე ნახე შენა, აღარც ტანკი გვინდა და აღარც თვითმფრინავი, მაშინვე დაგვიბრუნებენ ჩვენს მიწებსაც და ყველაფერსაც! – და ისეთი გინება მოაყოლა, ყველანი აღტაცებაში მოგვიყვანა.

მა რაა, ბიჯო! იმხელა ბაყბაყ-დევი მოისაკლავა, ჩვენს მტრებს სულ დედას უტირებდა! – რიხიანად დაამატა ვიღაცამ უკნიდან.

 

გაგვეცინა. კარლო ჩანთაში დევის ნიღაბს ღიმილით დააცქერდა.

მერე, სად არის ან ის ამირანი ან ეგ ბაყბაყ-დევი? – თავი მოაბრუნა მძღოლმა.

გზას უყურე, რა ზღაპრები აგიტყდათ, – ჯავრობდა მძღოლის გვერდით მოთავსებული ქალი.

მხსნელის ლოდინს თუ მოვეშვებით, ერთ მუშტად შევიკრებით და ერთად ვდგებით, მერე აღარც ამირანის ზღაპრული ძალა დაგვჭირდება და აღარც ბაყბაყ-დევის თორმეტი თავი, – თავდაჯერებით დაასკვნა გრძელულვაშა ხნიერმა კაცმა.

 

ჩამოწოლილ მრავალმნიშვნელოვან სიჩუმეში კავკასიონის თოვლიან ქედს გავხედე. ყველა თავის საფიქრალს მისცემოდა.

 

 

 ანი ბადალაშვილი

 

...სულს სწყურია საზღვარი,

როგორც უსაზღვროებას

 

 

მწვერვალისკენ მიმავალი

 

მისმინე, ამ მწვერვალს ხო უყურებ? ეს დედოფალიც უსაზღვროებას ესწრაფვოდა ამ უსაზღვრო ცის ქვეშ, მაგრამ მის დათოვლილ წვერსაც ხო ხედავ?

 

ტეტე ჩაფიქრებული უსმენდა ვანო პაპას, რომელიც მოხეური კილოთი ცდილობდა მისთვის მწვერვალისკენ მიმავალი გზისა თუ ცხოვრების გზა ეჩვენებინა.

ხოოო... – ჩაფიქრებულმა თქვა ტეტემ. ამხელა გზაზე ხომ იმის გამო წამოვიდა, რომ უსაზღვროება შეეგრძნო.

ჰოდა, ეს არის მისი საზღვარი. – მზისგან დამწვარი სახე ისე გაებადრა, თითქოს ცხოვრების მთავარ საიდუმლოს მიაგნოო. – აი, იქ რომ ახვალ, მერე შენ ის მითხარი, თუ არსებობს ეს შენი უსაზღვროება, – თქვა და გაზქურაზე ძეხვის ბოლო ნაჭრები ჩაალაგა.

 

უკვე ბინდდებოდა. ნისლი მთებს კალთასავით გადაჰფარებოდა. ცაც ისეთი ლამაზი იყო, თითქოს, ისიც რაღაც დიდებულისთვის ემზადებაო. ტეტე კი ღუმელთან იჯდა ახალგაცნობილ სვანებთან ერთად და მღელვარებისგან ცქმუტავდა. თვალის მოხუჭვაზე ფიქრობდა, მაგრამ ძილისკენაც არ მიუწევდა გული. რა იქნებოდა, რომ ვერ ასულიყო? ის ხომ ქალაქს გამოექცა. ადგილს, სადაც მხოლოდ მის დაღლილ სუნთქვასღა გრძნობდა. ახლა კი იჯდა სტალინისდროინდელ აშენებულ მეტეოსადგურში, ცხვირში შემწვარი ძეხვის უსიამოვნო სუნი სცემდა. ვანო პაპას დასმულ ჭაჭ გამურულ ჭიქას უყურებდა, რომელიც ამტკიცებდა, თუ ამას დალევდა ასვლის წინ და ერთი-ორ ნივრის კბილსაც მიაყოლებდა, მთელი ღამე ჩიტივით ირბენდა წვერამდე.

 

...და რაში გვარგია ადამიანებს უსაზღვროების ძიება? ვიპოვით კი? საერთოდ, რა არის უსაზღვროება? – ფიქრებში გართულმა გადაჰკრა ჭაჭა და სახის დამანჭვა და ტანში ჭიანჭველების დავლა ერთი იყო.

 

გაუხეშებულ, დახეთქილ ხელებში გურამის ნაჩუქარ გურამ რჩეულიშვილის მოთხრობების კრებულს ათამაშებდა. გაცრეცილი ყდა გადაშალა და პატარა ფოტო შემოეფეთა, რომელსაც წიგნის სანიშნედ იყენებდა. ფოტოდან სახეგაბადრული გურამი და დაღლილი, მაგრამ გამარჯვებული საკუთარი თავი უმზერდა. ეს ფოტო წინა ზაფხულს ჭაუხების მწვერვალზე გადაიღეს. ეს წიგნიც საბანაკეზე დაბრუნებულმა გურამმა აჩუქა. ჩემი მოსახელეს წიგნიაო. მასაც ისევე უყვარდა, ბიჭო, მთები, როგორც მე მიყვარს და ახლა შენც გეყვარებაო. მისი ასვლა წაიკითხე, ნახავ, როგორ ეშინიათ, იყინებიან, მაგრამ მთაში მაინც მეგობრობა იმარჯვებსო. მეგობრობა კი იმიტომ იმარჯვებს, მწვერვალის გზაზე ყველას თავისი ჭია ღრღნისო და მე თუ ეს ჭია მაბეზრებს თავს, ვიცი, რომ ჩემზე წინ მიმავალს უარესი ჭია ყავს შეჩნეულიო.

 

ეხ, ნეტავ, რაზე საუბრობდა გურამი? – ტეტეს ჩაეღიმა. ბეთლემის ეკლესიას გახედა, სადაც ამ შუადღით იყო ასული. უნდოდა თავისი ძალები გამოეცადა უფრო მაღლა, როგორც წესია.

 

ვეღარ ისვენებდა, ცქმუტვას უმატა. შეზარხოშებულ ვანო პაპას ძილი ნებისა უსურვა და ჭრიალით გააღო მეტეოს გასასვლელი. ხმით გალობდნენ, ტეტე ჩაფიქრდა, სადმე თუ გამიგონია ასეთი ლამაზი ხმებიო.

 

გაყინულ კარავში შეწვა. ძლიერი ქარი ქროდა. იცოდა, ქარი თუ არ ჩადგებოდა, გზას გაურთულებდა. დილის ორ საათამდე ბევრი დრო აღარ იყო დარჩენილი. დროის გასვლასთან ერთად მოძალებულ მღელვარებას კი კლიდან ჩამოცვენილი, შემზარავი ლოდების ხმა უფრო უმძაფრებდა.

 

კაცმა უნდა მთელი სულით იცოცხლო, გაახსენდა რჩეულიშვილის წიგნში ამოკითხული ფრაზა. რატომ აეკვიატა ეს ოხერი სიტყვები? ეშინოდა, სურვილი ჭამდა... კარავში გამოკეტილი ვეღარ ისვენებდა. იცოდა, წინ რა ელოდა, ამიტომ თვალის მოხუჭვა ძნელი გამოდგა.

 

დილის ორი საათი სრულდებოდა. ტეტე დაფეთებული წამხტა. შარვალი უცებ ამოიცვა, ქურთუკი შეიკრა, რომელიც ყველგან მიმწვარი და ლეიკოპლასტირებით დაწებებული ჰქონდა. ფეხსაცმლის თასმები მჭიდროდ მოიჭირა, წინა დღის გამზადებული ჩანთა ზურგზე მოირგო და მეტეოს შესასვლელისკენ გაემართა. მთელი მეტეო ფეხზე იყო. ჩუმი ჟრიამული ისმოდა. სასიამოვნო ღელვა იგრძნობოდა. ვინც მარშუტზე დადგომას არ აპირებდა, ისინი სხვების გასაცილებლად გამომძვრალიყვნენ თბილი საძილე ტომრებიდან. მითითებებს გასცემდნენ. ზოგიც უჩუმრად ამოწმებდა თოკებს, წრიაპებს, წერაყინებს... ხომ ყველაფერი ადგილზე იყო. ყველაზე ნაკლებად მთამ იცის, ვინ არის შენი მეგობარი, მტერი, მოყვარე... აქ თითქოს ყველანი ერთნი გავმხდარიყავით.

ყველაფერი რიგზეა? – ყავით ხელში გამოეგება ვანო პაპა. – მიდი, მოსვი ერთი-ორი ყლუპი და აბა, შენ იცი, პირველად ადიხარ მარტო, ყველაფერს დაუკვირდი და ისე იმოქმედე. მშვიდობით დამიბრუნდი. ერთი რას მიხვდები, იქ ზემოთ, ხომ უნდა მითხრა? მთლად შენს უსაზღვროების ძიებას ნუ გადაყვები,გაუღიმა,ღმერთი შენკენო! – პირჯვარი გადაწერა, დალოცა და ტიტემაც პირჯვარი გადაიწერა. რატომღაც, რაც მთაში სიარული დაიწყო, ღმერთი უფრო ხშირად ახსენდებოდა. წინ რუსების ჯგუფი მიდიოდა, მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა და გზა განაგრძო.

 

ვერც მიხვდა, ცა ვარდისფრად ისე შეიღება. სხივები კლდის წვერებს წვდებოდა. თითქოს მზე ტეტეს გათოშილი სხეულის გასათბობად ამოსულიყო. ყელში სასიამოვნო ბურთი ეჩხირებოდა. ცრემლები მოსდიოდა: მღელვარების, დაღლის, ბედნიერების... თანდათან გრძნობდა, როგორი პატარა, უსუსური და უმნიშვნელო იყო, უზარმაზარ მთაში ჩაკარგული. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას უკან რაღაც მძიმეს ტოვებდა და გულში ახალი სხივი იბადებოდა. ახლაღა მიხვდა, რას ნიშნავდა გურამის სიტყვები: კაცმა უნდა მთელი სულით იცოცხლოო.

 

თითოეულ ნაბიჯს მის დაღლილ სუნთქვას აყოლებდა. უსასრულო სიჩუმეში მისი გულისცემა ყურისწამღებად ისმოდა. რაც უფრო მაღლა ადიოდა, კი ხვდებოდა, როგორი პატარა კაცი ყოფილა ეს დიდგულა ტეტე, მაგრამ იმასაც მიხვდა, თან როგორი საკმარისი. ამას იქ, დაბლა, ქალაქში რთულად თუ მიხვდები კაციო.

 

ყინულში სამაგრებს არჭობდა, მარჯვენა ხელით წერაყინს ძლიერად ასობდა მტკიცე ყინულში, წრიაპის წვერებს წკარა-წკური გაუდიოდა...

 

უზარმაზარ ნაპრალს ჩახედა და ტანზე ჭიანჭველასავით ეკალმა დაუარა. შიშს თვალებში ჩახედა. მზერას ვერ აწვდენდა, სად მთავრდებოდა ნაპრალის უსასრულობა. უცებ, უკან თავქუდმოგლეჯილი გაქცევა მოუნდა, რაც შეიძლება მალე გასცლოდა ამ მკაცრ მიწას, ნაპრალი აღარ დაენახა, მიწა მყარად ეგრძნო ფეხებქვეშ, უსაფრთხოდ ყოფილიყო, ისე, როგორც ბავშვობაში, დედა რომ გვერდზე მიუწვებოდა და ეგონა, ქვეყნად ყველა მისი ბავშვური პრობლემა გამქრალიყო.

ნეტავ, ადამიანებს თუ გაგვაჩნია უსაზღვროება, როგორც ამ ნაპრალს? მგონი, ვანო პაპა რაღაც მართალს ლაპარაკობდა. – ჩაილაპარაკა და სიცივისგან გაყინულ ხელებზე მეოთხე ხელთათმანიც მოირგო.

 

სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას... მის გვერდზე ჩავლილი კაცი გალაკტიონის ლექსებით ირთობდა თავს.

 

იქნებ, ტყუილად წამოვედი ჩემში უსაზღვროების საძებნელად? და საერთოდ, რა არის უსაზღვროება? თავისფლება, ულევი საზღვრები თუ რას წარმოადგენს? იქნებ, აქ, უსასრულო ცის ქვეშ მწვერვალისკენ მიმავ სულ სხვა რაღაცას ეძებენ და პოულობენ? იქნებ არც გვჭირდება უსაზღვროება? რა იქნება მასში ქაოსის მეტს რომ ვერაფერს მივაგნოთ? ნუთუ, თავისუფლება მხოლოდ უსაზღვროებაში მიიღწევა? იქნებ, მის ძებნაში ის გვავიწყდება, რისი ძიებისთვისაც სინამდვილეში ვცოცხლობთ? უსაზღვროება რომ ვიპოვოთ? მერე? გაუმაძღარ ადამიანებს ეს დაგვაკმაყოფილებს? მერე რისი აღმოჩენა მოგვწყურდება?

 

...და რომ დავიკარგოთ? – ტეტე ამ ამაღლებულ ფიქრებს ეკიდებოდა, როცა მიხვდა, რომ ეს ერთი ბილიკიც ჰყოფნიდა, თავი ცოცხლად რომ ეგრძნო. მიხვდა, რომ საბოლოო დანიშნულება არა ხევის დედოფლის ბოლო წერტილი უნდა ყოფილიყო, არამედ საკუთარი თავის ძიება და ამ ძიებაში მისი საზღვრების პოვნა.

 

ყოველი უკან დატოვებული ნაკვალევი, საკუთარ თავამდე გადადგმული ერთი ნაბიჯი იყო. ყოველი მისი ჩუმი ხმაური, გონებაშ მოღრიალე შიში, მძიმე სუნთქვა, გაყინული ფეხის თითები, მწვერვალის გზაზე გაკეთებული ყოველი სადგური, ბოროტ მბრძანებლად აღმართული კლდეები ტეტე იყო, მისი თავი იყო, მისი საზღვრები იყო. ყველა ის ნიღაბი, ქალაქში რომ ატარებდა, სადღაც გამქრალიყო და მართალი ტეტე დარჩენილიყო, ამ უსასრულო გზაზე, რომელიც მოჩვენებითად გამოიყურებოდა უსაზღვრო, სინამდვილეში კი ტეტესავით საზღვრები გააჩნდა. შიში, რომელიც სიფრთხილეს სძენდა, სიყვარული, რომელიც აქ ასვლას აიძულებდა, პასუხისმგებლობა, რომელიც საკუთარი თავისა და სხვების მიმართ გააჩნდა, ჟინი, რომლის გარეშეც არაფერი გამოდიოდა, თავისუფლებაში მოქცეულ საზღვრებს აგრძნობინებდა. ალბათ, ამიტომაც იყო მთა ასეთი დიდი, ტეტე კი უბრალო და პატარა კაცი. საზღვრები რომ არა, აბა, მყინვარწვერი რას აპატიებდა? იქნებ, ამიტომაც ჩაიღიმა ვანო პაპამ ასე ეშმაკურად, ტეტეს ბავშვურად რომ სჯეროდა, უსაზღვროებას ვიპოვიო. ან მასში კარგი რა ეყარა, რო?! იქნებ, ქაოსის მეტი არც არაფერი.

 

ტეტე ბოლო სადგურსღა აკეთებდა, საზღვრების საჭიროება რომ იგრძნო. მასაც ვანო პაპასავით ჩაეღიმა. თურმე, ამ მკაცრსა და ცივ ადგილასაც გვჭირდება მთის უხუცესებიო. ისე, როგორც ბავშვობაში, სკოლაში წასვლის წინ, მამა უშველებელ დარიგებებს რომ ჩამოარაკრაკებდა. როგორი აბეზარი გვეჩვენებოდა, მაგრამ თურმე როგორი საჭირო...

 

მხარზე ხელის დარტყმა იგრძნო. მაშინ მიხვდა, მწვერვალის წვერზე რომ ასულიყო. ღრუბლებში ჩამალულ მზეს სახე მიუშვირა. ერთი ღრმად ამოისუნთქა და თეთრ თოვლზე წამოგორდა. ზურგჩანთიდან საქართველოს დროშის ნაცვლად, გურამ რჩეულიშვილის წიგნი ამოიღო, წიგნიდან კი მისი და გურამის ფოტო.

 

აგერ, რომ შეგპირდი, ამოვედიო.

 

მაინც არაფერი გვეშველება ჩვენ, ადამიანებს. რაც საპოვნელ არაა, იმას ვეძებთ, მაგრამ, აგერ, გზაზე, ხანდახან ისეთ ჭეშმარიტებას აღმოვაჩენთ, რაც ისედაც ცხვირწინ გვიდევს, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევთ. ეს გურამ რჩეულიშვილი, ჩემი ძმაკაცისა არ იყოს, რა ჭკვიანი კაცი ყოფილა. წინა ღამით რომელიღაცა მოთხრობაში ამოიკითხა: ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაშიო.

 

მწვერვალამდე განვლილი გზა თურმე იმაზე ვნებიანი ყოფილა, ვიდრე მის წვერზე ჩამოჯდომა და სულის მოთქმა.

აგერ, ჩემი უსაზღვროებაც! – სიცილით შესძახა და ქვევით დასაშვებად მომზადება დაიწყო. მალე შუადღე მოვიდოდა. მზე ისე წვავდა სახეს, უეჭველია, დამწვრობას ვერ გადაურჩებოდა. ქვემოთ დასაშვები გზა, როგორც ყოველთვის, ისე გაიწელა, აბა, ფიქრის მეტი რაღა დარჩენოდა.

 

ფიქრობდა, როგორი შეცვლილი უბრუნდებოდა ქალაქს, მეგობრებს, ვანო პაპას... მაგრამ, აბა, მან მათზე მეტი რა იცის, იქ ასული იგივე ადამიანად რომ არ ბრუნდება.

 

ერთხელ, პირველად გურამმა მთაში რომ წაიყვანა, ტეტემ თქვა: არც არაფერზე აღარ გაგინაწყენდები, აღარ გავბრაზდები, ყველას და ყველაფერს დავაფასებო. ახლაც მავეს ფიქრობდა. ეს ჩუმი დედოფალი, თურმე როგორი მოლაპარაკე ყოფილა. მან არ უთხრა, სულელი ხარ, აქ რომ იმის მოძებნა გადაწყვიტე, რასაც ვერასდროს იპოვიო. მან უთხრა, როგორი უმნიშვნელოა მისთვის, მაგრამ როგორი საკმარისი საკუთარი თავისთვის.

 

რომ არა ტეტეს მიერ დაწესებული საზღვრები, ვერც საკუთარ ვს იპოვიდა და ვერც ხევის დედოფალს მიაღწევდა, რომელიც ასეთი ქალური სიმტკიცით იცავს მის საზღვრებს.

 

ჯერ ბოლომდე არ მოსაღამოებულიყო, საბანაკე რომ გამოჩნდა. ფეხს უფრო აუჩქარა. ბათინკის მყარი ზედაპირი თითებს აგლეჯდა, მაგრამ მეტეოსკენ ჰქონდა მთელი გული.

 

ვანო პაპას სახე ხელით მოეჩრდილა და გზისკენ იყურებოდა, ეტყობა, ტეტეს თუ ელოდებოდა.

აბა, მომილოცია, ეს ერთი და სხვა მრავალი! – ჩაიხითხითა და მეტეოს სამზარეულოში შეიპატიჟა ცხელი ჩაის დასალევად.

ეე, ვანო პაპა, შენ რა მართალი კაცი ყოფილხარ! თურმე, როგორც ამ მწვერვალს აქვს დასასრული, ისე ჩვენს საზღვრებსაც.

ჯერ სადა ხარ, შვილო! სხვა მწვერვალებიც იმდენ რამეს გეტყვიან, იიიიფ! მოდი, ახლა ერთი ჭიქა ჭაჭა გეკუთვნის, დაილოცე! – არყის ჭიქა პირამდე გაუვ და ისეთი თვალებით შეხედა ტეტეს, თითქოს მწვერვალიდან დაბრუნებული, უკვე არამარტო მთის, მისი შვილიც კი გამხდარიყო.

თურმე, სული უსასრულობისკენ კი მიიწევს, მაგრამ მაინც იმის ძებნაში გადის წლები, რაც საკუთარ თავს გვაპოვნინებს. – სადღეგრძელოს თქმასავით გამოუვიდა ტეტეს, თქვა და ყაზბეგისკენ წასასვლელად მოემზადა.

 

 

 გიორგი კუცია

 

ირაკლის უჯრა

 

ეს შობელძაღლი, სად წაიღეთ ჩემი სავარცხელი!ყვირილით შემოდის ჩვენს ოთახში მამა. მისი ჩახლეჩილი (ხორხის ოპერაცია აქვს გაკეთებული) ხმით ყვირილი ჩემს ნერვულ სისტემაზე საშინლად უარყოფითად მოქმედებს.

 

მივარდება ირაკლი უჯრას და ხმაურით გამოაღებს. იქაც რომ ვერ პოულობს თავის ჯღან, რკინის დაჟანგულ სავარცხელს, უკვე უშვერი სიტყვებით გინებაზე გადადის.

 

მე სახე მიხურდება, ხელის თითები მიცივდება და ცხელ ლოყებზე ვიდებ ორივე ხელს. ირაკლი ტირილს იწყებს.

 

გაივლის წლები და თავი ზუსტად ისეთნაირად გამიმელოტდება, როგორც მამას ჰქონდა.

 

* * *

 

სკოლიდან შინ დაბრუნებულ ირაკლის, თავის უჯრაში წერილი დახვდა. დეიდას დაეტოვებინა მამასთვის. შეცბა, კითხვა დაიწყო. მადლობა, რომ ცხრა თვე შეგვინახე ეს გაუბედურებული ხალხიიწერებოდა დეიდა.

 

დეიდა ნაწყენი წასულა. ირაკლის გულმა რეჩხი უყო. ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს დედა ხელმეორედ მოუკვდა...

 

ლობიო მაგიდაზეა, – ასე სრულდებოდა წერილი.

 

* * *

 

ხელი არ ახლოო, ციხეშია შესაგზავნიო, რაღაც გვარს ასახელებს, – იმათთვისააო. იცის, რომ ნარკომანები და ნარკოტიკები მესიმპაიურება (ვინც კი ნიჭიერი ხელოვანი არსებობს, ყველაზე ამბობენ, ნარკოტიკების მომხმარებელიაო). ჩადებს ამ პატარა ოთხკუთხედ დასტას ჩვენი საერთო ტუმბოს, ირაკლისთვის განკუთვნილ უჯრაში და მიდის.

 

წლების შემდეგ გავიგე, იმ დასტაში გამაბრუებელი საშუალებები არ ყოფილა მოთავსებული. პატიმარი, ციხეში წერდა და ქაღალდის შეგზავნას ითხოვდა, თურმე. ახლა ის ცოცხალი აღარაა, მისი ნაწერები კი იმ უჯრაში ინახება. ინფარქტით მარტო ჯიგრები კვდებიან, რადგან რაც არ გაქვს, როგორ გასკდება?წერს ის.

 

მე დავრჩი ადამიანად, რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს, კარგსაც და ცუდსაც... ან რა დამავიწყებს, როგორ გამოიტანდა, ყველასთვის უცნობ ადგილას გადამალულ, 2-3 ბოთლ ლიმონათს ირაკლი, მაშინ, როცა ამ გაზიანი სასმლის მარაგი კარგა ხნის ამოწურული გვეგონა.

 

* * *

 

სროულობის დრო (აკა მორჩილაძე) დიდი ხანია დასრულდა. აღარც ლიმონათის ყიდვა ჭირს დიდად. მამაც ათი წლის წინ გარდაიცვალა. ირაკლის ცოლი და სამი შვილი ჰყავს.

 

იმ უჯრაში ახლა ჩემი სავარცხელი, საპარსი, საწერი კალმები, კბილების სახეხი ჯაგრისი და სარეცხის გასაფენად გამოყენებული თოკის მორჩენილი ნაჭერი დევს და კიდევ ბევრი წვრილმანი ხარახურა. მუდამ არეული და დაულაგებელია. ჩვენი ოთახი ახლა მხოლოდ ჩემია. სავსეა წიგნებით და იშვიათად ლაგდება.

 

* * *

 

ეს ამბავი, ერთი ჩვეულებრივი სახლის ჩვეულებრივ ბინადრებზეა და ბოლო 30-35 წლის პერიოდს მოიცავს ქრონოლოგიურად.

 

მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ. ასე იყო ეს ამბავი! თუ ჩემი არ გჯერათ, ირაკლის კითხეთ!

 

 

ვახო ვახტანგაძე (I ადგილი)

 

 

...სულს სწყურია საზღვარი,

როგორც უსაზღვროებას

 

 

ჩემი დამსაქმებელი

 

არასდროს არაფერი მყვარებია გაქცევაზე მეტად. ერთადერთი, რასაც არ გავურბოდი და რასაც, როგორც ყოველთვის, პირველ რიგში გაურბიან ხოლმე, საკუთარი თავი გახლდათ. მეტიც, გაუხედნავ ულაყსავით მყავდა მიშვებული და თითო-ოროლა აღვირს გამალებით ვღეჭდი და ვძიძგნიდი.

 

თავდაპირველად გავრბოდი როგორც შვილი, გავრბოდი სახლიდან და რკინის კარის გაჯახუნება მავსებდა კიდეც ერგიით და ახლაც, უთავბოლო გაქცევებისას, მუდმივად ჩამესმის ეს ხმა, როგორ ნიშანი თუ ძახილი სიმართლისა და კარს მიღმა დარჩენილთა სევდა მიმყვებოდა, ვითარცა უკურნებელი სენი, ან მოუშუშებელი იარა, ტკივილთან ერთად მადლიერებით რომ გავსებს და არ გაძლევს დავიწყების საშუალებას.

 

სახლიდან გავიქეცი ქალაქში და იქცა კიდეც ქალაქი ახალ სახლად, საიდანაც ისევე გავიქცეოდი, როგორც მისი წინამორბედისგან, თუმცა მას შემდეგ, როცა ქუჩებს, გამზირებს, ჩიხებს, ეზოებს, მდინარის ჯებირებს, კაფეებსა თუ ბარებს, იაფფასიან დუქნებს, გარეუბნებს, თეატრებს, სახელოსნოებსა თუ გალერეებს, – ისევე არ გავზომავდი, შევისწავლიდი და აღმოვაჩენდი, როგორც ბავშვობის კედლების ყოველ კუთხესა და კუნჭულს.

 

ქალაქიდან გაქცევა არც გამჭირვებია და არც დარჩენილთა სევდა გამყოლია. გამომყვა მხოლოდ მავნე ჩვევებით ვსე ხურჯინი, ნატყვიარები დაფლეთილ ნერვულ სისტემაზე და იმედგაცრუებათა უზარმაზარი თაიგული. სამაგიეროდ, მადლად გამყვა მტკიცე იმუნიტეტი სიცრუის, ღალატის, პირფერობისა თუ ორპირობის მიმართ, როგორც უხილავი ფარდა სულისა.

 

ერთი ქალაქიდან სხვა ქალაქში გაქცევა, შესაკრებთა გადანაცვლებას ჰგავს იგივე ჯამით. ყველა ქალაქი ერთნაირია, მდებარეობისდა განურჩევლად. ყოველ მათგანს საერთო მექანიზმი, საერთო ძრავი მართავს.

 

და ვინაიდან, უარყოფას, როგორც წესი, აღიარებამდე მივყავართ ხოლმე, არაფერი უარმიყვია. ყოველი კოსტუმი შევიკერე, მოვირგე ყოველი აქსესუარი თუ დეკორაცია, და თავად უარყოფის უარყოფამაც რომ მავე წერტილთან დამაბრუნა, ისევ გავიქეცი, შორს შუქნიშნებისგან თუ ავტომობილთა ნათებისგან და საყვირებისგან, შორს ტროტუარებისგან, ზებრა გადასასვლელებისგან, საშაურმეებისგან, ავტობუსების გაჩერებებისგან, მაღაზიებისგან, გაჩახჩახებული ვიტრაჟებისგან თუ მოციმციმე თამბაქოს ჯიხურებისგან, შორს ხალხისგან.

 

სევდა კი, რაც უნდა არაადამიანურად ჟღერდეს, გამყვა მხოლოდ ქუჩის ძაღლებისა და კატების, ალბათ თავსაც ერთ-ერთ მათგანად ვგრძნობდი და ამიტომაც ვაგნებდი ლოყის ქვეშ, კისერთან, მგრძნობელობის ცენტრს მოსაფერებლად. თანაც ყოველთვის მშურდა მათი, წამიერად რომ უყვარდები და წამიერადვე გივიწყებენ.

 

ყველაფერი თავისდა უნებურად დაიწყო და ვისურვებდი ასევე დამთავრდეს.

 

მელიქიშვილის გამზირზე, მომცრო სკვერში მეეზოვემ გამაღვიძა, ციგნის ქალი იყო, ულვაშებში გულწრფელი ღიმილი გაუკრთა. თავს ქვეშ ჩემოდანი მედო, გულის ჯიბეში სამი წერილი ერთი დედას, ერთი საიმედო მეგობარს და ერთიც, ბავშვობის სიყვარულს. არაფერი მახსოვდა, სამივე მათგანი სამ-სამჯერ წავიკითხე. ალაგ-ალაგ შევასწორე კიდეც შავი კალმით, გავმართე, მერე საკუთარ თავს განზრახვა თუ დასახული მოვუწონე და შევუქე, შემდეგ, კმაყოფილმა, სამივე წერილი დავხიე და ნაგავში მოვისროლე.

 

სულ პატარაობიდანვე გამოვიმუშავე ასეთი ხერხიგზაგასაყარზე, თუკი არ იცი საით წახვიდე, იარე მარჯვნივ. ალბათ, გამოადგება ლოზუნგად რომელიმე კონსერვატიულ პარტიას, ასეთები მართლაც რომ არსებობდნენ.

 

გაზაფხულობით ვთიბავდი ბალახს, დაუსრულებელ წვიმებისას ადგილობრივებთან ერთად ძლიერ, სპირტიან სასმელს ვეძალებოდი და იშვიათად ვიღიმოდი და ვსაუბრობდი. ჩემი დამსაქმებელი ბანიან სახლში ცხოვრობდა, საჩუქრად ბუნებისგან, მის სახურავზე, გაზაფხულობით ხარობდნენ ვარდისფერი და თეთრი ლომისპირები. ამ პატარა სოფელში იყო რამდენიმე ტაძარი, გვარის სალოცავები, ყოველ მათგანს უზარმაზარი ურდული იცავდა და მხოლოდ უქმეებსა და დღესასწაულებისას აღებდნენ, შესაწირად. თუმცა, მე არცერთგან ვყოფილვარ.

 

გაზაფხული რომ ჩაივლიდა, ივსებოდა სოფელი ხალხით, ბავშვები არდადეგებით ხარობდნენ, უფროსები, უცხო მიწაზე ნაგროვებ ფულს ხალისით ხარჯავდნენ და გადაქცეულ სახლებს ამაგრებდნენ. ვენახები და ყანები მწვანდებოდნენ და ისხამდნენ ნაყოფს, ჩიტები წყვილდებოდნენ. თევზები ყრიდნენ ქვირითს და ძაღლები ნაკლებად ყმუოდნენ ღამღამობით, სიცხისან ენაგადმოგდებულები ბეწვს ინიავებდნენ და გარინდებით ეძინათ. საქმე ბევრი იყო, ადამიანები სიფრთხილით, შიშით და იმედით ელოდნენ შემოდგომას, და რაც უნდა კოხი ყოფილიყო, ბუნება არასდროს ტოვებდა მათ ულუკმაპუროდ.

 

ხშირად მიფიქრია, რომ ჩემებმა უკვე გამომიგლოვეს, ცარიელ კუბოში ბავშვობისდროინდელი მოღიმარი ფოტოსურათი მოასვენეს, ღრმად ჩაფლეს და ქვიანი მიწა მიაყარეს. მე ყოველთვის ვფიქრობდი მათზე, დედაზე, რომელსაც, საბედნიეროდ, კიდევ ჰყავდა შვილი, მეგობრებზე, რომეთაც ჰყავდათ სხვა მეგობრები და ბავშვობის უღალატო სიყვარულზე, წარმოვიდგენდი მოსეირნეს, ქმრითა და შვილებით, ბედნიერს, ხალისიანს, იშვიათად, თუმცა მაინც რომ გაჰკრავდა ჩემზე ფიქრი და თავის გაქნევით იშორებდა ამავე ფიქრს.

 

პირველ ხანებში ერთ-ერთი, ან ერთადერთი სასტუმროს საწყობში ვცხოვრობდი. უამრავ მაგიდას, სკამსა და მაცივარს შორის. ერთ კუთხეში მოვკალათდი და სავსებითაც მყოფნიდა, ისევე, როგორც ორი წიგნი აურაცხელ წიგნებთაგან, ორად ორი ნივთი შინიდან, ქართული პოეზიის ანთოლოგია და ვეფხისტყაოსანი.

 

თიბვისას, გამარგვლისას თუ მჭიდროდ შეკრული მიწის ბელტების გაფხვიერებისას, მხარზე დამარტყამდა ხოლმე ხელს ჩემი დამსაქმებელიკაცოოო!.. – და ამ - უსასრულოდ გააგრძელებდა, – აღარ აპირებ ში დაბრუნებას? – და ყველანაირი სტილის, მართლწერის თუ გამოთქმის დარღვევით, კითხვის ნიშანს არათუ ბოლო სიტყვას, ამ სიტყვის ბოლო ასოს ასვამდა თავზე. არასდროს მიპასუხებია, თუმცა ვიცოდი, ზუსტად ეს იყო ჩემი მთავარი ამბავი. ასევე არასდროს ვყოფილვარ ჩემი დამსაქმებლის სახლში, ვარდისფერი და თეთრი ლომისპირები რომ ხარობდნენ ბანზე. ხშირად წარმოვიდგენდი ამ მარტოსული ადამიანის საცხოვრებელს, ხელშეუხებელს და მოწესრიგებულს, მდუმარეს. ის მხოლოდ დასაძინებლად შედიოდა შინ და გინდა მეტრობით თოვლი მოსულიყო, გათენებასთან ერთად ტოვებდა სამყოფელს. გეგონებოდა, სულ ყველას ხედავდა, ვინც კი წასულა შორს თუ იქ, საიდანაც უკან ვეღარ ბრუნდებიან, ასეთები კი მრავლად ჰყავდა და ჩვენ, მისი მუშა ხელი, ვცნობდით მათ სახელებითაც და ხასიათითაც, სახლში კი არასდროს მივუპატიჟებივართ, ალბათ ერიდებოდა მოარულ სულთა შეწუხებას და სწორადაც იქცეოდა, მე თუ მკითხავთ.

 

პირველივე ზამთარს გადამაბარგეს სასტუმროს საწყობიდან. მეტლახითა და კაფელით გაწყობილ ამ უზარმაზარ სივრცეს არაფერი ათბობდა. ორიოდ ზარისა და მასპინძლის თანხმობის შემდეგ, შორეულ ქვეყნებში რომ გადაბარგებულიყო, ერთ-ერთ სახლში დამაბინავეს. შეშის ღუმელიც გამომიჩხრიკეს და ვიჯექი მის წინ უთავბოლოდ და უმიზნოდ.

 

გაუყვებოდა პერსეფონე ჰადესის გზას და ჩერდებოდა დრო, ყმუოდნენ ძაღლები და ხმას უბამდნენ ტურებიცა და მგლებიც. სამაგიეროდ, სამასკარადედ ირთვებოდნენ მდელოებიცა და მთებიც და აჰყურებდა კავკასიონი ისეთგვარი სიამაყით, მამა რომ შეჰყურებს ხოლმე დაზრდილ შვილებს.

 

ზამთრისას, დიდთოვლობისას, ხშირად მოდიოდა ჩემთან ჩემივე დამსაქმებელი, თოვლისა და ტალახისგან გასათავისუფლებლად, ძლიერად ურტყამდა ფეხებს ფიცარნაგს პატარა აივანზე და ზანზარებდა სახლი და ცვიოდა მტვერი სახურავიდან. შემდეგ დააკაკუნებდა, ნელა, მძიმედ და ხანგამოშვებით, ნაჩვევი რიტმით და კართან კი ვიდექ, თუმცა დაკაკუნებას ვაცდიდი ხოლმე. ყოველთვის მოჰქონდა შეშა, მიუხედავად იმისა, რომ უსაქმურობის გადამკიდე, შეშით სავსე მქონდა სახლის უკან ფარდული. ავავსებდი მადლიერებით და ბავშვსავით წითლდებოდა. კიდევ მოჰქონდა ცოტაოდენი საჭმელი და პატარა ბოთლით, მისივე გამოხდილი ჭაჭა, მკვდარს კი არ გააცოცხლებდა, პირდაპირ ცეკვას დააწყებინებდა. ვსვამდით ცოტას, ის უკვე მიჩვეულიყო ჩემს დუმილს და რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვისა და ამოოხრების შემდეგ, მოიძრობდა გულს და დადებდა ჩვენს შორის. მთელი სოფლის ტკივილს იტევდა და ატარებდა ეს პატა, მფეთქავი ორგანო. წასულებისა თუ წარსულების, უსაქმურთა, მსმელთა თუ სხვა, უფრო მძიმე სიავეთა მატარებელთა, მარტოხელებისა თუ შინაბრების, კლასში ეულად დარჩენილი მოსწავლეების, გაჭირვებულების, და იდგა მაინც მხნედ, მომავლის იმედით გასცქეროდა და ერთი კია, სტკიოდა ეს გული, ძალიან სტკიოდა, ისევე როგორც ჩემი ბედი და უნდოდა ეკითხა, გამოერკვია, ვინ ვიყავი, საიდან მოვედი, რა მსურდა და საით მივიწევდი, თუმცა შესაშური ლოდინით მიცდიდა და ვიცოდით ორივემ, ვიცოდით ყველაფერი, უხმოდ და უნუგეშოდ.

 

 

სწორედ ზამთრისას და სწორედ დიდთოვლობისას, რომ ფეხს ქვეშ მიწუთხილ სკამზე, ვფიქრობდი, დარწმუნებულიც კი ვიყავი, და ფიქრის გამოისობით, თუ გამოძახილით, ვრწმუნდებოდი კიდეც, რომ ამ ალაგს ტყუილად არ მომიყვანა არცა გზამ და არცა სულმა.

 

დღეები გარბოდნენ უცვლელად, თეთრი პეიზაჟივით. ხანდახან მზე დაანათებდა ხოლმე კავკასიონს და ძგერდა გული გაშმაგებითაც და გამალებითაც. ჩემი დამსაქმებელი არსად ჩანდა. ხშირად ქალაქშიც უწევდა წასვლა და შეიარაღება. ამიტომ, არც მომიკითხავს და არც მიძებნია და არც მომისაკლისებია.

 

დღეების გასვლამ და უძრაობამ წყლულები გააახლა, როგრც მიძინებული დაავადება, თითქოს გაცოცხლდა და გააცოცხლა ორგზის, სამგზის და ათასგზის.

 

ბარგი ბევრი არ მქონია. ერთ ზურგჩანთაში ვატევდი აწმყოს, წარსულსაც მომავალსაც. ბოლო დროს თავს ისე ვგრძნობდი, როგორც აგურზე მჯდარი ფუტკარი. და ავიკარი გუდაცა და ნაბადიც და პირვეად, გაქცევამდე, დამშვიდობება გადავწყვიტე.

 

შეძახილზე პასუხი არ მიმიღია. ჭიშკარი ვერ გავაღე და გადავძვერი, თოვლი დამეხმარა. რომ არც კაკუნზე უპასუხებია, კარი შევანგრიე, ჩემი დამსაქმებელი კი იწვა მოღიმარი და ბედნიერი. თავს ეხვეოდნენ გარდასულთა სულები და თითქოს მესმა მათი მშვიდი, მელოდიური გოდება.

სად ვიყავი ამდენ ხანს.

რატომ ვდუმდი.

რატომ.

რატომ.

რატომ.

 

და ეს რა ტომები გამრავლდნენ, ხვიარასავით მოიცვეს ჩემი სულიცა და გონებაც და ვტიროდი, ვტიროდი მარტო, სინანულითაც და მადლიერებითაც. მერე არ ვიცი საიდან მოვიდნენ, ამეკვიატნენ, თავქუდმოგლეჯით გავიქეცი, ჯერ სოფლის ცენტრში ნახევრად დანგრეულ ტაძარს მივადექი, თოვლი ფეხით გადავხვეტე, იქვე ვიპოვე რიყის მოზრდილი ქვა, გეგონებოდა საჩემოდ დაეტოვებინაო ვინმეს ან რამეს, და დავცხე კლიტეს, ორჯერ, სამჯერ, თითებიდან სისხლი მდიოდა და თოვლს უერთდებოდა, ალბათ ვყვიროდი კიდეც, მაგრამ არაფერი მესმოდა. ბოლოს გავტეხე კლიტე და თითქოს ამოისუნთქა ტაძარმა, მიიბარა ჩემი მეგობრის დაღლილი სული. ფეხი არ შემიდგამს, სასწრაფოდ მეორე ტაძრისკენ გავიქეცი და იმავე ქვით დავამტვრიე მეორე საკეტიც, კარი ფართოდ გავაღე, საზეიმოდ შემომასუნთქა თითქოს, თან მკიცხავდა და როცა მიზეზი გავანდე გაირინდა, გაყუჩდა, ხელები შემომხვია და გულში ჩამიკრა.

 

მერე წავედი და გაყინული მიწა ვამტვრიე, დამიღამდა, ჩავწექი შიგნით და მინდოდა მოვმკვდარიყავი, მაგრამ ხელს მკრავდა ხოლმე თავად მიწა და არ დამაძინა.

 

ისევ დავბრუნდი ჩემს დამსაქმებელთან, ლოგინთან, ფიცრის იატაკზე დავჯექი და მოვყევი ამბებს, დასაბამიდან აქამომდე და თან ვტიროდით და თან ვიცინოდით ყელში გაჩხერილი ვეებერთელა სევდის ბურთით.

 

ბოლოს ჩამეძინა, ძილში ჩამესმოდა მხოლოდ ერთი კითხვა, მრავალნაირი სიტყვათწყობით: და მერე? და ახლა? და შემდეგ?..

 

დილაადრიან გამაღვიძა სიცივემ, ჩემს დამსაქმებელს, უზარმაზარ შუბლზე დავადე ხელისგული და თითქოს იყო თბილი, მაგრამ წამიერად იყინებოდა კიდეც. აღარ ჩამომვარდნია არცერთი ცრემლი, აღარც მიფიქრია.

 

ჭიშკარს გადმოვახტი, დათოვლილ სახურავს ვუცქირე ერთხანს, თეთრი და ვარდისფერი ლომისგულები წარმოვიდგინე, წარმოვიდგინე გაზაფხულის თიბვა, მოცელილი ბალახის სურნელი და მხარზეც კი ვიგრძენი ხელის დარტყმა და დავტოვე მისი სამყოფელი, პირველადაც და უკანასკნელადაც.

 

განშორებისას, ბავშვობის ხერხი მოვიშველიე: გზაგასაყარზე, თუკი არ იცი საით წახვიდე, იარე მარჯვნივ.