ვაჟა-ფშაველა - 165

თარიღი : 15.07.2026

14 ივლისს მწერალთა სახლში ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
საღამოს უძღვებოდნენ ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული, რომლებმაც ვრცლად ისაუბრეს ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, ასევე წიგნი-ალბომის „ვიცანი, ღმერთო, სამყარო – ვაჟა-ფშაველას ნაკვალევზე“ შესახებ, რომლის ავტორებიც თავად არიან.
წიგნი აერთიანებს ვაჟა-ფშაველას შესახებ უცნობ მოგონებებს, ასევე საუბრებს გულქან რაზიკაშვილთან.
ღონისძიება გახსნა მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ვაჟა-ფშაველას საიუბილეო თარიღი მიულოცა.
ქეთევან დუმბაძემ ისაუბრა ვაჟა-ფშაველას ლიტერატურული მემკვიდრეობის მუდმივ აქტუალობასა და იმ ღირებულებებზე, რომლებსაც დღემდე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართულ საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში.
ქეთევან დუმბაძემ ასევე დამსწრეებს გააცნო ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმავე დღეს გამართული ღონისძიებები, ისაუბრა მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ და წარადგინა წიგნი – „შეხვედრა“, რომელიც გამოიცა მწერალთა სახლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. წიგნი ორენოვანია და მისი ავტორები არიან გიორგი ალიბეგაშვილი, იასუჰირო კოჯიმა და მამუკა ჭანტურაია.
მასში ურთიერთშედარებითი კუთხით განხილულია ორი დიდი შემოქმედის − ვაჟა-ფშაველასა და რიუნოსკე აკუტაგავას ნაწარმოებები: „ალუდა ქეთელაური“ და „სანემონის დანაშაული“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და სხვა სტუმრები.
საღამოზე ასევე წარმოდგენილი იყო მხატვარ თემურ ყუბანეიშვილის მიერ შექმნილი, ვაჟა-ფშაველას შემოქმედების თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ეკრანზე ენახათ ლიტერატურის მუზეუმის ფონდებში დაცული ვაჟა-ფშაველას ფოტოები, ხელნაწერები და მემორიალური ნივთების ფოტოსლაიდები.
საღამოს დასკვნით ნაწილში სტუმრებსა და წამყვანებს შორის დიალოგი გაიმართა.