ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლის იუბილე მთაწმინდაზე აღინიშნა.
მთაწმინდის პანთეონში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ვაჟა-ფშაველას ლექსის „ჩემი ვედრება“ მიხედვით შექმნილი თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა. დადგმის რეჟისორი გიორგი სიხარულიძეა.
პერფორმანსში მონაწილეობდნენ მსახიობები: ზვიად დოლიძე, თინათინ კორძაძე, გია აბესალაშვილი, გია საგინაშვილი და საქართველოს სახელმწიფო სამეფო ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე − მსახიობი სანდრო სვანიძე, ასევე, ვოკალური სექსტეტი The Georgian Six და კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი.
საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, კულტურის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
კულტურის მინისტრმა მადლობა გადაუხადა რეჟისორ გიორგი სიხარულიძესა და პერფორმანსში მონაწილე მსახიობებს. მისი თქმით, თეატრალიზებული ღონისძიებები მნიშვნელოვან თარიღებს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის.
მინისტრის განცხადებით, ვაჟა-ფშაველას 165 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტრო კიდევ არაერთ ღონისძიებას გეგმავს.