მალე ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმების სარეაბილიტაციო პროცესი დაიწყება.
პროექტს საქართველოს კულტურის სამინისტრო განახორციელებს. ის ითვალისწინებს კომპლექსის ინფრასტრუქტურულ განახლებას, ისტორიული იერსახის შენარჩუნებასა და სამუზეუმო სივრცეების განვითარებას.
რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხების ადგილზე გასაცნობად, მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე ჭყვიშს ესტუმრა. იგი მუზეუმის ხელმძღვანელ ფერიდა მატარაძესა და თანამშრომლებს შეხვდა და დეტალურად გაეცნო არსებულ პრობლემებს.
ჭყვიშის მუზეუმში ტაბიძეების ოჯახების უნიკალური მემორიალური ნივთებია დაცული. გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლი, ავთენტიკურ ეზოსთან ერთად, 2019 წლიდან სახელმწიფო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ხოლო ტიციან ტაბიძის XIX საუკუნის მიწურულს აგებული სახლი პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვან ისტორიას ინახავს.
რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმება როგორც შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიის აღდგენა-გამაგრება, ისე მემორიალური ნივთების საკონსერვაციო პირობების გაუმჯობესება.