საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ბელა შალვაშვილის ბიოგრაფიული წიგნის − „წარსულის კვალდაკვალ“ წარდგენა გაიმართა

თარიღი : 07.09.2026

6 სექტემბერს, საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, მთარგმნელის, პოეტისა და ფილოლოგის ბელა შალვაშვილის ბიოგრაფიული წიგნის − „წარსულის კვალდაკვალ“ წარდგენა გაიმართა.

წიგნი ავტორის ცხოვრების მნიშვნელოვან ისტორიებსა და მოგონებებს, სხვადასხვა პერიოდის ცხოვრებისეულ ფრაგმენტებს, ასევე მწერლებთან, პოეტებთან და საზოგადო მოღვაწეებთან დაკავშირებული მოგონებებს აერთიანებს.
ღონისძიება გახსნეს მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ, „საქწიგნის“ გენერალურმა დირექტორმა ლია მეტრეველმა და ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მმართველმა ანდრო ბედუკაძემ.

წიგნის წარდგენას უძღვებოდნენ: მსახიობი და დეკლამატორი ელდინო საღარაძე, და ექიმი, პროფესორი არსენ გვენეტაძე.

ღონისძიებაზე ქალბატონმა ბელა შალვაშვილმა ისაუბრა ბიოგრაფიული წიგნის შექმნის ისტორიაზე, საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე, ფირდოუსის „შაჰნამეს“ თარგმნის ხანგრძლივ და რთულ პროცესზე, ასევე წიგნის გამოცემასთან დაკავშირებულ სირთულეებზე.

საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ პოეტი ერეკლე საღლიანი, ჟურნალისტი და მწერალი თამაზ ხმალაძე, აკადემია „ფაზისის“ დამფუძნებელი გია კვაშილავა, მწერალი, ჟურნალისტი და პოეტი მარინა თექთუმანიძე და სხვა სტუმრები.
ბელა შალვაშვილი პირველი ქართველი მთარგმნელია, რომელმაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი პოემა − ფირდოუსის „შაჰნამე“ („მეფეთა წიგნი“) ქართულ ენაზე სრულად თარგმნა.

„შაჰნამეს“ თარგმნისთვის ბელა შალვაშვილს 2025 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. მისი თარგმანი 2016 წელს ირანში წლის წიგნად აღიარეს. ბელა შალვაშვილს მიღებული აქვს ირანის ისლამური რესპუბლიკის ჯილდო „ფირდოუსის პრემია“.