დედა ენის საიუბილეო კონკურსის დებულება

თარიღი : 18.09.2026

დანართი №1

 

სსიპ - მწერალთა სახლის

დედა ენის საიუბილეო კონკურსის 

დებულება

 

1. ზოგადი დებულებანი

წინამდებარე დებულება განსაზღვრავს  სსიპ მწერლთა სახლის (შემდგომ - „მწერალთა სახლი“) დედა ენის საიუბილეო კონკურსის „დედა ენა 150 – ახალი თაობის ხმა“ (შემდგომ - კონკურსი) მიზნებს, პირობებს, საკონკურსო კომისიის საქმიანობასა და გამარჯვებულთა გამოვლენის წესს.

მუხლი 2. კონკურსის  მიზნები

კონკურსის მიზნებია:

ა) „დედა ენის" 150 წლის იუბილეს აღნიშვნა თანამედროვე საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ფორმებით;

ბ) „დედა ენის" პოპულარიზაცია ციფრული მედიის საშუალებით; 

გ) მოსწავლეებში შემოქმედებითი, ვიზუალური და ციფრული უნარების განვითარება; 

დ) მოსწავლეებში ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ინტერესის გაძლიერება;

ე) მუზეუმების როლის გააქტიურება და საგანმანათლებლო პროცესებში მათი აქტიური ჩართვა.

მუხლი 3. კონკურსის პირობები

1. კონკურსი ერთჯერადია და ცხადდება „მწერალთა სახლის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით www.writershouse.ge, ასევე მიეწოდება ინფორმაცია სასკოლო რესურსცენტრებს, სკოლებში გასავრცელებლად.

2. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

ა) საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებს. ერთი სკოლა წარმოადგენს ერთ გუნდს. 

გუნდის შემადგენლობა:

მაქსიმუმ 10 მოსწავლე; 

1 პედაგოგი (კურატორი).

3. საკონკურსო ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს ციფრულ ფორმატში.

4. კონკურსი ტარდება ორ ნომინაციაში: „დედა ენა - გაცოცხლებული მოთხრობები“ (ვიდეორგოლი ან ანიმაცია გოგებაშვილის პატარა მოთხრობის მიხედვით) და „ანბანი დღეს“ (ანბანის ასოებზე შექმნილი პოსტერი). თითოეულ კონკურსანტს შეუძლია ერთი საკონკურსო განაცხადის წარდგენა თითოეულ ნომინაციაში.  

5. კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ წიგნის შესაძენი ვაუჩერები. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:

ა) საუკეთესო ვიდეორგოლი ან ანიმაცია (გაიცემა სამი პრემია):

ა.ა) პირველი პრემია - 500 ₾ ვაუჩერი;

ა.ბ)  მეორე პრემია - 300 ₾ ვაუჩერი;

ა.გ)  მესამე პრემია - 200 ₾ ვაუჩერი.

ბ) საუკეთესო პოსტერი (გაიცემა სამი პრემია):

ბ.ა)   პირველი პრემია - 500 ₾ ვაუჩერი;

ბ.ბ)   მეორე პრემია - 300 ₾ ვაუჩერი;

ბ. გ)   მესამე პრემია - 200 ₾ ვაუჩერი.

გ) დამატებითი ნომინაციები ორივე კატეგორიაში (თითოეულში თითო პრემია, 100 ₾ ვაუჩერი):

გ.ა)   ჟიურის სპეციალური პრიზი; 

გ.ბ)   მუზეუმის რჩეული;

გ.გ) ყველაზე კრეატიული ნამუშევარი;

გ.დ) საზოგადოების რჩეული

 

6. კონკურსში მონაწილეობისთვის;

სკოლა ავსებს სარეგისტრაციო ფორმას, რომელსაც გზავნის საკონკურსო ნამუშევრებთან ერთად. 

ვიდეო იგზავნება WeTransfer-ის ბმულით. 

პოსტერები იგზავნება JPG ან PDF ფორმატში.   

ყველა ნამუშევარი იგზავნება კონკურსის ოფიციალურ ელფოსტაზე contest@writershouse.ge

შესაძლებელია მონაწილეობა ერთ ან ორივე კატეგორიაში; 

თითო გუნდი აგზავნის: 

ერთ ვიდეოს; 

მაქსიმუმ სამ პოსტერს.

 

 

7. საკონკურსო განაცხადი მიღებულად ითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ელექტრონულად გამოგზავნილ საკონკურსო განაცხადზე ელ.ფოსტიდან - contest@writershouse.ge განმცხადებელი მიიღებს დასტურს განაცხადის მიღების შესახებ;

 

მუხლი 4. კონკურსის  ვადები

1. საკონკურსო განაცხადების მიღება ხდება 2026 წლის 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.

2. კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება 2026 წლის 27 ნოემბერს.

მუხლი 5. საკონკურსო განაცხადის შერჩევის / შეფასების წესი

1. კონკურსის ფარგლებში რეგისტრირებულ საკონკურსო განაცხადებს განიხილავს და შეაფასებს „მწერალთა სახლის“ დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისია (შემდგომ - კომისია) 5 წევრის შემადგენლობით.

2. კომისიის მიერ საკონკურსო განაცხადების შეფასება ხორციელდება 100 ბალიანი სისტემით, შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

N

შეფასების კრიტერიუმი

ქულა

1

იდეის ორიგინალურობა

0-20

2

„დედა ენის" თემის გააზრება

0-25

3

შემოქმედებითი გადაწყვეტა

0-20

4

ვიზუალური ხარისხი

0-15

5

ტექნიკური შესრულება

0-10

6

გუნდური მუშაობა

0-10

სულ:

100

3. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, გადაწყვეტილებას გამარჯვებულის შესახებ იღებს კომისიის თავმჯდომარე.

 

მუხლი 6. საკონკურსო კომისია

1. კონკურსის ფარგლებში შემოსული ნამუშევრების განხილვისა და შეფასების მიზნით, „მწერალთა სახლის“ დირექტორის ბრძანებით იქმნება კომისია.

2. საკონკურსო კომისია განისაზღვრება 5 წევრით და მისი შემადგენლობა თანხმდება საქართველოს კულტურის სამინისტროსთან.

3. კომისიის შემადგენლობაში შედიან კონკურსის თემატიკის შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

4. კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება წევრთა არანაკლებ ორი მესამედი.

5. კომისიის წევრებს ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნებათ ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგის, განხილვის ადგილის, თარიღის/დროისა და განსახილველი საკითხების შესახებ.

6. კომისიის თითოეული წევრი ინდივიდუალურად აფასებს თითოეულ საკონკურსო განაცხადს და შეფასებას ელექტრონული ფოსტის (ან  გამონაკლის შემთხვევაში, მატერიალური სახით) საშუალებით უგზავნის კომისიის მდივანს.

7. კომისიის სხდომის შედეგები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

8. საკონკურსო კომისიის მდივანი განისაზღვრება მწერალთა სახლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

9. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს  საკონკურსო კომისიის სხდომებს და მონაწილეობს კონკურსის ფარგლებში შემოსული განცხადებების განხილვა/შეფასებაში;

ბ) აკონტროლებს სხდომებისთვის საკონკურსო დოკუმენტაციისა და მასალების მომზადებას.

10. საკონკურსო კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებას ახორციელებს კომისიის  მდივანი, რომელიც: 

ა) უზრუნველყოფს საკონკურსო კომისიის სხდომების ჩატარებას, კომისიის თავმჯდომარეს უწევს დახმარებას თავის საქმიანობაში, კომისიის წევრებს ატყობინებს სხდომების ჩატარების დროსა და ადგილს, კომისიის წევრებისათვის ქმნის შესაბამის სამუშაო პირობებს და  უზრუნველყოფს მათ საჭირო მასალებითა და დოკუმენტებით; 

ბ) კონკურსის ფარგლებში განცხადებების მიღების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს საკონკურსო კომისიის წევრებს სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის საშუალებით უგზავნის რეგისტრირებულ განცხადებებს და შესაბამის დოკუმენტაციას;

გ) აწარმოებს საკონკურსო კომისიის სხდომების ოქმებს.

11. საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია, საკონკურსო კომისიის მიერ განცხადებების განხილვის დაწყებამდე განაცხადოს თვითაცილება, თუ არსებობს გარემოება, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს რომელიმე განცხადების ობიექტურად შეფასებასა და გადაწყვეტილების მიუკერძოებლად მიღებაში.

12. თუ საკონკურსო კომისიის წევრი არ განაცხადებს თვითაცილების შესახებ და აღნიშნულის შესახებ კონკურსის მიმდინარეობისას გახდება ცნობილი, მისი შეფასება, მოცემული განცხადების შესახებ, არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

13. საკონკურსო კომისიის წევრები ვალდებულნი არიან, დაიცვან კონფიდენციალობა და არ გაამჟღავნონ კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, საკონკურსო კომისიის მუშაობის შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე.

14.      საკონკურსო კომისიის საქმიანობა ანაზღაურებადია.