ფშავი ხალხური პოეზიის და ვაჟა-ფშაველას სამშობლოა.
აქ თანამედროვე ქართული სიტყვა სხვა ემოციას იძენს და ეს გარემო, ეს ადამიანები სხვა პასუხისმგებლობით ავსებენ „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე ავტორებს.
შეხვედრა ჩარგალში, ვაჟას სახლ-მუზეუმის ეზოში ჩატარდა. ადგილობრივების გარდა, ავტორებთან შესახვედრად მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მობრძანდნენ.
დღევანდელ ღონისძიებას ერთი განსაკუთრებული მასპინძელი ჰყავდა − ვაჟა-ფშაველას შვილის, ლევან რაზიკაშვილის შვილიშვილი, 80 წლის ნინო რაზიკაშვილი.
პროექტის პოპულარიზაციის, ლიტერატურული გამოცემების ხელშეწყობისა და გავრცელების მიზნით, ადგილობრივებს საჩუქრად გადავეცით წიგნები, „ლიტერატურული გაზეთის“ სხვადასხვა ნომერი და „ცოცხალი წიგნების“ გამოსახულებიანი მაისურები.
„ცოცხალი წიგნები“ ფშავიდან ხევსურეთში აგრძელებს გზას და ხვალ ბარისახოელ ხევსურებს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ „ცოცხალი წიგნების“ ფშავ-ხევსურეთის ტურში მონაწილეობენ თანამედროვე ქართველი მწერლები: ალექსანდრე მიშელაშვილი, გიზო თავაძე, ერეკლე დეისაძე, ცირა ბარბაქაძე და მაია მინდელი.