„ცოცხალი წიგნების“ მორიგი შეხვედრა

თარიღი : 07.10.2026

6 ოქტომბერს „ცოცხალი წიგნების“ მორიგი შეხვედრა მკითხველთან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში შედგა. ბიბლიოთეკის კეთილმოწყობილი და მყუდრო დარბაზები ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმის შენობაშია განთავსებული. მუზეუმი 7000-ზე მეტ არტეფაქტს ინახავს.
გუშინდელ შეხვედრაზე ბევრი ახალგაზრდა მოვიდა. გიორგი ბალახაშვილის, ია სულაბერიძის, თიკო კოლოტაშვილის და ირმა ბერიძის ლექსებს, ნინო გუგეშაშვილის პროზაულ მინიატიურებს და პოეზიას ლიტერატურის მოყვარული ადგილობრივი საზოგადოება ინტერესით უსმენდა.
„წიგნი შეუცვლელია, წიგნთან ურთიერთობა ცოცხალია, გაჯეტებისგან განსხვავებით“, − გვითხრეს შეხვედრაზე მოსულმა მოსწავლეებმა. ლაგოდეხის მთავარი ბიბლიოთეკას მათი სახით ხშირი მკითხველი ჰყავს. თაროებზე ნაფურცლი წიგნები ვნახეთ − განსაკუთრებით თანამედროვე ავტორების წიგნების დანახვამ გაგვახარა. ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი ბიბლიოთეკარები, პედაგოგები, მუზეუმელები. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელობა. შეხვედრა მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
„ცოცხალი წიგნების“ საშემოდგომო ლიტერატურულ ტურში მომდევნო „სადგური“ახმეტაა.