მწერალთა სახლის ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ დღეს, 5 ოქტომბერს კახეთში გაემგზავრა.
პირველი ღონისძიება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, რეზო ინანიშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მწერალთა მუზეუმები შესაფერისი სივრცეა ლიტერატურული შეხვედრებისთვის.
ამასთან, მწერალთა სახლმა აღნიშნული საღამო რეზო ინანიშვილის საიუბილეო წლის ფარგლებში მოაწყო და ამით გამოეხმაურა მწერლის დაბადების 100 წლისთავს. ცოცხალი ემოციები, შთაბეჭდილებების გაზიარება, მოგონებები მწერლის ცხოვრებიდან − შეხვედრა ინტერაქციული, და ამდენად − საინტერესო იყო. პროექტის მიზანიც სწორედ ეს არის − მიიღოს მკითხველისგან გამოხმაურება, ხელი შეუწყოს ახალ კულტურულ ურთიერთობებს ცენტრსა და რეგიონს შორის.
დღეიდან საგარეჯოს ბიბლიოთეკები მწერალთა სახლის და სხვა გამომცემლობების წიგნებით შეივსება. საჩუქრად დავტოვეთ „ლიტერატურული გაზეთის“ სხვადასხვა ნომერი და თემატური სარეკლამო მაისურები „ცოცხალი წიგნების“ ესკიზიანი გამოსახულებით.
პროექტის შემოდგომის ეტაპის მონაწილე ავტორები − ნინო გუგეშაშვილი, ია სულაბერიძე, თინათინ კოლოტაშვილი და გიორგი ბალახაშვილი 6 და 7 ოქტომბერს კახეთში კიდევ ორ შეხვედრას გამართავენ.
რეზო ინანიშვილის სახლ-მუზეუმში მკითხველთან „ცოცხალი წიგნების“ შეხვედრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურთან კოორდინაციით მოეწყო.