2 ოქტომბერს მწერალთა სახლში „პარასკევის საღამოების“ მორიგი შეხვედრა შედგა. აუდიტორიის წინაშე წარდგნენ პოეტი, პროზაიკოსი და დრამატურგი ნინია სადღობელაშვილი და პოეტი, პროზაიკოსი და მთარგმნელი გოჩა ოჩიგავა.
გოჩა ოჩიგავა პროექტის ფარგლებში დებიუტანტი იყო − „პარასკევის საღამოების“ აუდიტორიას ის პირველად შეხვდა. ავტორის პოეზია და პროზა გამოირჩეოდა აფხაზეთისადმი, ქალაქ გაგრისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ნოსტალგიით, რომელიც მისი მხატვრული ტექსტების ერთგვარი მთავარი ლაიტმოტივი იყო. საინტერესო ნიუანსი აღმოჩნდა ისიც, რომ გუშინდელი საღამო დაემთხვა გაგრის დაცემის თარიღს (1992 წლის 2 ოქტომბერი), რაც შეხვედრაზე არაერთხელ აღინიშნა.
ნინია სადღობელაშვილს ლიტერატურის მოყვარული ფართო საზოგადოება კარგად იცნობს. მისი გამორჩეული, შესანიშნავი პროზისა და პოეზიის არაერთი ნიმუში საღამოზე მოსულმა სტუმრებმა თავად ავტორისგან წაკითხული მოისმინეს.
ავტორების მიერ საკუთარი პოეზიისა და პროზის კითხვის გარდა, გუშინდელ საღამოს გოჩა ოჩიგავას ფერწერული ნამუშევრების ექსპოზიციაც ამშვენებდა