30 ოქტომბერს ლიტერატურული მარათონის „შემოდგომის არა-კი 2026“ მონაწილეები, მენტორები/ჟიურის წევრები და პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ზვრები, სადაც თავმოყრილია 500-ზე მეტი ქართული ენდემური ჯიშის ვაზის, ქართული ხორბლისა და აბრეშუმის პარკების უნიკალური ნიმუშები, მუზეუმი და იქ დაცული საინტერესო ექსპონატები.
მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში შედგა პირველი შეხვედრა, სადაც მარათონის მენტორებმა მონაწილეებს გააცნეს „შემოდგომის არა-კი 2026“-ის სამუშაო თემები:
თემა N1
თხზულების ლაიტმოტივი
„...სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება...“
თემა N2
ეპილოგი თხზულებისთვის
„...წუთის-სოფელი ასეა:
ღამე დღეს უთენებია.
რაც მტრობას დაუქცევია –
სიყვარულს უშენებია...“
თემა N3
თხზულების მთავარი გმირი
მარტოხელა ქალი, 3 შვილის დედა, 42 წლის.
ამავე დღეს 18:00-ზე მარათონმა სტარტი აიღო.
შეგახსენებთ, რომ მოცემული 3 თემიდან ერთ-ერთის არჩევის შემდეგ მარათონის მონაწილეებს აქვთ ზუსტად 48 საათი ორიგინალური პროზაული ნაწარმოების დასაწერად.
ლიტერატურული მარათონი „შემოდგომის არა-კი 2026“ 1 ნოემბერს 18:00-ზე დასრულდება.