ყვარელში სახალხო დღესასწაული ,,ილიაობა’’ 2026 გაიმართა, რომელიც ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189-ე წლისთავს მიეძღვნა.
დღესასწაულის ფარგლებში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა ილია ჭავჭავაძის ბარელიეფი და ძეგლი ყვავილებით შეამკეს. მღვდელმსახურებმა წმინდა ილია მართალს სულის მოსახსენებელი გადაუხადეს.
ღონისძიებების ძირითადი ნაწილი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ წიგნების, ფოტოების, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, გასცნობოდნენ ყვარლელი მეღვინეების პროდუქციას და დაეგემოვნებინათ ადგილობრივი კერძები, ფერმერთა ნაწარმი. ასევე გაიმართა ილუსტრაციების კონკურსი, კალიგრაფიის აქტივობები და ფოლკლორული კონცერტი.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ:
საზოგადოებას ილიაობა მიულოცეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, პარლამენტის წევრებმა – ირაკლი ქადაგიშვილმა და დავით მათიკაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძემ.