„ცოცხალი წიგნების“ შეხვედრა დმანისში

თარიღი : 07.11.2026

აიხან ქიაზიმოვი, აისუნი ქიაზიმოვა, საბინა ორუჯოვა, საბინა ისმაილოვა, ელენა ანახასიანი, ფარი ალიევა – ეს დმანისში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, დმანისის N2 საჯარო სკოლის უფროსკლასელები არიან, რომლებიც დღეს ქალაქის მთავარ ბიბლიოთეკაში „ცოცხალი წიგნების“ შეხვედრაზე მოვიდნენ და დიდი ინტერესით უსმინეს თანამედროვე ქართული ლიტერატურის ხმას.
მათი ქართულის მასწავლებლის, ქ. დმანისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგის და ქალაქის საბიბლიოთეკო სამსახურის დირექტორ ნანა აფრასიძის თქმით, ქვემო ქართლში, კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები მოკლებულნი არიან ყველანაირ ლიტერატურულ-შემოქმედებით პროცესებს. არადა აზერბაიჯანელ, სომეხ, ბერძენ და სხვა ეროვნების მოსწავლეებს ქართული მწერლობის, ლიტერატურის, წიგნის დიდი ინტერესი აქვთ. არ აკმაყოფილებთ მხოლოდ სახელმწიფო ენის ცოდნა და სასწავლო პროგრამა.
ეს გამოწვევა დაიძლევა რეგიონში არაფორმალური განათლების ცენტრების გახსნით, ხელოვნების, კულტურის, მწერლობის წარმომადგენელთა ვიზიტებით და ლექციებით – გვითხრეს ბიბლიოთეკაში.
შეხვედრა დმანისის მერიის კულტურის სამსახურთან კოორდინაციით შედგა და პროექტის განმავლობაში გამორჩეული და შთამბეჭდავი იყო.
ქვემო ქართლში, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მულტიკულტურულ და ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონში „ცოცხალი წიგნების“ საშემოდგომო ლიტერატურული მოგზაურობა ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება.