„ცოცხალმა წიგნებმა“ ქვემო ქართლის რეგიონში ლიტერატურული ტურნე წალკიდან დაიწყო

თარიღი : 03.11.2026

„ცოცხალმა წიგნებმა“ ქვემო ქართლის რეგიონში ლიტერატურული ტურნე წალკიდან დაიწყო.
ქვემო ქართლი ქართული წერილობითი კულტურისა და ორიგინალური მწერლობის აკვანია − სწორედ აქ შეიქმნა V საუკუნის ძეგლი „შუშანიკის წამება“ და აქ არის აღმოჩენილი უძველესი ქართული წარწერები. თანამედროვე მწერლების სტუმრობა ამ მიწაზე ცოცხალი სიტყვისა და წიგნის ისტორიულ სათავეებთან დაბრუნებაა.
დღეს, 3 ნოემბერს ავტორები − ეთერ თათარაიძე, ამირან არაბული, ქეთო სიხარულიძე და არჩილ ხომერიკი წალკის პირველ საჯარო სკოლაში შეხვდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს: პედაგოგებს, მოსწავლეებს, ახალგაზრდებს, ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს.
დარბაზიდან სტუმრებს ბევრი შეკითხვა დაუსვეს. განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა ფოლკლორისტისა და პოეტის, ეთერ თათარაიძის შემოქმედებამ, კერძოდ − მისმა წიგნმა „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“, რომელშიც დიდი ვაჟას შესახებ მისი ქალიშვილი, გულქან რაზიკაშვილი ფშაურ დიალექტზე უცნობ და საინტერესო ისტორიებს მოუთხრობს მკითხველს.
ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა ამირან არაბულის წიგნს „სულუქცევრად საკითხავი“, და ახალი თაობის ავტორის − ქეთო სიხარულიძის ლექსებს.
დღეს შედგა პროექტის მე-4 მონაწილის, არჩილ ხომერიკის დებიუტი − პირველი გამოსვლა მსმენელის წინაშე. არჩილმა წაიკითხა გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული საკუთარი მოთხრობა და სხვა ნაწარმოებები.
„ცოცხალი წიგნები“ ქვემო ქართლში კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ლიტერატურა არის უნივერსალური ენა, ლიტერატურა გვაერთიანებს!
ღონისძიება წალკის მერიის კულტურის სამსახურის, რესურსცენტრისა და პირველი საჯარო სკოლის დირექციის ორგანიზებით და ხელშეწყობით განხორციელდა.