„ცოცხალი წიგნების“ შემოდგომის ტური დასრულებულია

თარიღი : 12.11.2026

„ცოცხალი წიგნების“ შემოდგომის ტური დასრულებულია.
დღეს, 12 ნოემბერს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში პროექტის დასკვნითი შეხვედრები ჩატარდა.
ბოლნისის და მარნეულის მთავარ ბიბლიოთეკებში მწერლების − მარიამ წიკლაურის, ნინია სადღობელაშვილის, ქეთევან ბარჯაძისა და ბესო ხვედელიძის მოსასმენად ბევრი ადამიანი მოვიდა.
განსაკუთრებული ინტერესი მარნეულის მე-6 და სოფელ წერეთლის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გამოხატეს. ამ სკოლებში ბილინგვური სწავლების პრაქტიკაა დანერგილი, ეროვნული უმცირესობებისთვის სასკოლო ცოდნის ქართულად დაუფლებისა და ქართულ ლიტერატურასთან, კულტურასთან ზიარებისთვის.
ამ შეხვედრის აღმოჩენა გახდა მარნეულის მე-6 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი მოსწავლე, აზერბაიჯანელი თერანე ასკეროვა.
„ქართულ ენაზე ვწერ ლექსებს, ჩემი სიზმრებიც ქართულია“, − ასე გაგვეცნო თერანე. მასთან და ლიტერატურაზე შეყვარებულ მის თანატოლებთან „ცოცხალი წიგნები“ ახალ, შემოქმედებით ურთიერთობებს იწყებს.
მარნეული და ბოლნისი პროექტის 2026 წლის ლიტერატურული მოგზაურობის ბოლო „სადგურია“.
მომავალი სეზონებისთვის „ცოცხალ წიგნები“ არაერთი სიახლის განხორციელებას გეგმავს.